
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს მაქსიმალურად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან დისტანცირებულია და მათ გადაწყვეტილებებს არ იზიარებს. ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით აგორებულ რამდენიმე სკანდალს. ყოველივე ამის ფონზე კი კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თუ რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლმენტში გამოსვლისას და შეიწყალებს თუ არა მანამდე ნიკა გვარამიას.
პრეზიდენტმა 26 მაისს, თავისულების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება. აღსანიშნავია, რომ მისი გამოსვლის პარალელურად სამთავრობო ლოჟიდან თავად პრეზიდენტის მიასამართითაც ისმოდა კრიტიკული შეძახილები.
იმავე საღამოს პრეზიდენტი არ მივიდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდაზე გამართულ საზეიმო მიღებაზე, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო.
27 მაისს კი მან დიასპორის დღესთან დაკავშრებით საგარეო საქმეთა სამინიტროში გამართულ შეხვედრაზე მოაწყო დემარში და მოკლე კრიტიკული გამოსვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა.
ანალიტიკოსები ელიან, რომ სტრასბურში 31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იგივე რიტორიკით გამოვა, როგორც 26 მაისს თავისუფლების მოედანზე. გარდა ამისა, „რეზონანსთან“ საუბრისას ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ მანამდე პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამიაც შეიწყალოს.
ორი დიდი სკანდალი ორ დღეში
26 მაისს პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის და ის ხალხთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს. ასევე თქვა, რომ ღირსება რუსეთიდან გამოგზავნილ 200 მილიონზე არ იყიდება, „ოცნებას“ კი გმირების ოჯახებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან დასავლეთის კრიტიკაზე საუბრისას კი ორაზროვნად მიანიშნა, რომ პრემიერმა საკუთარ შვილი სასწავლებლად აშშ-ში გაუშვა.
კრიტიკით უკმაყოფილო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს, ემოციები ვერ დამალეს და დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს „მოღალატე“ უწოდეს. ეს სიტყვა მკაფიოდ გაისმა სამთავრობო ტრიბუნიდან ტრასლაციის პირდაპირ ეთერშიც. ერთი ვერსიის, ამ შეძახილის ავტორი პარლამენტარი ირაკლი ქადაგიშვილი იყო, თუმცა დანამდვილებით ამაზე საუბარი ძნელია, რადგანაც თავად ქადაგიშვილი ამას უარყოფს, პრეზიდენტის გამოსვლისას კი სამთავრობო ტრიბუნა პირდაპირი ტრანსლაციის ოპერატორების კადრში არ მოხვედრილა.
დაპირისპირების ახალი მიზეზი 27 მაისს დიასპორის ფორუმზე პროტოკოლის დარღვევა გახდა. ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დარბაზში ადგილების არასწორ განაწილებაში დაადანაშაულა და მისთვის განკუთვნილ სკამზე დაჯდომაზე უარი თქვა. ის სიტყვით გამოსვლას ფეხზე მდგომი ელოდა. გარდა ამისა, მან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც გააკრიტიკა პროტოკოლის დარღვევის გამო.
„არ შეიძლება რომ არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე. ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა. პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არადა იწყება გაუთავებელი - მე პირველი ვარ, შენ - მეორე და ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი.
„მე არაფერი არ მწყინს დიდი ხანია ამ ქვეყანაში და ამით ვერავინ მაწყენინებს. მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე - პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას.
„კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არ მოხდეს არაფერი, რაც არ უნდა აზრთა სხვადასხვაობა იყოს; ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. ამისთვის, სხვათა შორის, მე 3 წელია ვცდილობ შეგვექმნა პროტოკოლის საერთო უწყება, სხვადასხვა სამინისტროს კოორდინაციით და თუნდაც საპატრიარქოსთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას აქვს თავისი რაღაც კერძო, პატარა, ამბიციები.
„პროტოკოლი ასევე არის პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე დაცვა. თუ არა პროტოკოლი, ჩვენ ყველგან, საერთაშორისო შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის გამოგონილი იმისთვის, რომ მოერგოს ვიღაცის ამბიციებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კრიტიკას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმით უპასუხა, რომ დიასპორის ფორუმზე ყველას მიესალმა, გარდა პრეზიდენტისა და პროტოკოლის სამსახურის უფროს დავით ზანთარაიას მადლობა გადაუხადა და კვალიფიციურობისათვის შეაქო.
„მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან. მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო - ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი.
„რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პრემიერმა.
რას აპირებს ზურაბიშვილი სტრასბურგში გამოსვლისას
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რთულია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებების პროგნოზირება, მაგრამ ფაქტია, რომ ის ნიკა გვარამიას შეწყალებისგან, გარკვეული მიზეზების გამო თავს, იკავებს. თუმცა ძაბირაძე არც იმას გამორიცხავს, რომ გაბრაზებულმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
„ფაქტია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სიტუაცია საკამოდ დაძაბულია და ეს 26 მაისს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ასევე ფაქტია, ზურაბიშვილი ხელისუფლებისგან მაქსიმალურად გამიჯვნას ცდილობს და სურს აჩვენოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ ის „ოცნების“ პოლიტიკას არ იზარებს.
