
31 მაისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს, ორი დღით ადრე კი, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის ინსტიტუტიის დაკნინებას ხელი არ შეეწყოს და პოლიტიკური კონფრონტაცია არ გაღრმავდეს. ეს კი ოპოზიციამ თავის მხრივ გააკრიტიკა.
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისის პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც „ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა, ანალიტიკოსთა ნაწილს კი ეს გარემოება უტოვებს განცდას, რომ ზურაბიშვილს ევროპარლამენტშიც იგივე ინტონაციები ექნება, თუმცა, ნაკლებად ემოციური.
რაც შეეხება „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სიტუაცია არაპროგნოიზირებადია - თუკი დასავლეთიდან ზეწოლა იქნება, შესაძლოა ნაბიჯი გადადგას გვარამიასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სააკაშვილს, აქ როგორც ექსპსერტები ამბობენ, პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია და დიდი ალბათობით ამ ხაზს შეინარჩუნებს.
როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას".
როგორც „ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან, განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.
„უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი.
„მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე.
„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება" მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს",- აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ოცნებამ" „ეშმაკური ნაბიჯი გადადგა" და შერიგების ტონი შეარჩია, რაც ზურაბიშვილის ბრიუსელში გამოსვლითაა განპირობებული, რომ „ეშინიათ, კიდევ არ ამხილოს, როგორც 26 მაისს". მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" ასევე ეშინია, ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას არ შეიწყალოს.
„თუ ამას გააკეთებს, ძალიან ძლიერი ნაბიჯი იქნება, თუ არ გააკეთებს, მიხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. "ქართული ოცნების" მხრიდან ეს არის ერთდღიანი ფარისევლობა და მალე ვნახავთ, როგორ გაგრძელდება თავდასხმები როგორც ოპოზიციაზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, რადგან უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ზურაბიშვილმა პირწმინდად მოუგო მეორე რაუნდი "ქართულ ოცნებას".
„პირველ რაუნდში "ქართულმა ოცნებამ" ტერორის ქვეშ მოაქცია პრეზიდენტი და ის იყო ფაქტობრივად უუფლებო, ხელფეხშეკრული, მას ამ პერიოდის განმავლობაში, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ახლა გამოცოცხლდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები," - განაცხადა გოცირიძემ.
რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება" ვინმეს აშინებდეს? - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პრეზიდენტის დაშინების მცდელობა მმართველი გუნდის მხრიდან?
კალაძის თქმით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი არ შედის პრეზიდენტთან პოლემიკაში და უფრთხილდება პრეზიდენტის ინსტიტუტს.
„არ ვაპირებ შევიდე პრეზიდენტთან პოლემიკაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები პრეზიდენტის ინსტიტუტს.
ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გათვითცნობიერებული.
„რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება" ვინმეს აშინებდეს. ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს", - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, შესაძლოა თავად ზურაბიშვილმაც არ იცოდეს ბრიუსელში გამოსვლა როგორი იქნება და მთლიანად იმ ემოციებზე იქნას აგებული, რაც გამოსვლის მომენტში განწყობა უკარნახებს.
„ზუსტადაც თავად ზურაბიშვილმაც არ იცის მისი გამოსვლა როგორი იქნება, ემოციების და განწყობილებების ადამიანია და იმ დღეს მისი განწყობილება რას უკარნახებს, ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული",-განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, „ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება უფრო სიფრთხილითაა განპირობებული.
„რაც შეეხება იმას, არის თუ არა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება შიშით განპირობებული, სიტყვა შიში აღებულია, როგორც „ოცნების" გასამტყუნარი ტერმინი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს განცხადება სიფრთხილითაა ნაკარნახევი და ამ სიფრთხილეს მივესალმები. ის კი არა, მთავრობას ვამტყუნებ, რომ ანალოგიური ნაბიჯები აქამდე არ გადადგეს, შეიძლება პრეზიდენტის მიმართ უფრო მკვეთრი პოზიტიური ნიშნისშემცვველი.
„თუ არ ვცდები პაპუაშვილმა თქვა, რომ იმედი ვიქონიოთო, რომ ზურაბიშვილის ეს გამოსვლა კანდიდატობის საკითხზე არ იმოქმედებსო. ესე იგი „ოცნებისთვის" მეტ-ნაკლებად ზურაბიშვილის გამონათქვამები და კანდიდატობის საკითხი ერთმანეთს უკავშირდება და ბუნებრივია, რადგან პრეზიდენტი იმ რანგის თანამდებობის პირია, რომლის თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„თუ კონკრეტული ვიზიტის გარეშე, „ოცნების" ამ განცხადებას ზოგადად შევაფასებთ, ამ შემთხვევაშიც, ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ნაბიჯს მივესალმები, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, „ქართული ოცნება" თუ პრეზიდენტი, რადგან ამ ორ შტოს შორის დაპირისპირება ნამდვილად კარგად არ გამოიყურება.
„ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ბუნებრივია ეჭვი ტრიალებს, რომ პრეზიდენტს გვარამიასთან ისეთი მძაფრი ურთიერთობა არ ჰქონია, როგორც სააკაშვილთან, მაგრამ, მეორეს მხრივ იმას თუ გავიხსენებთ, რომ სამაგიეროდ გვარამიას ამავე პრეზიდენტზე საკმაოდ კრიტიკული გამოსვლები ჰქონდა, შესაძლოა ეს ადამიანური ფაქტორი გარკვეულ როლს თამაშობდეს.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ფაქტორს, არ ვიცი ზუსტად რომელი აღმოჩნდება უფრო ბეჯითი გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნაში - ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რომ თუკი დასავლეთის მნიშვნელოვანი წრეები მოითხოვენ, შეიძლება პრეზიდენტმა გვარამიას საკითხში თავის პოზიცია დათმოს.
„26 მაისის გამოსვლაზედაც იმის განცდა მაქვს, რომ ეს უფრო ემოციებით იყო ნაკარნახევი, ემოციებს სჩვევიათ, რომ ერთხელ, რომ „ვულკანი" ამოიფრქვევა, მერე ჩაწყნარდება ხოლმე და ამიტომ შესაძლოა რაღაც ინტონაციები იგივე განმეორდეს, მაგრამ მეეჭვება, რომ ისეთივე სიმძაფრის იყოს, როგორიც 26 მაისს ვნახეთ",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქზე" წერს, 31 მაისს ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისგან რაიმე პოზიტიურს არ ელოდება და „ის რაც ევროპის გასაგონად თქვა 26 მაისს, ფაქტიურად იყო ბრიუსელში გამოსვლის რეპეტიცია".
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს,აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური მიწვევა 27 აპრილს მიიღო, 19 მაისს კი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „პრეზიდენტს ბრიუსელში წასვლის განაცხადი დაუკმაყოფილდება".