
„იმედი მაქვს, შორს არ არის ის დღე, როდესაც სამხრეთ ოსეთის რიგი დადგება", - ამის შესახებ რუსულ „რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში ეგრედ წოდებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით.
ალან გაგლოევმა თავის გამოსვლაში რუსეთს სამხრეთ ოსეთის მთავარ მოკავშირე უწოდა. მან აღნიშნა რომ არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ რუსეთის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობა დაამყარა.
სამხრეთ ოსეთი რესპუბლიკაა, რომელმაც სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას.
გაგლოევის თქმით, ხალხის სურვილი გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა.
თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" რუსეთის ამგვარი პოლიტიკური კურსს არ პროგნოზირებს, იმიტომ, რომ საქართველოსთან რუსეთს დაპირისპირება არ სურს და არც იმ გავლენების დაკარგვა, რაც აქვს სამხრეთ კავკასიაზე.
ამასთან, ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის ომის შედეგებზე. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის აფექტური და მოულოდნელი გადაწყვეტილების მქონე დიპლომატი.
„მე მგონი რომ ბევრი რამ დამოკიდებულია არა ჩვენს რეგიონზე, არამედ მსოფლიო საერთაშორისო წესრიგის საკითხებში როგორ გადაწყდება და როგორ დამთავრდება უკრაინაში ომი.
„თუ უკრაინამ გაიმარჯვა, მაშინ არა მგონია ეს სცენარი რეალური იყოს. იმიტომ რომ ამ ომში დამარცხებულ რუსეთს არა მგონია ამის თავი ჰქონდეს დასავლეთს დაუპირისპირდეს, მითუმეტეს თუ რუსეთში მოხდა რეჟიმის ცვლილება ან სხვა ხელისუფლება მოვიდა. იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა რუსეთისთვის შეიძლება შემობრუნდეს ბუმერანგივით.
„მეორეც, თუ, ვთქვათ ამ ნაბიჯს გადადგამენ, მაშინ უნდა ჩაითვალოს რომ ის საქართველოს მთლიანად კარგავს და მათ შორის სამხრეთ კავკასიასაც. თუ ცხინვალის რეგიონის შეერთება მოხდება, მაშინ სალაპარაკო უკვე აღარაფერი აღარ დარჩება დანარჩენ საქართველოსა და რუსეთს შორის. ისედაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ის პრორუსული ჯგუფებიც კი, რომლებიც დღეს ცდილობენ რუსეთთან დაახლოებას, იმათაც კი რუსეთთან ყოველგვარი დაახლოების საფუძველი გამოეცლებათ. სწორედ ამის გამო არ გადადგა რუსეთმა ეს ნაბიჯი, თუმცა, მას შეეძლო ამის გაკეთება.
„რუსეთისთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოზე მხოლოდ ზეგავლენის მოხდენის ინსტრუმენტი და თუ ეს ზეგავლენის მექანიზმი დაკარგეს, მაშინ ბუნებრივია ის სამუდამოდ აფუჭებს ურთიერთობას საქართველოსთან, რაც მის ინტერესებში არ შედის.
„იმიტომ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ არის ის, რომ რუსეთს გავლენა მოეპოვებინა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე. მათ შორის ჰქონოდა ენერგოდერეფნები, რომელიც მიდის ცენტრალურ აზიაში და ა.შ. მისი მიზანი არ იყო გავლენა მოეპოვებინა ცხინვალის რეგიონზე, ამიტომ რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომაც არის რომ რუსეთი აქამდე თავს იკავებს ამ ნაბიჯისგან.
„ასეთი განცხადებები ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია. რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი - დღეს რუსეთს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც პროგნოზირებადი არ არის. ვერავინ ვერ იტყვის პუტინი რა ნაბიჯს გადადგამს ხვალ. ხვალ შეიძლება ყაზახეთსაც შეუტიოს. იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ, ახლა იმ ფონზე, როდესაც რუსეთს აქვს ჯერ კიდევ ილუზია, რომ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, არა მგონია ეს ნაბიჯი გადადგას ახლო მომავალში" - უთხრა „რეზონანსს" კორნელი კაკაჩიამ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" განმარტავს რომ მსგავსი ნარატივი დეფაქტო მმართველებისგან არის რეგულარული, რადგან ისინი აიმედებენ მოსახლეობას რომელსაც სურს რუსეთთან გაერთიანება. თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს რომ რუსეთს ამ ეტაპზე მსგავსი პოლიტიკის გატარება არ სურს და არ აწყობს.
„ამ წუთში რუსეთს სჭირდება საქართველოსთან კარგი ურთიერთობები, და მე არა მგონია რომ უახლოეს ერთ ორ წელიწადში ეს მოხდეს.
„ახლა კი არ ლაპარაკობენ, მუდმივად ლაპარაკობენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უნდა რუსეთთან გაერთიანება განსხვავებით აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისაგან. ამიტომ დეფაქტო მმართველები რეგულარულად ანუგეშებენ და ასულდგმულებენ ცხინვალში მცხოვრებ მოსახლეობას რომ ადრე თუ გვიან რუსეთთან ჩვენი გაერთიანება მოხდება.
„სწორედ ახლა, როდესაც გაგლოევი ხდებოდა დეფაქტო პრეზიდენტი, მან გააუქმა მისი წინამორბედის, ბიბილოვის მიერ დანიშნული რეფერენდუმი, სადაც უნდა ეკითხათ მოსახლეობისთვის უნდათ თუ არა მათ რუსეთთან შეერთება მაგრამ უცნაურია რომ გაგლოევი ახლა ერთი მხრივ ამას ამბობს.
„აშკარად, რეფერენდუმის გაუქმება გულისხმობდა იმას, რომ მან მიიღო მოსკოვისგან შეტყობინება, რომ ახლა არ არის ამის დრო, საქართველო გავაღიზიანოთ. ესე იგი არამარტო საქართველო მუშაობს რუსების ორგანიზების პოლიტიკით" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.