1 კგ დაფასოებული პროდუქტის ფასმა უკვე 5 ლარს მიაღწია, კონკრეტულად როდის აღმოიფხვრება დეფეციტი არავინ იცის
ქეთო გოგოხია
13.10.2022

ასაწონი შაქარი დახლებიდან ისევ პირწმინდად გაქრა. დეფიციტურია შეფუთული პროდუქტიც, რომელიც სუპერმარკეტების მცირე ნაწილში იყიდება და 1კგ-ს ფასი 5 ლარს აღწევს. უკვე  3-4 დღეა, ხალხი შაქარს ვერსად ყიდულობს და დეფიციტის მიზეზზეც არავინ საუბრობს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეალიზაციის პრობლემას ბიზნესი ხელოვნურად ქმნის. ყველა პირობაა, რომ შაქარი უპრობლემოდ შემოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ დახლებზე ამ პროდუქტის ადგილი ცარიელია.

ცოტა ხნის წინ იმპორტიორები მოსალოდნელ გაიაფებაზე საუბრობდნენ, რასაც მომხმარებელი ელოდა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად შაქარი ჯერ გაძვირდა, მერე დეფიციტში აღმოჩნდა.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ პრობლემას, შაქრის იმპორტიორებმა ,,რეზონანსს“ აცნობეს, რომ გასულ თვეში მიწოდების მხრივ მცირე დაბრკოლება იყო, რომელიც ,,აგარის“ შაქრის ქარხანაში მოხმდარ ხანძარს უკავშირდება. ერთ-ერთ ,,პრობლემად“ გლობალური ფასებიც სახელდება, თუმცა რეალურად შაქარი ბოლო პერიოდში სტაბილურად 530-550 დოლარის ფარგლებში მერყეობს და არც გადაზიდვის მიმართულებით არსებობს რაიმე პრობლემა.

მართალია, რუსეთიდან შაქრის იმპორტი გაჩერდა, მაგრამ ის არ არის ჩვენთვის ამ პროდუქტის მთავარი მომწოდებელი. ამდენად, ნაკლებად დასაჯერებელია ე.წ. გლობალური არგუმენტი, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს, ხელოვნური დეფიციტი შექმნეს, რათა ფასები მყისიერად გაზარდონ, რისი მაგალითიც რამდენიმე თვის წინ იყო.

შაქრის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციას გლობალურ ფაქტორს უკავშირებს მეწარმე თენგიზ ფაცაცია, რომლის თქმითაც, მიწოდების მცირე პრობლემა რეალურად არის, რასაც დაემატა აგარის ქარხნის გაჩერება ხანძრის გამო, რამაც მარაგებში წყვეტა გამოიწვია. იმპორტიორი სუპერმარკეტებში არსებულ მაქინაციებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ შეიძლება, მათ ნაწილს მართლაც აქვს მარაგი, მაგრამ შექმნილი სიტუაციით სარგებლობენ და ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას.

,,შაქრის ბაზარზე არასტაბილურობა შეიმჩნევა. გარდა იმისა, რომ შემოტანა გაძვირდა, ,,აგარაში“, ხანძრის გამო, ქარხნის გაჩერებამ რეალიზაციის მხრივ გარკვეული პრობლემა შექმნა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასი მაღალ ნიშნულზეა, ამიტომ ბევრმა ბიზნესმა იზარალა. ძალიან ცოტა სუბიექტია ბაზარზე, ვისაც შაქარი სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს. უკრაინისა და რუსეთიდან იმპორტი ისედაც გაჩერებულია.

