ნაზი ბერიძე
30.05.2023

ოთხშაბათს, 31 მაისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილი ევროპარლამენტში გამოვა სიტყვით და სხვადასხვა გარემოებების გამო, ამ გამოსვლას შესაძლოა განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, მმართველი პარტია შიშობს, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ღიად დაადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური კურსიდან გადახვევაში, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული ასეთ განცხადებას კი განსაკუთრებული ეფექტი ექნება.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე სტრასბურგში და სამშაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

„პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის" ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით თავად შარლ მიშელმა გაავრცელა განცხადება „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე.

„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ.

„საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია თქვენს გზაზე ევროკავშირის ოჯახისკენ", - წერს მიშელი.

დაპირისპირების ისტორია

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავის განცხადებებში პერიოდულად მიანიშნებდა, რომ არ იზიარებდა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას. რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ კი, მისი კრიტიკა უფრო მკვეთრი გახდა.

პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაძაბულობის პიკი კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა მმართველი გუნდის წარმომადგენლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მას სამთავრობო ლოჟიდან „მოღალატეც" კი დაუძახეს.

სკანდალი მოხდა 27 მაისსაც, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე. პრეზიდენტი მისთვის გამოყოფილ სკამზე არ დაჯდა და ფეხზე მდგომი ელოდა როდის გადასცემდნენ სიტყვას. თავის გამოსვლაში კი მან ხელისუფლება პროტოკოლის დარღვევის გამო გააკრიტიკა და პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტებამდე და მათ შემდეგაც „ოცნების" წარმომადგენლებიც თავის მხრივ აკრიტიკებდნენ პრეზიდენტს, საუბრობდნენ 31 მაისს დაგეგმილ გამოსვლაზე და იმედს გამოთქვამდნენ, რომ პრეზიდენტი ევროპარლამენტში არ გააკეთებდა ქვეყნისათვის დამაზიანებელ განცხადებას.

29 მაისს კი „ოცნებამ" საგანგებო განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, მმართველი პარტია ამიარიდან პოლემიკაში აღარ შევა პრეზიდენტთან. ანალიტიკოსთა ნაწილი და ოპოზიცია ამას სწორედ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას უკავშირებს.

„ქართული ოცნება"გავრცელებულ განცხადებაში თავის ვალდებულებაზე, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების დაუშვებლობასა და საზოგადოებაში პრეზიდენტ ზურაბიშვილი ლეგიტიმაციის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

დასასრულ, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება" მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეფასება და პროგნოზები

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მმართველ პარტიას, სავარაუდოდ, სერიოზულად აღელვებს, რომ პრეზიდენტმა ევროპარლამენტში კიდევ ერთხელ არ დაადანაშაულოს „ქართული ოცნება" პროდასავლური კურსიდან გადახვევის გამო, რადგან ამას უკვე სულ სხვა ეფექტი ექნება.

„ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას" რამდენიმე რამის გამო ეშინია და არ აწყობს, რომ ზურაბიშვილი აკეთებდეს ასეთ განცხადებებს, რასაც აკეთებს.

„ქართულ ოცნებას" არ აწყობს, როდესაც პრეზიდენტი, რომელიც, გვინდა თუ არ გვინდა, ცუდია თუ კარგია, მაინც სახელმწიფოს მეთაურია და ამხელს „ქართულ ოცნებას" საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება „ქართული ოცნების" პრესტიჟზე. ევროპარლამენტარები კი, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ.

„ქართული ოცნება" აცნობიერებს იმ ფაქტს და იცის, რომ პრეზიდენტთან და პროდასავლურ ძალებთან დებატებს ის წააგებს. პოლემიკაში რომ შევიდნენ პრეზიდენტთან, რომელსაც დღეს თითქოს პროგრესული პოზიცია უჭირავს, ხელისუფლება წააგებს. ხელისუფლებას სურს, რომ, ასე ვთქვათ, იგნორირება გაუკეთოს პრეზიდენტის სხვადასხვა პოზიციას და გარკვეულწილად პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლით არ გაუწიოს ზედმეტი რეკლამირება პრეზიდენტს. „ქართულ ოცნებას" თითქოს სურს აჩვენოს, რომ პრეზიდენტი მათი დონის არ არის და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას სიფრთხილეს უწოდებს და მიაჩნია, რომ ეს დიდი ხანია უნდა გაკეთებულიყო.

„მე მეჩვენება, რომ სიტყვა „შიში" ცოტა დაკნინების გამო ნახმარი ტერმინია - ოპოზიციამ შეაფასა, რომ ეშინიაო. უფრო ადეკვატური მგონია, რომ გამოვიყენოთ სიტყვა „სიფრთხილე" და მემგონი ხელისუფლებისთვის პლუსია სიფრთხილე და არა მინუსი იმ დროს, როდესაც ვიღაცები ჩასაფრებულები არიან უცხოეთშიც და საქართველოშიც.

„სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გაიმეოროს პრეზიდენტმა, ვთქვათ, ის, რაც 26 მაისს მოხდა. ზოგადად ეს ტენდენცია პრეზიდენტის მიმართ წესით დიდი ხნით ადრე უნდა გაჩენილიყო. როდემდე შეიძლება მამლაყინწობდეს ხელისუფლების ორი შტო და ერთმანეთს ეჯიბრებოდეს?! დიდი ხნით ადრე უნდა გაჩენილიყო და სჯობს გვიან ვიდრე არასდროს", -განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×