„თურქეთმა ამ არჩევნებით დაანახა, რომ ის არის დემოკრატიული წამყვანი სახელმწიფო ისლამურ სამყაროში“
თამთა ჩაჩანიძე
29.05.2023

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ თურქეთის პრეზიდენტია. არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, მან ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ მცირე სხვაობით დაამარცხა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ერდოღანის წარმატებაცაა და წარუმატებლობაც, რადგან თურქეთი იდეოლოგიურად ასე ორად გაყოფილი არასდროს ყოფილა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ერდოღანისთვის ეს გამარჯვება დიდი გამოწვევაა და ელექტორატის ოპოზიციურად განწყობილ მნიშვნელოვან ნაწილს ანგარიში უნდა გაუწიოს, რომელიც ევროკავშირისკენ სწრაფვას ითვალისწინებს. ეს კი ანალიტიკოსთა აზრით, საქართველოსთვის კარგია და მის გევრდით უნდა იდგეს, რადგან „რუსეთი თურქეთს აშკარად ანგარიშს უწევს".

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა აჰმედ იენერმა ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნების შედეგები და განაცხადა, რომ პრეზიდენტად ერდოღანი ხმების 52.14%-ით აირჩიეს. ამ შედეგების მიხედვით, ის კიდევ ხუთი წლით ხდება ქვეყნის პრეზიდენტი.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა. უბნები 17:00 საათზე დაიხურა. მასში 14 მაისის არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იღებდნენ მონაწილეობას.

„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის" - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და დასძინა, რომ "ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი".

"ნახვამდის, ქემალ",- განაცხადა ერდოღანმა მხარდამჭერებთან, მის კონკურენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს მისამართით.

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, იგი "ნამდვილ დემოკრატიამდე" გააგრძელებს ბრძოლას.

"ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა... ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს... ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არასამართლიანი არჩევნების პერიოდია... შიშის კლიმატის წინაშე თავს არ ვხრით", - განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.

ერდოღანს მსოლიო ლიდერებმა გამარჯვება მიულოცეს, მათ შორის მილოცვები იყო საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ერთობლივ მუშაობას, როგორც ნატო-ს მოკავშირეები, ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე", - დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე".

როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან აცხადებს, ეს არჩევნები ერდოღანისთვის წარმატების მომტანიც იყო და წარუმატებლობისაც, რადგან პროცესი დიდი კონკურენციის პირობებში იყო და აღმოჩნდა, რომ თურქულ საზოგადოებაში სერიოზული ღირებულებებითი დაპირისპირებაა.

„როგორც არ უნდა შევხედოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ერდოღანის წარმატებაც აშკარაა და წარუმატებლობაც, რადგან ერი ასე გაყოფილი არ ყოფილა. ეს სახუმარო არაა 60 მილიონზე მეტი ადამიანია, ერთი ნაწილი პროევროპელია, მეორე კი მკაფიოდ გამოკვეთილი ისლამური მხარე.

„ეს სერიოზული ღირებულებითი დაპირისპირებაა, ამიტომ ერდოღანისთვის დიდი გამოწვევაა და მან რეალურად დაინახა თუ მისი იდეოლოგია რამდენ ადამიანს არ უნდა. ეს ადამიანები განათლებულები და პროევროპელები არიან, დემოკრატია უნდათ და ევროპისკენ სვლა და რა თქმა უნდა ეს სერიოზული განაცხადია.

„ერდოღანმა ამ ხალხს რაღაც უნდა შესთავაზოს და ანგარიში გაუწიოს. მისი პოლიტიკა უახლოესი ხუთი წელი იქნება, ალბათ მისი ბოლო არჩევნებია და ისეთი თურქეთი უნდა დატოვოს, რომ ეს გაყოფა-გახლეჩვა „შეაწებოს" და ერთ ერად ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ თურქეთში დემოკრატიაა და მართლაც ასეა. არავის ამ არჩევნების არადემოკრატიულობაზე ეჭვი არ შეჰპარვია, წაგებული მხარეც მსგავს რამეს არ ამბობს. ერდოღანის ინტერესებში ის იყო, რომ მისი ლეიტიმაცია გარანტირებული ყოფილიყო, თუნდაც დიდი კონკურენციის პირობებში. ეს მცირედი სხვაობა რა თქმა უნდა დემოკრატიის შედეგია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ერდოღანი საქართველოსთან მიმართებაში, რეგიონალური და მსოფლიო თვალსაზრისით, ახლაც იგივე პოლიტიკას გაატარებს, რაც ჰქონდა.

„რაც შეეხება რეგიონთან ურთიერთობებს, ის რუსეთთან თავის ფრთხილ პოლიტიკას გააგრძელებს, ამით შეეცდება რომ შეავიწროვოს. ერდოღანი და ალიევი რუსეთთან ცალსახად ფრთხილ პოლიტიკას ატარებენ, მისი შესუსტების მიზნით. საქართველომ უნდა დაიჯეროს, რომ ის რეგიონში მარტო არაა, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ფლირტი არ შეიძლება, როცა გვერდით უძლიერესი ნატოს წევრი სახელმწიფო გვყავს.

