თამთა ჩაჩანიძე
23.08.2022

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და კიევი ეჭვობს, რომ მოსკოვი ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინელებს რაღაც ცუდს უმზადებს. ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა 20 აგვისტოს მოსკოვის მახლობლად მომხდარმა ტერაქტმა, რომელსაც ულტრა-ნაციონალისტური შეხედულებებით ცნობილი რუსი ფილოსოფოსის, ალექსანრდ დუგინის ქალიშვილი ემსხვერპლა. რუსებმა ამაში ღიად დაადანაშაულეს უკრაინული სპეცსამსახურები. ამის პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დედაქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, კრემლი ეცდება, რომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მაქსიმალურად ჩაუმწაროს. საუბრობენ რამდენიმე სცენარზე, მათ შორის ტერორისტულ აქტებსაც არ გამორიცხავენ. მთავარი სამიზნე კი შესაძლოა კიევი აღმოჩნდეს და ის ადმინისტრაციული შენობები, სადაც მაღალი თანამდებობების პირები არიან განთავსებული.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ რუსეთმა იერიში მშვიდობიან მოსახლეობასა და დასახლებებზე მიიტანოს. ასევე იმ მოედანზე, სადაც აღლუმი გაიმართება.

მანამდე უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ ოკუპანტები სასწრაფოდ არემონტებენ მარიუპოლის ფილარმონიის შენობას. სცენაზე რუსები ამაგრებენ რკინის გალიებს, რომლებშიც „აზოვსტალის" დატყვევებულ დამცველებს მოათავსებენ და საჯაროდ დასჯიან. მათივე შეფასებით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რუსებმა, შესაძლოა, ობიექტზე მიზანმიმართული სარაკეტო შეტევა განახორციელონ. ასეთ შემთხვევაში, დამპყრობლები ტრადიციულად შეეცდებიან ეს ქმედება უკრაინას გადააბრალონ.

ხარკოვში დამოუკიდებლობის დღისთვის კომენდანტის საათი დაწესდა. რკინიგზის სამსახური ასევე ურჩევს მგზავრებს, გადადონ ნებისმიერი მოგზაურობა ხარკოვში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინელებს მოუწოდებს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. „როიტერსი" კი წერს, რომ აშშ-ს აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე უახლოეს მომავალში ახალ თავდასხმებს გეგმავს.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

23 აგვისტოს ღამეს ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი ოთხჯერ დაბომბეს. ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ. რუსეთის არმიამ მიზანში ორი რაიონი - კრივოი როგი და ნიკოპოლი ამოიღო. გავრცელებული ცნობებით, კრივოი როგის მიმართულებით, ოკუპანტებმა თავდასხმა „ურაგანებით" განახორციელეს, რის შედეგადაც 45 წლის ქალი დაიღუპა, მისი ქმარი კი დაშავდა და საავადმყოფოში იმყოფება. ამასთან, ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი სამჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ქალი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მორიგ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების თავდასხმა და შტურმი სამი მიმართულებით მოიგერიეს. სლობოჟანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს, რათა ადრე დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს, ასევე ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა.

ამასთან, დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით აქტიური ოპერაციების ჩატარებაზე. ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლები განახორციელეს ნოვომიხაილოვკას, ზოლოტაია ნივას დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობდა დაზვერვის განხორციელებას ზაიცევოს დასახლების მიდამოებში, ასევე თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას სოლედართან და კოდემასთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ავდიივკას მიმართულებით, მტერმა შეტევა წამოიწყო კრასნოგოროვკასა და პერვომაისკის მახლობლად, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

„იუჟნობუგსკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოზიციების დაკავებასა და ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. ის ზომებს იღებს დანაკარგების ასანაზღაურებლად", - აღიშნულია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

რუსული მხარე კი იუწყება, რომ 23 აგვისტოს ძალები ნიკოლაევის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდნენ და უკვე აკონტროლებენ 12 კვადრატულ კილომეტრს ნიკოლაევის რაონში. გარდა ამისა, მათ დამატებით დაიკავეს 36 კვარდატული კილომეტრი ხერსონის რაიონში.

ცნობისათვის, 21 აგვისტოს უკრაინული სარდლობა აცხადებდა, რომ ნიკოლაევის მიმართულებით მოწინააღმდეგეს „ნაწილობრივი წარმატება" ჰქონდა.

