თამთა ჩაჩანიძე
24.08.2022

ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ აწყობს, რადგან შესაძლოა 2024 წელს პრობლემები შეექმნას და მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დასავლეთთან და ოპოზიციასთან ვაჭრობისთვის სჭირდება - ამის შესახებ „რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადების შეფასებისას, რომელმაც კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით და პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც თალაკვაძემ თქვა, საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა, მაგრამ მოხდა საპირისპირო და ოპოზიციამ გაზარდა პოლარიზაცია. მისივე თქმით, ცვლილება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს პოლიტიკურ სტაბილურობისთვის მართლაც სასარგებლო იქნება.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოების მხარდაჭერით შეცვალა კონსტიტუცია და შემოიტანა ისეთი მექანიზმები, რომ კონსტიტუციის მარტივად შეცვლა ისე, თუ ვის როგორ მოუნდება რომ მოარგოს საკუთარ ინტერესებს, არის შეუძლებელი. დღეს გვაქვს სტაბილური, ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და არ ვემხრობით აპრიორი, რომ დამატებითი ცვლილებების შეტანა მოხდეს.

„ცვლილებები, რომელიც განიხილება, ეხება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს. ეს ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ ის უნდა მომსახურებოდა დეპოლარიზაციას, ანუ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას, საპარლამენტო პოლიტიკის გაძლირებას და ქუჩის პოლიტიკაზე უარის თქმას.

„ჩვენ დავინახეთ, რომ მიუხედავად ამ დემოკრატიული ცვლილებებისა, მოხდა საპირისისპირო - „ნაციონალურმა მოძრაობამ", რადიკალურმა ოპოზიციურმა ბანაკმა არათუ დეპოლარიზაცია მოახდინა თუნდაც ბარიერის დაწევის შემდეგ, პირიქით - გაზარდეს პოლარიზაციის და დაპირისპირების ხარისხი. ჯერჯერობით საზოგადოება და ხელისუფლება დაგვარწმუნეს საპირისპიროში, რომ თუ ამ ცვლილებას გავაკეთებთ, ისინი არათუ ამცირებენ დაპირისპირებას, არამედ პირიქით, ზრდიან პოლარიზაციის ხარისხს. ამიტომ თუ ეს ცვლილება როდისმე განიხილება, განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ და საზოგადოება დავრწმუნდებით, რომ მართლაც სასარგებლო იქნება პოლიტიკურ სტაბილურობისთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პირველი მოსმენით გასული წლის სექტემბერში მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი 5-დან 2%-მდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

როგორც ნიკა ჩიტაძე ამბობს, ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ აწყობს და ვაჭრობას იწყებს როგორც დასავლეთთან, ისე ოპოზიციასთან.

„ხელისუფდლება ვაჭრობას იწყებს იგივე დასავლეთთან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაც მათი გადმოსახედიდან ნაკლებად რადიკალური იქნება და დასავლეთიც ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული. ან მეორე ვარიანტია, რომ მათ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ სურთ, რადგან იციან, არჩევნები რომ წმინდა პროპორციული წესით ჩატარდეს და ბარიერიც რომ დაწეული იყოს, მათ უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდებათ. 2020 წლის არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ პირველ ტურში უფრო ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე მთლიანად ოპოზიციამ.

„ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ აწყობს, რადგან შესაძლოა 2024 წელს პრობლემები შეექმნას და მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დასავლეთთან და ოპოზიციასთან ვაჭრობისთვის სჭირდება.

„რაც შეხება დეპოლარიზაციას, ბევრი რამ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ის მუდმივად აკრიტიკებს ოპოზიციასა და იმ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი. თუ ვინმე ხელისუფლებას აკრიტიკებს, მათ თვალში ყველა „ნაცია" და არავითარ დათმობაზე წასვლა არ სურს.

„ევროკავშირისგან დეპოლარიზაციის რეკომენდაცია მივიღეთ, თუმცა პოლარიზაციის ხაირისხმა პირიქით, მოიმატა. ამას ხელი შეუწყო თითქოს ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნამ, იმ ოთხ პარლამენტარს ვგულისხმობ, რომელიც „ქართული ოცნებისგან" გავიდნენ. „ოცნება" რეალურად პოზიციებს მათ მეშვეობით ახმოივანებს.

„ორი სცენარია: პესიმისტური - რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, ან მეორე ვარიანტია - დასავლეთის ზეწოლის შდეგად ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს ისე, როგორც 2020-ში წავიდა ნაწილობრივ დათმობაზე, როცა 73 მაჟორიტარის ნაცვლად 30-ზე შეთანხმდნენ", - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×