„თურქეთი რეგიონში გავლენების გაზრდითაა დაინტერესებული, როგორც ნატოს წევრი სახემწლიფო, ის აზერბაიჯანს ეხმარება, რუსეთი კი იძულებულია ბაქოს ანგარიში გაუწიოს. ანკარა უკრაინას იარაღითაც კი ეხმარება, მიუხედავად ამისა, რუსეთი თურქეთს ვერაფერს ვერ უბედავს, ჩადის ანკარაში და მარცვლეულზე მოლაპარაკებებს იქ ატარებენ.

„რუსეთი თურქეთს აშკარად ანგარიშს უწევს და ჩვენ ამას არ ვიყენებთ. რაკი ერდოღანმა ლეგიტიმაცია ხელახლა შეიძინა, ღარიბაშვილი ანკარაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავიდეს და უნდა დაელაპარაკოს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეა და მზად არის თუ არა თურქეთი, რომ თავისი დიპლომატიური და პილიტიკური კონტესტით, ანგარიშგასაწევი მხარდამჭერი გახდეს რუსეთის შესაძლო ზეწოლის წინააღმდეგ?! ამას არ ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც დავაღებთ პირს და ვიტირებთ, რომ ჩვენ მარტო ვართ, მაგრამ მარტო არ ვართ და კეთლი ვინებოთ და ამ სიძლიერის დავიჯეროთ.

„რუსეთისგან განსხვავებით, თურქეთს ჩვენი არცერთი გოჯი მიწა არ უნდა. ახლა „ქართული ოცნება" მაინც უნდა მიხვდეს რამდენად იტყუება, როცა ამბობს, რომ მარტოა. კი ბატონო, პოლიტიკა ფრთხილი უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა „ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნებიდან გამომდინარე.

„თურქეთი შეეცდება, რომ არაბულ სამყაროში გაძლიერდეს. ჩვენ მხოლოდ „ოცნებისა" და ენმ-ს დაპირისპირებას ვუყურებთ და ჩვენს გარშემო ისეთი რამ ხდება, რაც ასი წელი არ მომხდარა.

„ამ ფონზე თურქეთი შეეცდება, რომ ისლამურ სამყაროში ლიდერის პოზიცია გაიმყაროს, დემოკრატიული არჩევნები ევროპულ ქვეყნებშიც კი არ ტარდება, შესაბამისად, თურქეთმა ამ არჩევნებით დაანახა, რომ ის არის დემოკრატიული წამყვანი სახელმწიფო ისლამურ სამყაროში. ეს კი ჩვენი მეზობელია, კეთილი უნდა ვინებოთ და ეს სიკეთეები გამოვიყენოთ რუსეთის საპირწონედ.

„ერდოღანმა თურქულ საზოგადოების მეორე მხარეს (ვინც ხმა არ მისცა), ანგარიში უნდა გაუწიოს და ევროკავშირთან დიალოგი განაახლოს, ეს ჩვენც გვაწყობს. მას უნიკალური შანსი აქვს, ერთი ხელით ევროპასთან ჰქონდეს მოლაპარაკებები, მეორე ხელით კი, ისლამურ სამყაროში გავლენიანი ფიგურა იყოს და ამით ევროკავშირის ელჩი გახდეს ისლამურ სამყაროში, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერდოღანის გამარჯვების მთავარი განმაპირობებელი რეგიონებში „მისი აგიტაცია და პროპაგანდაა". მისი თქმით, ერდოღანი კვლავ იგივე პოლიტიკას გაატარებს, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

„ერდოღანის გამარჯვების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მისმა აგიტაცია-პროპაგანდამ იმუშავა, განსაკუთრებით რეგიონებში. ადმინისტრაციული რესურსისა და მოსახლეობის დარწმუნება რეგიონებში უფრო ადვილია. თუმცა, დიდ ქალაქებში ქილიჩდაროღლუ ლიდერობდა და რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა.

„მგონია, რომ კონკურენცია ერდოღანის პოლიტიკას რაღაც წილად შეცვლის, რადგან მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი ძალიან გაზრდილია. 2017 წლიდან რეფერენდიუმის შედეგად თურქეთი წმინდა საპრეზიდენტო რესპუბლიკად გამოცხადდა.

„ფაქტია, რომ ახლა თურქული საზოგადოება ორადაა გაყოფილი და პროევროპულად მოაზროვნე ნაწილი ერდოღანს მხარს არ უჭერს, ამას ეკონომიკური პრობლემებიც ემატება. ვფიქრობ, რომ ერდოღანი მაინც თავის პოლიტიკას გაატარებს და ამ საზოგადოებას ანგარიშს არ გაუწევს, მაგრამ ასეთ ვარიანტში არაა გამორიცხული, რომ ამ საზოგადოებისგან გამოსვლები მოჰყვეს.

„საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ყველა ვარიანტში ისევ იმ ფორმატში გაგრძელდება, რადან გეგმაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა. თურქეთი საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მსგავს პოლიტიკას გააგრძელებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×