რას უნდა ველოდოთ რუსებისაგან

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთისგან რამდენიმე სცენარია მოსალოდნელი, მათ შორის ტერორისტული აქტებიც არაა გამორიცხული და თუ უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე ჩვეულებრივად ჩაატარა, გამოდის, რომ კრემლზე პოლიტიკურ-ტაქტიკურად გაიმარჯვებს. ეს ასევე უკრაინელი სამხედროების შემდგომი კონტრშეტევისთვის ერთგვარი სტიმული იქნება.

„24 აგვისტოს რუსეთისგან რამდენიმე სცენარია მოსალოდნელი, მაგალითად, დარტყმები ზღვიდან. რუსეთმა ორი დღის განმავლობაში შავი ზღვის აკვატორიაში თავისი ნაღმოსნებისა და სამხედრო გემების დაჯგუფება გააძლიერა, რომელსაც კიევის მიმართულებით ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტების „კალიბრებისა" და „ბასტიონების" გაშვება შეუძლია.

„ასევე არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა ავიაციის მეშვეობით საჰაერო დარტყმები განახორციელოს. დიდი ალბათობაა იმისაც, რომ დივერსიული ჯგუფები შეაგზავნონ, რომლებიც ტერაქტებს მოაწყობენ. არაა გამორიცხული, რომ ტერაქტი უშუალოდ კიევში მოაწყონ პრეზიდენტის, ასევე მაღალი პოლიტიკური ლიდერშიპის წინააღმდეგ და ა.შ. პრეიზდენტისა და სხვა ადმინისტრაციის შენობებზე ასევე შესაძლოა სარაკეტო იერიში მიიტანონ.

„ინტენსიურად ფრენა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმაც დაიწყეს, რომლებმაც შესაძლოა გაუშვან ჰაერი-მიწა ტიპის ფრთოსანი რაკეტები „იქს 110-111", რომელიც საკმაოდ მძლავრი და სერიოზული სარაკეტო კომპლექსია. ასევე არაა გამორიცხული, რომ კამიკაძე დრონები გამოიყენონ.

„კიევს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები აქვს, გარკვეულწილად დაცულია, მაგრამ 100%-იანი გარანტია არაა.

„24 აგვისტოს მართლაც საინტერესო დღის მომსწრენი ვიქნებით და საკმაოდ მნიშნელოვანი საკვანძო მომენტი იქნება, სადაც რუსული აგრესიის კულმინაციური სახე გამოჩნდება. უკრაინას შეუძლია საკუთარი დედაქალაქი და ის სამხერო-პოლიტიკური ღონისძიება დაიცვას, რომელიც უკრაინელებისთვისაც და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშნელოვანია.

„მაღალი ალბათობით კრემლი შეეცდება, რომ უკრაინას ეს დღე ჩაუშალოს. ეს მნიშნელოვანი პოლიტიკური ღონისძიებაა. ჩავთვალოთ, რომ თუკი უკრაინამ აღლუმი ჩაატარა და ამის დემონსტრირება მოახდინა, ეს კრემლზე ერთგვარი პოლიტიკურ-ტაქტიკური გამარჯვება იქნება. ეს იგივეა 1941 წლის 7 ნოემბერს ალყაშემორტყმულ მოსკოვში სტალინმა რომ აღლუმი ჩაატარა და გერმანელკებს აჩვენა, რომ ჩვენ არ დანებებულვართო. ამის შემდეგ საბჭოთა არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და ალყა გაარღვია. ეს უკრაინის შიარაღებული ძალებისთვისაც დიდი მორალური გამარჯვება იქნება.

„არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები „ტუ-160"-ები და „ტუ-95"-ებიც გამოიყენოს. მათ ბირთვული ქობინებისა და სხვა იარაღის გადატანა შუძლიათ. უბრალოდ ამ შემთხვევაში ისინი კიევს უფრო არაბირთვული ტიპის სტრატეგიული დანიშნულების იარაღით დაბომბავენ.

