ია აბულაშვილი
29.08.2022

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან და ბოლომდე იბრძოლებენ, რათა "ქართული ოცნება" რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს სახელმწიფო მმართვის სადავეებს, თუმცა, ამ დრომდე სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის არ წარუდგენიათ, ლიდრებისგან ისმის მხოლოდ განცხადებები ბოიკოტთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რომ ყველა პროცესი იმიტაციაა, თუმცა, 6 სექტემბერს პარლამენტის პირველ სხდომას მაინც დაესწრებიან.

როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში და რამდენად დიდია ალაბთობა იმისა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, "რეზონანსი" პოლიტოლოგებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე არ გამორიცხავს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტეტსო აქციები დაიწყოს, თუმცა, არ არის დარწმუნებული, რომ თავად ოპოზიცია იყოს მზად ვადამდელი არჩევნებისთვის.

"ჩემი პროგნოზი გამართლდა, ვამბობდი, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების საკითხს კვლავ დააყენებდა, რადგან ოპოზიციის ინტერესებში ყოველთვის არის მაგიდის აყირავება. ხან ბოიკოტს აპირებენ, ხან ვადამდელ არჩევნებს, რაღაცით ხომ უნდა იყვნენ უკმაყოფილო, ისე მაგიდას ვერ ააყირავებენ. როგორც ჩანს ბოიკოტი ამ ეტაპეზე მოიხსნა დღის წესრიგიდან, მაგრამ ქუჩის აქციებს ჯიუტად აანონსებენ. სამწუხაროა, რომ აქამდე საზოგადოებამ არ იცის ოპოზიციის სამოქმედელ გეგმა. თუ გეგმა არ გაქვს, მაშინ ემოცია ხდება გეგმა და იმოქმედებ ისე, როგორც ემოცია გკარნახობს.

მე მაინც მგონია, რომ ჩვენი ოპოზიცია იმეორებს 2003 წლის სცენარს, რაც კარგად იცის, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა; ალბათ ფიქრობენ იქნება ძალაუფლებას ხელი გამოკრან და გაიმარჯვონ. ვადამდელი არჩევნები უნდა "ნაცმოძრაობას", პატარა პარტიები ამაზე ვენებს აღარ იჭრიან, რადგან იციან, რომ ვადამდელი არჩევნები მათ ქუჩაში დატოვებს"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ არავითარი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, არ არსებობს და არც ხელისუფლება დათანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას.

"არავითარი საფუძვლი, პოლიტიკური, სოციალ- ეკონომიკური არ არსებობს, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ამ სიტყვის მეცნიერული გაგებით. ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ერთხელაც ვერ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. ვადამდელი არჩევნების თემამ კი იმიტომ წამოიწია, რომ ოპოზიციაში მიხვდნენ, ბოიკოტს მხარს არავინ დაუჭერს, მათი მომხრეებიც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ ხმა მივეცით იმისთვის პარლამენტში ემუშავათ , ბოიკოტით კი ჩემი ხმა დაიკარგაო. ბოიკოტის იდეა არც დასავლელ პარტნიორებს მოსწონთ.

ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციის დეფიციტია და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს ვერ შევლენ პარლამენტში, მათი რეიტინგი ძალიან დაეცა. არადა კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშა არის ქვეყანაში და ძალიან ბევრი სამუშაოა ოპონირება რომ გაუწიონ ხელისუფლებას.

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ კიდევ ერხელ გამოჩნდნენ ტელევიზიით, ან მიშას ასიამოვნონ. რეალცური შედეგი ამას არ მოჰყვება და არც ხელისუფლება წავა ვადამდელ არჩევნებზე, ეს გამორიცხულია"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×