
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამშაბათს ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმს (GLOBSEC) დაესწრო და ფორუმის ფარგლებში თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოსა და ევროკავშირის, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები და ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ რეკომენდაციებსა და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე საუბარს.
ირაკლი ღარიბაშვილი შეფასებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და თუ ამა წლის ბოლოს არ მიიღებს, ეს დიდი შეცდომა იქნება.
„უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით სარგებლობენ, საქართველოს არ მიეცა ეს სტატუსი. როგორც განვმარტეთ ბევრჯერ, ეს იყო ბონუსი იმ ქვეყნებისთვის - მოლდოვისა და უკრაინისთვის. ძალიან გვიხარია მათი სახელით. როგორ ფიქრობთ, საქართველოს რატომ არ მიეცა? ჰკითხეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მგონი, ეს იყო უსამართლო, ეს იყო ნამდვილად დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი.
„მაგალითად, რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ე.ი ჩვენ, ევროპელები ვტოვებთ საქართველოს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას ორჯერ, სამჯერ სჯობს. თუ დამსახურებაზეა საუბარი, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ მუშაობის საფუძველზე. საქართველო იყო და კვლავ არის ორჯერ, სამჯერ წინ, ვიდრე ის ორი ქვეყანა. ამ „ასოცირების ტრიოზე" მაქვს საუბარი.
არც არგუმენტები, არც განმარტება არ გაგვაჩნია. მოლდოვასაც და უკრაინასაც მისცეს ეს 12 პრიორიტეტი, მაგრამ სტატუსი წინასწარ მიანიჭეს. ეს არის განსხვავება, არ გვესმის, რატომ? ჩვენ მარტო ის გვითხრეს, რომ უკრაინა ომშიაო. ჩვენც ვიყავით ომში 2008 წელს, 20% კვლავ არის ოკუპირებული, ამიტომ სად არის განსხვავება? მოლდოვა რთულ სიტუაციაში არისო. ამიტომ რაციონალური ნიშანი აქ არ არის. საქართველო თუ ვერ მიიღებს ამ სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება დიდი შეცდომა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართეს, რა მოკლევადიან ნაბიჯებს დგამს საქართველო, რათა რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებად დამოკიდებული იყოს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი ბაზრების მოპოვებას დრო სჭირდება.
„ევროკავშირი, მაგალითად, ვისთანაც მე პირადად, მქონდა პატივი, მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში. ამას დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები დავინახოთ, ახალი ბაზრები მოვიპოვოთ. მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, როგორც უკვე ვახსენე, ვეძებთ ახალ ვარიანტებს, ალტერნატივებს და ა.შ.,"- აღნიშნა პრემიერმა.
რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, ეს აღიარა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და ევროკავშირის უწყებებმაც, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სხვა საკითხია.
„საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან ერთ მილიარდზე ნაკლებია. ევროკავშირი გასულ წელს ერთ მილიარდ ევროს ყოველდღე უხდიდა რუსეთს. ანუ, რუსეთმა ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო გასულ წელს და საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა წელიწადში მარტო ერთი მილიარდია. ანუ, ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში ჩვენი გავლენა იქნებოდა 0,3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ჩემი აზრი არის ასეთი: ჩვენ სრულად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სხვა რაღაც არის. ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები, შეერთებული შტატებიც ასევე, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ განაწყენებული ვიყავით, რომ დასავლეთში სერიოზულად არავინ მიიღო 2008 წლის ომი. ესეც არის მიზეზი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ქვეყანას ამ მხრივ შთამბეჭდავი წინსვლა აქვს.
„სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რიცხვი იყო ათასობით. წელს 150 საქმე გაიგზავნა სტრასბურგში და სასამართლო სისტემისადმი ნდობა არის ევროპული საშუალო დონის ზემოთ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა და უზრუნველყო ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.
„2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა. ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ-იანი რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკებისა და გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობას. თანამედროვე ისტორიაში, როცა 90-იან წლებში დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ჩემი და ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. სხვა მთავრობების პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი, ესკალაცია და კონფლიქტი. ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს. თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, გაგვაჩნია უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ. მგონი, საოცრებაა, ეს კარგი გამოცდილებაა, კარგი მაგალითია. ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს. ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ პატარა ქვეყანა. პატარა ქვეყანა ვართ, არც ნატო-ს წევრი არ ვართ, თუმცა გვინდა, ვიყოთ ნატო-ს წევრი. არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ ამ რთულ სიტუაციაში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას კი პრემიერმა განაცხადა, რომ ამის საუკეთესო გზა წლის ბოლოს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.
„თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მაშინ მოგვანიჭეთ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ კითხვაზე პასუხისას.