ია აბულაშვილი
22.08.2022

შეიძლება დღეს ძალაუფლება ქუჩაში აგდია, მაგრამ ოპოზიცია მას ხელში ვერ აიღებს, რადგან სუსტია - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „ცხელ შემოდგომას." „რეზონანსი" მას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: შემოდგომაზე დავინახავთ, რა შეუძლია ოპოზიციას. დღეის მოცემულობით, შეიძლება ძალაუფლება ქუჩაში აგდია, მაგრამ ოპოზიცია ხელში ვერ აიღებს, რადგან სუსტია. სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, ამის რესურსი არ აქვს და ამ გზაზე არც ხალხი გაჰყვება. დღეს ოპოზიციის მთავარი კოზირია, არ შესრულდეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები და ამას ყოველმხრივ შეეწინააღმდეგება. ვითარების გასამწვავებლად სწორედ ამ ბერკეტს გამოიყენებს, რა მეთოდებით, არ ვიცი, იქნება ეს ბოიკოტი, დაუმორჩილებლობა თუ გაფიცვა, მაგრამ მიზნის მისაღწევად საჭიროა გაერთიანება, ერთიანი პროგრამა და ფინანსები. რაც მთავარია, ერთიანი ლიდერი, რომელიც პროცესს გაუძღვება. ასეთი ლიდერი დღეს არ ჩანს, მაგრამ როგორც 2012 წელს, ოპოზიციაშიც შეიძლება გამოჩნდეს ბიძინასნაირი ახალი ლიდერი.

„რეზონანსი": ანუ „ოცნებას" შემოდგომაზე ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება?

ი.კ: ხელისუფლებაში უკვე მსჯელობენ სათადარიგო ვარიანტზე. პროტესტი თუ გაძლიერდება, ოპოზიცია აუცილებლად მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, ხელისუფლება კი გადმოაგდებს მაშველ რგოლს და ეს, დიდი ალბათობით, იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა. ბიძინამ თადარიგი უკვე დაიჭირა, რადგან იცის, რომ 2024 წლის არჩევნებს ვეღარ მოიგებს. ბურთი უკვე ჩააწოდა, რომელიც "ოცნებიდან" წამოსულმა ოთხეულმა უნდა გაიტანოს კარში. საზოგადოებას თუ დაარწმუნებენ, რომ „ოცნებასთან" კავშირი მართლაც გაწყვიტეს და პოლიტიკური თამაში არ არის, შეიძლება მასამე ძალაც გახდეს და მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც წაართვას ხმები. პირადად მე ამ ოთხეულის პოზიცია მაგონებს ზვიად გამსახურდიას თეზას, რომელიც გვაუწყებდა, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო მიბმული არც ერთ სახელმწიფოსთან, მაგრამ ყველასთან უნდა ეთანამშრომლა.

რაც შეეხება უახლოესი პერიოდის მოვლენებს, რაც შეიძლება ქართულ პოლიტიკაში განვთარდეს, უფრო სამთავრობო ცვლილებას ველოდები, რადგან გუნდი განახლებას მოითხოვს, რაც განსაკუთრებით ეხება განათლებას და კულტურას - ბიძინას უსუსტესი წერტილი ხომ საკადრო პოლიტიკაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×