
სოხუმში სამშაბათს უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა ადგილობრივი ოპოზიციის აქციამ. ხალხის რაოდენობა არც ისე დიდი იყო, როგორც ელოდენენ, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქში შეჯავშნული საბრძოლო მანქანები გადაისროლა, ე.წ. სამთავრობო შენობების მისასვლელები საქალაქო და სასკოლო ავტობუსებით ჩახერგა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავზე კი სნაიპერები იყვნენ განლაგებული.
აქცია რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა და აფხაზური ოპოზიცია მისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. სოხუმის ქუჩებში გააკრეს შესაბამისი პლაკატები, რომლებსაც დე ფაქტო პოლიცია ხევდა. ამას გარდა, ზოგიერთი აფხაზური „ტელეგრამ" არხის ცნობით, აქციის წინა ღამეს დე ფაქტო პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება დაიწყო და საბოლოო ჯამში 25-მდე ადამიანი იყო დაპატიმრებული.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა, რომელმაც მათი აზრით, დაკისრებულ ამოცანებს თავი ვერ გაართვა. პარალელურ რეჟიმში იმართება მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი აქციაც.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციის აქციამ სამშაბათს მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა. აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადასცეს. მასში ოპოზიციის მოთხოვნები იყო ჩამოწერილი:
„1. საპრეზიდენტო რეფორმების საბჭოს შექმნა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეროვნული პრობლემების მოგვარების საგზაო რუქის შედგენაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში. საბჭოში უნდა შედიოდნენ სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები;
2. საქართველოსთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ განკარგულების გაუქმება;
3. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ მინისტრთა კაბინეტის დადგენილების გაუქმება.
4. რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შეთანხმების პარლამენტიდან გაწვევას.
5. საჯარო უარი პარლამენტში ბინების და აპარტამენტ-სასტუმროების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონპროექტის წარდგენის გეგმებზე.
6. კერძო კაპიტალის მიერ ენერგოსისტემის პრივატიზების გეგმებაზე საჯაროდ უარის თქმა.
7. საჯარო გარანტიები, რომ პარლამენტს არ გადაეგზავნოს რატიფიცირებისთვის აფხაზეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ საქმეებზე ერთმანეთის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარების შესახებ.
8. სოხუმის ქალაქთმშენებლობითი კოდექსის შემუშავების საექსპერტო კომისიის შექმნა."
ოპოზიციონერთა შეხვედრა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკმაოდ სწრაფად დასრულდა. უკან დაბრუნებულმა აქციის ლიდერებმა ხალხს განუცხადეს, რომ დე ფატო პრეზიდენტმა უარი თქვა მათი მოთხოვნების შესრულებაზე და ისინი პერმანენტულ აქციებს იწყებენ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" ეუბნება, რომ დღეს აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერები ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და თავის დროზე ისინიც იმ პოლიტიკას ატარებდნენ, რასაც დღევანდელი დე ფაქტო მთავრობა. ამიტომ ზაქარეიშვილი საზოგადოების დიდ აქტიურობას აქციებზე არ ელოდება და მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით, გარკვეული კონსენსუსის საფუძველზე მოგვარდება.
„აფხაზეთში დიდი ხანია მწვავე კრიზისია. რამდენად გადაიზრდება ეს შეუქცევად პროცესებში, ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ ვინც აპროტესტებს და ვინც აქციებს აწყობს, ისინიც დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები არიან. ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხედავს, რატომ უნდა მიჰყვეს ოპოზიციას, როცა ისინი თვითონვე ახორციელებდნენ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს
„მე მაინც მგონია, რომ ეს არ გადაიზრდება შეუქცევად პროცესებში და ალბათ დე ფაქტო მთავრობა არ გადადგება. შეიძლება რაღაც უფრო კოსმეტიკური ცვლილებები მოხდეს, მაგრამ არსებითად არაფერი არ შეიცვლება.
„შეიძლება, მაგალითად, საქართველო დათმონ, ანუ ქართულ მხარესთან, ლიბერალური ვაჭრობის გაუმჯობესებაზე დე ფაქტო ხელისუფლების გარკვეული გადაწყვეტილება იყო. შეიძლება ეს გააუქმონ და ამით დაიხუროს ამ აქციების თემა", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.