„დიდი ხანია ზურაბიშვილი ცალკე პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. არ ვიცი 31 მაისს რას შეიძლება ხელისუფლება ელოდეს მისგან, მაგრამ არაა გამორიცხული ზუსტად მსგავსი რიტორიკა ვიხილოთ. ალბათ ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს იმას, რომ ის მმართველი გუნდის პოლიტიკისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია და იტყვის, რომ ხალხის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
„რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა მან ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს, არაფერს გამოვრიცხავ. უბრალოდ, თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღეს, სჯობს ეს თბილისშივე, ბრიუსელში წასვლამდე გაკეთოს. ამას კი იმიტომ ვურჩევ, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლებაც და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად გამოიყენებენ. ეს დასავლეთის დისკრედიტაციისთვის კიდევ ერთი კარგი საშუალება იქნება. იტყვიან, რომ ის არ არის ქართველების პრეზიდენტი და მხოლოდ დასავლეთის ინტერესებს ითვალისწინებს. მათი გავლენის ქვეშ არის და ე.წ. აგენტადაც კი გამოიყვანენ. ამიტომ გვარამიას შეწყალებას თუ გადაწყვეტს, ვურჩევ ეს თბილისში გააკეთოს“, - ამბობს ძაბირაძე.
რატომ არ მივიდა პრეზიდენტი სადღესასწაულო მიღებაზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში, სავარაუდოდ, ზუსტად იმ გზავნილს გაიმეორებს, რაც ტრიბუნიდან 26 მაისს უკვე გააჟღერა.
„სამწუხაროდ, ქალბატონი პრეზიდენტი ბოლო პერიოდში ძალიან არაადეკვატურად იქცევა. უკიდურესი სირცხვილია, როდესაც თავად პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს საზოგადოებიდან კრიტიკას და რისხვას იმსახურებს. ეს იყო დამოუკიდებლობის დღეს და მგონია 31 მაისაც ასე გაგრძელდება.
„ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოების კრიტიკა იმდენად მწვავე იყო, რომ მან მთაწმინდაზე, გამართულ წვეულებაზე მისვლაც კი ვერ გაბედა. იქ იყო შეკრებილი ძალიან მრავალფეროვანი ხალხი. ყვეელა „ოცნების“ მხარდამჭერი არ იყო. ასეთ შეკრებებზე მოდიან როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წევრები. რადგან ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე მისვლა ვერ გაბედა, ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი, რომ ამ ქალბატონს ხალხის მხარდაჭერა არა აქვს.
„ის ბოლო დროს ნინო ლომჯარიას რიტორიკაში ზის და რატომ მიდის ამ მიმართულებით, არ ვიცი, პოლიტიკური მარჩიელობა არ მინდა. თითქოს ვადის დასურლების შემდეგ მას თანამდებობას ევროსტრუქტურებში სთავაზობენ და ა.შ. დანამდვილებით და ზუსტად ვხედავთ, რომ საერთო სახალხო მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტი 2023 წელს სახალხოდ იქნა მოძულებული“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.
რა მოხდება, თუ პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებს
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გვარამიას შეწყალებით თავად პრეზიდენტის პოლიტიკური იმიჯიც დაზარალდება. მისივე აზრით, პრეზდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამომრჩევლის საკმაოდ სოლიდურ ნაწილში მისი ასეთი გადაწყვეტილება უკმაყოფილების მიზეზი გახდება.
„ზურაბიშვილი ალბათ კარგად იაზრებს, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დამაზიანებელი იქნება მისი პოლიტიკური მომავლისთვის, თუ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას კვლავ აპირებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ოპოზიციის მხარეს იდგეს. თავად ოპოზიციურ ამომრჩეველშიც არსებობს განწყობა, რომ გვარამია ციხეში უნდა იჯდეს.
„ზურაბიშვილმა აქცენტი ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე უნდა გააკეთოს, რომელიც არ ფიქრობს, რომ გვარამია უდანაშაულოა. ამიტომ მაინც მგონია, რომ ის ჯერ ფიქრობს, გვარამიას შეწყალება მისთვის, პოლტიკურად რამდენად მომგებიანი იქნება. სწორიც არის, მან ამისთვის კონკრეტული დრო და სიტუაცია უნდა შეარჩიოს, რათა ახსნას ამ გადაწყვეტილებას რატომ იღებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
გია აბაშიძეც ასევე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალოს, რადგან მისგან „ყველაფერია მოსალოდნელი“.
„შეიძლება გვარამია შეიწყალოს და ითამაშოს ის თამაში, რასაც „ნაცოპოზიცია“ კარნახობს. მისი ე.წ. პროევროპული რიტორიკა არაფრით განსხვავდება, მაგალითად, კუბილიუსის რიტორიკისგან, მაგრამ ქართველი ხალხისთვის კუბილიუსი ევროპის სიმბოლო არ არის. თუკი ზურაბიშვილს სურს, რომ კუბილიუსის და ფონ კრამონის დონეზე იყოს დაცემული, ეს ნამდვილად მისი არჩევანია. ის შეურაცხყოფას აყენებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და ემიგრანტების შერჩევითი დამცველია. „ნაცოპოზიციის“ ფლანგზე თამაშობს, მაგრამ ამით მხოლოდ საკუთარი თავის მარგინალიზებას ახდენს“, - ამბობს აბაშიძე.