თამთა ჩაჩანიძე
26.08.2022

ნახევარ წელზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინას განუწყვეტლივ ბომბავს. „კასეტური საბრძოლო მასალის კოალიციის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსები კასეტურ ბომბებს იყენებენ, რაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას, სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების დაზიანებას იწვევს, თუმცა ამას მოსკოვი უარყოფს. ოფიციალური კიევი კი პროგნოზირებს, რომ ომის მეოთხე ეტაპი ახლა დაიწყო, რომელიც კიდევ სამ თვეს გაგრძელდება.

ომის 184-ე დღეს „კასეტური საბრძოლო მასალის კოალიციის" ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნულია, რომ რუსული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განხორციელებული ასობით თავდასხმის დოკუმენტირებული და სავარაუდო ფაქტი არსებობს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის ფართო გამოყენება უკრაინაში ცხადყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჰუმანიტარული პრინციპებისა და სამართლებრივი ნორმების აშკარა უგულებელყოფას", - განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა რედაქტორმა მერი ურეჰემმა და დასძინა, რომ ამ იარაღის გამოყენება ყველა ქვეყანამ უნდა დაგმოს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, კვირის დასაწყისიდან, რუსული არმიის საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გაანადგურეს,

„საბრძოლო მასალის საცავი არის ჩვენი არტილერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე, რადგან ეს არის მარაგი, რომლის გამოყენებასაც მტერი აპირებდა ჩვენი დანაყოფების წინააღმდეგ", - აღნიშნა სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემები ჯერჯერობით საბოლოო არ არის და „მიმდინარე კვირის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩენილი და ჯერ კიდევ გვექნება დრო".

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა კი განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო, რომელიც მისი თქმით, ზამთრამდე - ორიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

არესტოვიჩი ამბობს, რომ ამ ეტაპს წინ უძღოდა სამი წინა ეტაპი: სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების განდევნამდე; ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ოკუპაცია; მიკოლაივისა და კრივოი-როგის მიმართულებებით ოკუპანტების მხრიდან წინსვლის წარუმატებელი მცდელობები (10 ივლისიდან 10 აგვისტომდე).

„ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ მხარეები ადგილზე დადგებიან და დაარტყამენ ერთმანეთს, რაც შეეძლებათ. მაგრამ ჩვენ დარტყმის ბევრად მეტი შანსი გვაქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს HIMARS-ები და მათ არა," - აღნიშნა არესტოვიჩმა.

ამასთან, დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ტაივანმა უკრაინას ახლო რადიუსზე მოქმედი ბომბდამშენი დრონები გადასცა. ასეთ დრონს შეუძლია ატაროს რვა 60 მმ-იანი ნაღმტყორცნის ჭურვი ან სხვა კალიბრის საბრძოლო მასალა. სრულად დატვირთულ დრონს 40 წუთში 20 კილომეტრამდე მანძილზე ფრენა შეუძლია.

„ტაივანმა უკრაინას 800 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი „რევოლვერ 860" გადასცა", - აღნიშნულია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მათი მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ორმა ბრიგადამ „მძიმე დანაკარგების გამო" დატოვა პოზიციები ნოვომიხაილოვკასა და დიბროვნეში.

როგორც უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გენერალ-ლეიტენანტი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, საუბარია დონეცკის ნოვომიხაილოვკას რაიონში მოქმედ უკრაინის შეიარაღებული ძალების 53-ე მექანიზებულ და ხარკოვის რეგიონში, დიბროვნოეში მოქმედი უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე მექანიზებულ ბრიგადებზე.

კონაშენკოვისვე მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის პოზიციებზე დარტყმების დროს, სევერსკისა და იაკოვლევკას მიდამოებში „50-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და ცხრა ჯავშანტექნიკა იქნა ლიკვიდირებული".

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ გასული დღის განმავლობაში, „რუსმა სამხედროებმა მოახერხეს და ხარკოვის ოლქის ქალაქ ბარვენკოვეს მახლობლად, უკრაინული ეს-300 საზენიტო სარაკეტო სისტემის მართვის რადარი გაანადგურეს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×