ცნობილი ამბავია, რომ მაღაზიების წარმომადგენლები სიტუაციით სარგებლობენ და ძალიან ცუდად იქცევიან. ვფიქრობ, მდგომარეობა უახლოეს პერიოდში გამოსწორდება, მაგრამ ვერ გეტყვით, რა ელის ფასს, რეალურად ამ მომენტში გაძვირების აუცილებლობა არ არსებობს. თუკი აგარის ქარხანა სრული დატვირთვით იმუშავებს და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას გააგრძელებს, გაძვირების ნაცვლად, შაქარი შეიძლება გაიაფდეს კიდეც. მე პირადად, ამ პროცესს ველოდები“, - აღნიშნა ფაცაციამ და დასძინა, რომ მთავარია, მომხმარებელი არ აჰყვეს პროვოკაციას, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს.

„მოსახლეობის ფაქტორიც გარკვეულ უარყოფით გავლენას ახდენს და სპეკულაციური ფასების პროვოცირებას უწყობს ხელს. არის მარაგი, მაგრამ ხალხი დღესაც ტომრებით ყიდულობს შაქარს, აქვს თუ არა ამის საჭიროება. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება, ხელოვნურად ქმნიან პრობლემას. მოგვარდება დეფიციტის პრობლემა, დახლები შეივსება უახლოეს დღეებში, მაგრამ მოქალაქეები არაფრით არ უნდა აჰყვნენ პროვოკაციას.

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, შაქრის მომარაგების კუთხით ბაზარზე პრობლემა არ არსებობს. რაც ხდება, დროებითია და მალე გამსოწორდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ თენგიზ ფაცაციამ.

კომპანია ,,ჯეოფექში“ კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შესყიდვა შეაჩერეს და ,,აგარის“ ქარხნის გახსნას ელოდებიან.

,,დეფიციტი გაჩნდა და შესყიდვას ვერ ვახერხებთ. სამეწარმეო ბიზნესს ვართ, პროდუქტს ადგილზე ვყიდულობთ, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის საშუალება არ მოგვეცა. არ ვიცით, რამ გამოიწვია პრობლემა, არ გამოვრიცხავთ გლობალურ ბაზრებს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ქარხნის გაჩერებამ იმოქმედა, რადგან ადგილობრივი შაქრის მომხმარებლები ვართ. გვპირდებიან, რომ ხარვეზი გამოსწორდება, სხვა ინფორმაცია არ გავქვს“, - განუცხადეს  ,,რეზონანსს“ კომპანიაში.

რაც შეეხება ,,აგარის“ ქარხნის პოზიციას, ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ პროდუქტის დეფიციტზე საუბრისგან თავი შეიკავა და მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

,,16 სექტემბრის შემდეგ გაჩერებული ვართ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარმოება განვაახლოთ. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მუშაობას გავაგრძელებთ, თუმცა ველით, რომ პრობლემა მანამდე მოგვარდება და საკმარისი რაოდენობით შემოვა იმპორტი, დეფიციტი დროებითია“, - განაცხადა ალიზადემ.

,,რეზონანსი“ შეეცადა სუპერმარკეტების წარმომადგენელთა პოზიციის გაგებას, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მაღაზიების შედარებით დაბალი რგოლის თანამშრომლებმა კი პირად საუბრებში გვითხრეს, რომ პეოდუქტს ელოდებიან და  დახლებს უახლოეს დღეებში შეავსებენ, შესაძლოა, უკვე ამ შაბათ-კვირიდანაც.

2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა. საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი, 57 ათასი ტონა (28.2 მლნ დოლარი) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი (14.3 მლნ) და პოლონეთი (10.6 მლნ) არიან.

პირველი პანიკა ბაზარზე 2022 წლის 9 მარტს გაჩნდა და მოულოდნელად შაქარი 2,35 ლარიდან 5 ლარამდე გაძვირდა. სიტუაცია მალევე  დარეგულირდა, მაგრამ შაქრის ფასი საბოლოოდ მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა და დახლებზე  დღემდე სიძვირეა.

პანიკა მეორედ ივლისის შუა რიცხვებში გაჩნდა, რაც მეწარმეებმა სუპერმარკეტების მხრიდან მაქინაციებს დაუკავშირეს და სავარაუდოდ, დღესაც ანალოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×