აზერბაიჯანსა და თურქეთში უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენთან
ქეთო გოგოხია
11.10.2022

რეგიონში საქართველოს პოზიციები სულ უფრო და უფრო მყარდება. ამ მხრივ იმედისმომცემია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საშუალო ხელფასის სიდიდით ჩვენ რეგიონში ვუსწრებთ ისეთ ინდუსტრიულ ქვეყნებს, როგორიც თურქეთი და აზერბაიჯანია, ვუტოლდებით სომხეთს და მხოლოდ რუსეთს ჩამოვრჩებით. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდეს. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რეგიონში ჩვენი ქვეყანა ერთადერთია, სადაც მედიანურ ხელფასს ითვლიან.  საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუალო ხელფასს ჩამორჩება. მთლიანობაში, დინამიკა დადებითია, თუმცა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება, რადგან ინფლაცია ,,ჭამს" შემოსავლების დიდ ნაწილს და ასეა  არა მარტო საქართველოში, რეგიონის ქვეყნებსა და მსოფლიოშიც.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5%-ით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 541.3 ლარს შეადგენს, რაც ახლანდელი კურსით 550.5 აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის სიდიდით აზერბაიჯანს და თურქეთსაც კი გავასწარით. გავუტანაბრდით სომხეთს და მხოლოდ რუსეთს ჩამოვრჩებით, რომელიც ამ პარამეტრის მიხედვით რეგიონში პირველ ადგილზეა.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე იმედოვნებს, რომ ტენდენცია გაგრძელდება. ის ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ხელფასები გაიზრდება კერძო სექტორში, როგორც ეს საჯარო სტრუქტურების მაგალითზე მოხდა და ცვლილება მომავალშიც იგეგმება.

,,საშუალო ხელფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ასეც უნდა იყოს, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა.  ხელფასიც შესაბამისად უნდა იზრდებოდეს და სიტუაცია ამ მხრივ საიმედოა. მთავრობამ  ღიად გამოაცხადა, რომ გარკვეული მოცულობით ისევ გაგრძელდება მატება და ეს არის მნიშვნელოვანი. ცხადია, როდესაც მთავრობა ასტიმულირებს თავის სფეროს,  კერძო სექტორიც მიჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ფაქტორიც დიდ როლს ასრულებს, ქვეყანა, რომელმაც მშვიდობის გზა აირჩია, განვითარების გზას ადგას.

მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც გრძნობენ სტაბილურობას, ბევრი ადამიანი მოილტვის საქართველოში შემოსასვლელად. ცხადია, მათ ჩამოაქვთ კაპიტალი, აფუძნებენ ბიზნესსუბიექტებს, რაც თავისთავად ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით საქართველო გამორჩეული, მით უმეტეს, რომ იგი ორნიშნა ზრდას აფიქსირებს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ", - განაცხადა სილაგაძემ და დასძინა, რომ ხელფასებთან ერთად, შრომის ბაზარზე კონკურენცია მატულობს, რა მხრივაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოდინება გარკვეულ გავლენას მოახდენს.

საშუალო ხელფასის ზრდის განმაპირობებელ გარემოებაზე ისაუბრა ექსპერტმა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძემ. ახლა მნიშვნელოვანია დინამიკა შენარჩუნდეს, რის გარეშეც უმუშევრობის შემცირება წარმოუდგენელი იქნება.

,,საშუალო სტატისტიკური ხელფასი არ არის ის მაჩვენებელი, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. მთავარია, რომ მეთოდოლოგია უმჯობესდება. გასათვალსიწინებელია ისიც, რომ საუბარია დარიცხულ ხელფასზე, რაც აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული. ამ თანხას აკლდება საპენსიო ფონდში შენატანი და  საშემოსავლო გადასახადიც. თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

რაც შეეხება მედიანურ მაჩვენებელს, ეს არის ის, რაც რეალობასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულია. ცხადია, თანხობრივ გამოხატულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ  მთავარია ასევე ზრდის ტენდენციის შენარჩუნება და მისი სამომხმარებლო ფასებზე მორგება.  ეკონომიკური  ვითარება უმჯობესდება, რეგიონში საქართველო პოზიციებს იმყარებს და ეს გვაძლევს იმედს, რომ საშუალო ხელფასის მოცულობა სამომავლოც გაიზრდება", - განუცხადა,,რეზონანსს" აროშიძემ.

რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, იგი საშუალო ხელფასის 69.0 პროცენტია, ანუ 900 ლარი.  სამაგიეროდ, მისი ზრდის ტემპი საგრძნობლად უსწრებს საშუალო ხელფასის ზრდის ტემპს (შესაბამისად, 11.2% და 9.5%).

,,2022 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წლის საშუალო დონესთან შედარებით გაიზარდა 46.9 ათასით (4.6%-ით), ხოლო საშუალო ანაზღაურება - ინფლაციაზე 1.7-ჯერ უფრო მაღალი ტემპით - 18.2 პროცენტით (1541.3 ლარამდე), რაც თვეზე გადაანგარიშებით დაქირავებით დასაქმებულების 72.3 მლნ ლარით მეტ შემოსავალს ნიშნავს. ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა ადეკვატურად აისახება მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და კეთილდღეობის ამაღლებაში“, - წერს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

სპეციალისტების შეფასებით, კვლავ რჩება განსხვავდება საშუალო თვიური ხელფასებს შორის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში, რაც 26%-ს შეადგენს. როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, ბოლო 2 წლის მიხედვით სახელმწიფო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდის მიუხედავად, ერთ-ერთ ამოცანად სწორედ სახელმწიფო მოხელეთა ანაზღაურების ზრდა უნდა მივიჩნიოთ.

,,უკვე მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება როგორც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა, ისე დაქირავებულთა ხელფასებზე. მართალია, დღეს მთავარ გამოწვევად, კვლავ ინფლაცია რჩება, თუმცა საერთაშორისო სასურსათო და საწვავის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად დაიკლებს და მეორე კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელთან (3%) ახლოს იქნება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს, 2021-2026 წლებში მსოფლიო ბანკის შეფასებით ჩვენ გვექნება როგორც რეგიონში, ისე ევროპაში ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ზრდა, საშუალო ხელფასების ზრდის კარგი პოტენციალი გვაქვს. ამასთან მიმაჩნია, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - რამდენიმე წელიწადში საჯარო სექტორში არსებული ხელფასები უნდა დაეწიოს კერძო სექტორში არსებულ ანაზღაურებას, რაც ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალი ხელფასები რუსეთშია. რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის თანახმად, ქვეყანაში საშუალო ხელფასი, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, 62 200 რუბლია, ანუ თითქმის 998 აშშ დოლარი.

შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც წელს საშუალო ნომინალური ხელფასი თვეში 223 971 დრამს (554 აშშ დოლარი) შეადგენს.

თურქეთში 2022-ში საშუალო თვიური ხელფასი ქვეყანაში 10 000 ლირამდეა (538 აშშ დოლარი). ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი რეგიონში აზერბაიჯანშია - 731 მანათი (430 აშშ დოლარი).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×