ელზა პაპოშვილი
29.05.2023

უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები კვლავ გრძელდება. რუსეთმა ამჯერად მასიური საჰაერო თავდასხმები კიევის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებზე მიიტანა. რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დაარტყეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 ირანული ე.წ. „კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს.   

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკოვი ამბობს, რომ კიევზე თავდასხმა დაუშვებელია და ოკუპანტები ყოველთვის შესაბამის პასუხს მიიღებენ.  

"წინასწარი ინფორმაციით, მტერმა Shahed-ები გამოიყენა. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმასთან ერთად, მტრის TU-95MS-მა კასპიის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, სავარაუდოდ, Kh-101/555 ტიპის. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს. კიევზე თავდასხმა დაუშვებელია!"- აღნიშნა პოპკომ.

ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.    

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას, ფრონტზე წინა თვეებთან შედარებით სიმშვიდეა. დღის განმავლობაში რუსებმა მხოლოდ 19 შეტევა განახორციელა, მაგრამ უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეიცვალა.  

უწყების ცნობით, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, რუსები შეტევაზე გადავიდნენ შახტიორსკის მიმართულებით - ველიკა-ნოვოსელკას მიდამოში, რომელიც უჰლედარის დასავლეთით მდებარეობს.

„შეტევები გრძელდება კუპიანსკის მიმართულებით, რომელიც ასევე ბოლო დღეებში გაძლიერდა. იქ მტერი წარუმატებლად ცდილობდა წინსვლას მასიუტოვკას რაიონში“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულება კვლავ ცხელ წერტილად რჩება, სადაც რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ორეხოვო-ვასილევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით და ივანოვსკის მიმართულებით. რთული ვითარება იყო მარინკას ტერიტორიაზე, სადაც, უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 12 შეტევა მოიგერიეს.

„უჩვეულო სიმშვიდე იყო ავდიივკას მიმართულებით. გუშინ, ერთ წელზე მეტი ხნის უწყვეტი ბრძოლის შემდეგ პირველად, მტერს ფრონტის ამ სექტორზე შეტევა არ განუხორციელებია. სიმშვიდე დაფიქსირდა ლიმანის მიმართულებითაც“, - აცხადებენ გენშტაბში.  

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სირსკის განცხადებით, ის იმ ქვედანაყოფების მეთაურებს შეხვდა, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ დავალებებს.

„ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ფრონტზე არსებული ვითარება. აღვნიშნე, რომ მალე მოვა დრო, როცა გადავალთ აქტიურ შეტევით მოქმედებებზე და განვსაზღვრეთ კონკრეტული ამოცანები მათთვის მოსამზადებლად“, - აღნიშნა სირსკიმ.

ამასთან, მან ლიმანის მიმართულებით ის ტერიტორიები დაასახელა, სადაც უკრაინელები მტრის შეტევას იგერიებენ.

”ჩვენი ქვედანაყოფები სტაბილურად აგრძელებენ დაკავებული საზღვრებისა და პოზიციების შენარჩუნებას, იგერიებენ მტრის ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ბელოგოროვკის, სპორნოეს, ნოვოსელოვკის, ტორსკის მიდამოებში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მტრის პერსონალს და აღჭურვილობას”, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა.    

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიდეო მთავარსარდლის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან.

„დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია“, - აცხადებს ზალუჟნი.

უკრაინული მედია წერს, რომ შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, ზალუჟნის ეს განცხადება შესაძლოა მის დასაწყისს მიანიშნებდეს.     

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა უკრაინის ფრონტის ხაზზე ორი ლოკალური მიმართულებაა. ეს არის აღმოსავლეთი და სამხრეთი. ამ ორიდან სავარაუდოდ, უკრაინისთვის შეტევა ყველაზე მარტივი სამხრეთის მიმართულებაზე უნდა იყოს. 

„აღმოსავლეთში ბრძოლის ხაზი ძალიან მჭიდროა, მხოლოდ მანევრირების საშუალებაა, და მეორე, სამხრეთის, სადაც რუსეთი “ყრუ თავდაცვაშია”, რაშიც მდინარე დნიპრო უწყობს ხელს. ამიტომ დიდი ალბათობით არსებობს მოლოდინი, რომ თავდასხმა უკრაინელების მხრიდან სამხრეთ ფორნტზე იქნება. უკრაინის  მხრიდან კონტრშეტევა ყველა მიმართულებით ნელი და თანამიმდევრული იქნება, შემდეგ ტემპს მოუმატებს და ისეთ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, როგორიც ბელგოროდია. 

„ეს სტრატეგია იმიტომ არის არჩეული, რომ რუსეთის სუსტი მხარეების გამოჩენა მოხდეს, რათა შემდეგ ზუსტად ამ მიმართულებაზე დიდი დაწოლა დაიწყონ. რუსეთს  პრიორიტეტების დათმობა ანუ ძალების გადანაწილება და არჩევანის გაკეთება საჭიროების მიხედვით მოუწევს. 

„ამით მათ მოუწევთ იმაზე ჩამოყალიბება რომელი მხარის დაცვა უფრო  პრიორიტეტულია. ბელგოროდის დაცვა უფრო მნიშვნელოვანი იქნება თუ რომელიმე ოკუპირებული რაიონის. რუსებმა ერთდროულად ამხელა გაშლილ ფრონტის ხაზზე ყველაფერი შეინარჩუნონ აღარ გამოუვათ. მათ ამის საკმარისი ძალა არა აქვთ. 

„ბელგოროდზე შეტევები შეიძლება რეპეტიციაც არის, რათა მსგავს შემთხვევაში როგორ იმოქმედებენ თუნდაც ყირიმსა და სხვა ოლქებში. უკრაინელები ამ განცხადებებით ქმნიან განცდას, რომ ყველაფერს მალე დაასრულებენ, მაგრამ ასე არ არის. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იარაღის და სამხედრო ტექნიკის დამარაგება მოახერხონ. უკრაინელებმა წინა წელთან და თვეებთან შედარებით, ომი კიდევ უფრო კარგად შეისწავლეს. უფრო ბრძოლისუნარიანები გახდნენ და ყოველი ახალი ამოცანისთვის უკეთესად ემზადებიან. ამიტომაც არის, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით შეტევის დაწყებას ციდლობენ“,-ამბობს ბერიძე 

მისივე თქმით, ერთადერთი „ვაგნერი“ იყო, რომელიც შეტევით ოპერაციებს ატარებდა, არც ადამიანურ რესურსს ზოგავდნენ და არც სამხედროს, თუმცა ახლა ისინიც გასვლას აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები მთლიანად თავდაცვით პოზიციებზე გადავლენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×