გვანცა წულაია
11.10.2022

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული კვოტირების მოსახსნელად მზად არის. ასეთი ნაბიჯი ქვეყანაში ჭარბი მოსავლიანობით არის განპირობებული. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რუსეთის მოსალოდნელი გადაწყვეტილება იქიონიებს თუ არა რაიმე გავლენას საქართველოს ბაზარზე.

უხვმოსავლიანობის გამო, რუსეთი მარცვლეულის საექსპორტო კვოტის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს. „მოსავალი საკმაოდ დიდია, ამიტომ რაიმე სახის შეზღუდვა რაოდენობაზე ახლა არ იქნება“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ვიქტორია აბრამჩენკომ.

საექსპორტო კვოტა გამოითვლება მარცვლეულის ბალანსზე და ნაწილდება ისტორიული პრინციპით. საექსპორტო კვოტის შესახებ მონაცემები ყოველწლიურად 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ქვეყნდება. გასულ სასოფლო-სამეურნეო წელს (რომელიც 2022 წლის 30 ივნისს დასრულდა) კვოტამ 11 მილიონი ტონა შეადგინა, მათ შორის იყო 8 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც 206 კომპანიას შორის განაწილდა.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ფიქრობს, რომ კვოტირების მოხსნით, საქართველომ უნდა ისარგებლოს და ქვეყანამ მეტი ხორბალი მოიმარაგოს.

"რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვისაც შეცვლის სიტუაციას. ამის შემდეგ, კიდევ უფრო ხელისაწვდომი გახდება მარცვლეული. კვოტას იმიტომ ხსნიან, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ რუსეთს ზურგი შეაქცია, მოსვავალიც კარგი მიიღეს, მსოფლიო ბაზარზე უკრაინული ხორბალი შევიდა. რუსეთშიც დიდი მოსავალია, რომელსაც უნდა დაბინავება და მაღალი დონის ლოგისტიკა. ერთი სული აქვთ მანქანები შევიდნენ და მარცვლეული გაყიდონ.

ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ცუდი არ არის, პირიქით, ამ სიტუაციით უნდა ვისარგებლოთ და ხორბალი მოვიმარაგოთ, რათა მერე თავის ტკივილი არ იყოს რესურსებზე. ზამთრის და თოვლიანობის პირობებში არ არის გამორიცხული რაიმე შეფერხებები. სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს მარაგი”, - განაცხადა `რეზონანსთან” მალხაზ დოლიძემ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ მალე რუსეთი საბაჟო გადასახადზე იტყვის უარს.

"ახლა რუსები დაინტერესებულები არიან, რომ მარცვეული გაყიდონ. სად წაიღებენ ამდენ ხორბალს? საუბარია ძალიან დიდი რაოდენობაზე და ხომ არ გააფუჭებენ, ამიტომ არც მცურავი ბაჟის მოხსნაა გამორიცხული”, - დასძინა დოლიძემ.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილებით, ერთი წელი ქვეყნიდან ხორბალი და ქერი აღარ გავა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლის 4 ივლისამდე იქნება. ამის ფონზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის უფროსი ცოტნე სამადაშვილი და აცხადებს, რომ ადგილობრივი წარმოებით მოსახლეობის 25-30%-ია დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.

"კვოტორება თუ მოხსნეს, შესაძლოა, სასარგებლო იყოს და შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. ის კი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ხორბლის შემოტანა აუცილებლად დაგვჭირდება და რომელი ქვეყნიდან მოხდება, მთავრობაზეა დამოკიდებული.

ადგილობრივ მოსავალს არა უშავს. მთავარი არის ის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენი მარცვლეული ქვეყანაში რჩება და არ გადის გარეთ. თუ აქამდე 15% გვქონდა, ახლა უკვე დაახლოებით 25-30%-მდე არის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი”, - განაცხადა "რეზონანსთან” სამადაშვილმა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავას აზრით კი, რუსეთის ნაბიჯი მსოფლიო ბაზრებზე დიდად სიტუაციას დიდად ვერ შეცვლის. ფასები ახლა პოლიტიკურ სიტუაციასა და იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ომის სიმძაფრე უკრაინაში.

„კვოტირება აღარ სურს რუსეთს, რადგან ჭარბი მოსავალი აქვთ, თუმცა კვლავ ძალაში რჩება მცურავი ბაჟი, ანუ ჩვენთვის მოცემულობა დიდად არ იცვლება. ახლა ქვეყანაში არსებობს ხორბლის მარაგი, რომლითაც მომდევნო ორ თვეს გადავივლით, შემდეგ კი პროგნოზი გაჭირდება. იმიტომ, რომ უკრაინის დერეფანსაც გასდის 6-თვიანი ვადა, რომელიც რუსეთ-უკრაინა-გაერო და თურქეთს შორის დაიდო. ახლა ამ მხრივ დიდი გაურკვევლობაა, დაბლოკავს თუ არა რუსეთი ამ დერეფანს. ნებისმიერ წამს შეიძლება სიტუაცია გართულდეს პოლიტიკური ვითარების კვალდაკვალ. ყველა შემთხვევაში უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს და უარესისთვის მოვემზადოთ“ - განუცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×