„თვალყურს ვადევნებ და უკრაინის საზღვართან ახლოს, რუსეთის რეგიონებში მოსკოვმა უკვე სტრატეგიული ბომბდამშენების განთავსება დაიწყო. ბელგოროდისა და კურსკის არეალებში საცდელი ფრენებიც განხორციელდა", - განაცხადა მაისაიამ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი რეზონანსთან" ამბობს, რომ ყველაზე მოსალოდნელი სცენარი მასიური დაბომბვებია და რუსები შეეცდებიან, რომ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელონ.

„ყველაზე მოსალოდნელი ალბათ მასიური დაბომბვებია, სარაკეტო საარტილერიო დარტმების განხორციელება ინფრასტრუქტურაზე და ქალაქებზე. 24 აგვისტო უკრაინის დღესასწაულია და რუსეთი ამასთან დაკავშირებით ალბათ რაღაცას მოიმოქმედებს, რომ უკრაინელებს მაქსიმალურად ჩაამწაროს. რაკეტებით ქალაქებზე დარტყმა კი ჩამწარებას ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დააზიანოს და ქალაქები დაანგრიოს.

„დღეს რუსეთი მეტს ვერაფერს ვერ შეძლებს. ბახმუტთან ჯერ კიდევ გაჭედილები არიან და სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებენ. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანონ", - განაცხადა კაპანაძემ.

რას შეიძლება გეგმავდეს უკრაინა

კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს თავად გეგმავდეს რაიმე მასშტაბურ სამხედრო ღონისძიებას, მაგალითად, ფართომასშტაბიან შეტევას, ვთქვათ, ხერსონის მიმართულებით, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ დღეს უკრაინა ამისთის მზად არაა.

„ასეთი ტიპის შეტევისათვის საკმაოდ სერიოზული მომზაებაა საჭირო. დღეს უკრაინა მზად არაა. სამწუხაროიდ, რამდენიმე „ჰაიმარსი" და გადაცემული შიარაღება საბრძოლო ამინდს არ ქმნის. ჯერ ასეთი მომზადება არ აქვთ და არაა გამორიცხული, რომ სექტემბერში უკვე შეძლოს.

„ახლა ფრონტზე დიდი განსხავება არაა. პოზიციური ბრძოლებია. უკრაინელებმა პარტიზანული და დივერსიული საქმიანობები გაააქტიურეს იგივე ხერსონი-მელიტოპოლისა და ანექსირებული ყირიმის მიმართულებით", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძეც იგივე აზრისაა.

„უკრაინა ჯერ ამისთვის მზად არაა. ვერც ხერსონზე და ვერც სხვა მიმართულებით ფართომასშტაბიან შეტევას ვერ განახორციელებს, რადგან ჯერ კიდევ დონბასი აქვს მოსაგერიებელი და მას სამხედრო ტექნიკური პოტენციალის ამაღლება სჭირდება, რათა ეს განახორციელოს. ამას მინიმუმ უახლოესი ერთი თვე მაინც ვერ შეძლებს", - განაცხადა კაპანაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

მან ფრონტზე დღეს არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილი სოლედარი-ბახმუტის მიმართულებაა. რუსები ამის აღებას ცდილობენ. ბახმუტი მნიშნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამის შემდეგ ისინი შეძლებენ კრამატორსკსა და სლავიანსკს სამხრეთით შემოუარონ.

„რუსებმა შეძლეს და ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე გამაგრდნენ, ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. ასევე მათ მოახერხეს და სოლედარის სამხრეთ-აღმოსავლეთით შევიდნენ, მაგრამ ჯერჯერობით წინაც ვერ მიდიან, რადგან უკრაინელებს სოლედარის მნიშვნელოვანი ნაწილი - მარილის საბადოების მიმდებარე ტერიტორია უკავიათ, რომელიც კარგადაა დაცული. რუსები ამ ზღუდეზე გაჩერებულები არიან, თუმცა ქალაქში შესულებიც არიან.

„ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებაზე გადაადგილებები არაა. წინსვლა არც უკრაინელებს აქვთ და არც რუსებს, თუმცა საარტილერიო ცეცხლის გაცვლა და სატრანშეო დაპირისპირება მიდის.

„რუსები ხარკოვის მიმართულებით ცდილობენ პოზიციები გაიუმჯობესონ, მაგრამ ჯერჯერობით დიდი წარმატებები არც აქ აქვთ. თუმცა ხარკოვის დასახლებულ რაიონებს უკვე არტილერიით ბომბავენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×