
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაოცებულია იმ ნეგატიური რეაქციით, რაც ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა საქართველოში. უკრაინაში მიმდინარე ომის, საყოველთაო იზოლაციისა და სერიოზული შიდა პრობლემების ფონზე, რატომ გაახსენდა რუსეთის ლიდერს საქართველო და დაგას თუ არა რაიმე პოლიტიკური გეგმა ამგანცხადებების უკან?
როგორც პუტინმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებები „დაკავშირებულია მთელ რიგ გარემოებებთან", მათ შორის საკურორტო სეზონთან.
„მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან თავად საქართველოში და ჩვენს ბიზნესს, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ წასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა თბილისთან შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ამას საქართველოს რეაქციის მიხედვით გააკეთებს.
„ჩვენ მზად ვართ ჩვენი ნაწილის გასავლელად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე.
ამასთან პუტინმა თქვა, რომ ყველაფერი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პუტინის განცხადებას საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დამცირების მცდელობად აფასებს.
„მიმდინარეობს რუსეთისგან საქართველოს მუდმივი დამცირება მსოფლიოს თვალში, რათა აგრძნობინოს მსოფლიოს - რა ევროკავშირი და რა ნატო აგიტყდათ, საქართველო არის ჩემი უკანა ეზო და დაანებეთ საქართველოს თავი. ჩემი აზრით, ამას აკეთებს პუტინი, შეიძლება თბილისთან შეთანხმების გარეშეც კი, იმიტომ, რომ მისი მთავარი ამოცანაა დააზიანოს საქართველო.
„შესაძლოა პუტინს გამოჭერილი ჰყავს საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის ივანიშვილი. შეიძლება რაღაც ფაქტებით აშინებს, აშანტაჟებს რაღაც მასალების გამოქვეყნებით. ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს ახლა უჭირს უკრაინაში, პრობლემები აქვს შიგნით ქვეყანაშიც და სხვა ქვეყნებთანაც, და ამ დროს ამდენი დრო დაუთმო მისთვის რაღაც პროვინციას, საქართველოს, რათა კიდევ უფრო მეტად დაემცირებინა იგი. სწორედ ამიტომ პუტინის ეს გზავნილი იყო ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი განცხადება.
„რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეტყობა ამოწმებენ ევროკავშირში ქართველ ხალხს, რამდენად მისცეს მას კანდიდატის სტატუსი.
„ბევრი რამ დამოკიდებულია სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ჩავა ბრიუსელში და ძალიან მკაფიო მესიჯებს იტყვის. თუ საქართველო არ წავიდა ევროკავშირისკენ, მაშინ მთელს კავკასიაში რუსული ზამთარი დადგება", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადების უკან არ ჩანდა რაიმე პოლიტიკური ჩანაფიქრი.
„საკმაოდ ოპერატიულად მიუვიდა ინფორმაცია აქ გაჩენილ რეაქციაზე, ეს ერთი და მეორე - უცხოეთის რეაქციაზე. მე პირადად არ მომეჩვენა, რომ რამე მკაფიო პოლიტიკური მიზეზი იდგა ამ განცხადების უკან, ვინაიდან პუტინმა პოლიტიკურად არ გააფორმა ეს. პუტინმა თავის თავზე აიღო - მე შემოვიტანეო. ბოლოს კი თქვა, რომ „საქართველომ უნდა გადაწყვიტოს თავისი არჩევანი" და არ ჩანდა სიჯიუტე ამ ხაზის გატარებში.
„ქართული თემა არ იყო ისეთი დიდი და სერიოზული დატვირთვისა პუტინისთვის, როგორც სხვა ხაზები, როგორც უკრაინა. ჩვენ გვიკვირდა, რომ უკრაინის ფონზე სად გაახსენდა საქართველოო. ამ განცხადებით ჩანს, რომ ამაში არ იყო ღრმა პოლიტიკური ჩანაფიქრი. გაახსენდა ისე, რომ, თუ რამე გამოვა - ხომ კარგი და თუ არადა, დიდად არ შეაწუხებს ეს.
„ნამდვილად არ ჩანს ზედაპირზე რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ერთი მხრივ, სავარაუდოა, გაჩნდეს უფრო დაბეჯითებით გადადგმული ნაბიჯები დიპლომატიასთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც მეეჭვება ასეთი ფინალი", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.