თამთა ჩაჩანიძე
22.08.2022

ხალხში რევოლუციური განწყობები მაინც არაა. არა მგონია, რომ ასეთი ლიდერების პირობებში რევოლუცია შესაძლებელი იყოს. სააკაშვილმა, რომ აქტუალობა დაკარგა, ეს უკვე ცალსახაა. ქარიზმატული და სანდო ლიდერის გარეშე კი ოპოზიციის შანსები მცირდება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„რეზონანსი": „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება, ელოდებით თუ არა 2024 წლამდე რაიმე სახის პოლიტიკურ ცვლილებას?

ზაალ ანჯაფარიძე: ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ხელისუფლება რამდენად ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს. საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რევოლუციური სცენარის მომწიფებას ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, ან ხელისუფლების სტრუქტურებში ჩანერგილი ხალხის მიერ პატარა საბოტაჟის აქტები უწყობს ხელს, რომელსაც მერე ზვავის ეფექტი აქვს. ამიტომაც თუ სახელმწიფო ინსტიტუტები სწორად იმუშავებენ, ხელისუფლებამ შეცდომები არ დაუშვა და დროზე განახორციელა ის პროგრამები, რაც მოსახლეობას სჭირდება და ხალხმაც ეს დაინახა. ამასთან, რაც მთავარია დეზინფორმაცია დროზე ამხილა, რაც გარკვეული მედიასაშუალებებიდან მოდის, ამ შემთხვევაში რევოლუციური მზადების ნიადაგი, „შაგრენის ტყავივით" შეიკუმშება, რადგან მათ იმისათვის საყრდენი აღარ დარჩებათ, რომ ხალხი გარეთ გამოიყვანონ.

მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდიონარე, დღეს დალხინებული ცხოვრება არავის არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ხალხში რევოლუციური განწყობები მაინც არაა. ხალხმა რევოლუცია ერთხელ იწვნია. რაც მთავარია რევოლუციის ავანგარდში რომ მოყირჭებულ სახეებს ხედავენ, იგივე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, უგულავას, ბოკერიას, მელიას, ვაშაძეს, მანჯგალაძეს, (თამარ) ჩარკვიანს, ისინი საზოგადოებაში არანაირი ნდობით, პატივისცემით და მხარდაჭერით არ სარგებლობენ, არა მგონია, რომ ასეთი ლიდერების პირობებში რევოლუცია შესაძლებელი იყოს. სააკაშვილმა, რომ აქტუალობა დაკარგა, ეს უკვე ცალსახაა. ქარიზმატული და სანდო ლიდერის გარეშე კი ოპოზიციის შანსები მცირდება.

ამასთან, სხვა ექსპერტების მოსაზრებას დავეთანხმები იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია საზოგადოებას არაფერს ღირებულს არ სთავაზობს, სთავაზობს მხოლოდ საკუთარ თავს, რომ ჩვენ კარგები ვართ და ისინი ცუდები არიან, გაუშვით და ხელისუფლებაში ჩვენ მოგვიყვანეთო.

„რ": მაგალითად რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ საზოგადოებას?

ზ.ა: ოპოზიციამ საზოგადოებას კონკრეტული გეგმა უნდა შესთავაზოს, რომ როცა ხელისუფლებაში მოვა, ამას და ამას გააკეთებს და გააუმჯობესებს, რის შედეგადაც ადამიანები სარგებელს მიიღებენ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი რეალისტურად და შესრულებადად უნდა გამოიყურებოდეს. 30 წლის მანძილზე ჩვენი ამომრჩეველი რაღაც დოზით გაიზარდა, ბევრი მათგანი კი ტყუვდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციის სატყუარების კრიტიკულად შეფასებას იწყებს, ხედავს, რომ ეს აბსოლუტურად არარეალისტურია, რაც მათში უნდობლობას იწვებს, უნდობლობას კი ის მოჰყვება, რომ ოპოზიციის გამოცხადებულ აქციაზე უბრალოდ არ წავა.

„რ.": როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების მორიგ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ისფედის" გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და ენმ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს...

ზ.ა: ეს განცხადება ერთის მხრივ უტრირებულად მეჩვენება, მაგრამ მეორე მხრივ თუ აშშ-ს საელჩოს ბოლოდროინდელ ქმედებებს გავითვალისწინებთ, რაღაც მცირე ეჭვის საფუძველს ტოვებს. აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები ცალკე აღებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ასე თავგამოდებით რომ ექომაგებიან. სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ „ისფედით" ხომ არ შემოიფარგლება?!

ჩვენი სამოქალაქო სექტორი გაცილებით დიდი და ფართო წარმომადგენლობისაა, 22 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. შესაძლოა ყველა მოქმედი არაა, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებსაც საარჩევნო საკითხებში ასევე მდიდარი გამოცდილება აქვთ და როცა ამ ერთ ორგანიზაციაზე ასეთი ხმაური ტყდება, ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს იწვევს.

წლებია სამოქალაქო სექტორში ვმუშაობდი და მისი განვითარების ეტაპები ვიცი, დღევანდელი სამოქალაქო სექტორი ის არაა, რაც 2012 წლმადე იყო. 10-15 არასამთავრობო ორგანიზაციას სიტუაცია ფაქტიურად მონოპოლიზებული აქვთ. ისინი ჩვენი საერთაშორისო დონორებისგან ინტენსიურად ფინანსდებიან და შეიძლება ითქვას, რომ სეართაშორისო საზოგადოებისა და დონორებისთვის სამოქალაქო სექტორის სახეს ისინი წარმოადგენენ. ესენი კი სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც რევოლუციის მცდლობაში მონაწილეობდნენ, როდესაც ე.წ. სახალხო მოძრაობა ჩამოაყალიბეს და ტენიკური მთავრობის შექმნას ითხოვდნენ. თანაც ამას აუცილებლად არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა მონაწილეობით მოითხოვდნენ და ეს რა თქმა უნდა მათი მოუკერძოებლობის და პოლიტიკური ანგაჟირებულობის კუთხით კითხვებს ბადებს.

ფაქტია, რომ ეს ორგანიზაციები ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებულები არიან. „ისფედის" პარალელური დათვლის შედეგები გვახსოვს, რომელსაც ოპოზიცია ძირითად ინსტრუმენტად იყენებდა, რომ რევოლუციური ქმედებები გაემართლებინა, შემდეგ 8%-იან დისბალანსთან დაკავშირებით მათი დასკვნა იყო. ეს გადაცდომა ხელისუფლებას რომ არ ემხილებინა, ყველაფერი ჩვეულებრივად წავიდოდა და შესაძლოა ქვეყანაში ისეთივე პროცესები მიგვეღო, რაც 2003 წელს იყო.

2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლება ისეთი დაუძლურებული და ჩამოშლილი იყო, რომ აზრად არც მოსვლია პარალელური დათვლის შედეგები გადაემოწმებინა, რომელიც მაშინ „ისფედმა" დადო, თუ ის რეალობასთან რამდენად ახლოს იყო. სწორედ ის „პივიტი", რაც მან დადო, რევოლუციის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ის განცხადება, რაც ოთხეულმა გააკეთა, ცოტა უტრირებული იყოს, მაგრამ ეჭვების და კითხვების საფუძველი ნამდვილად არის.

„რ": თქვნი აზრით, რას აპირებს და რისთვის ემზადება ოპოზიცია შემოდგომისთვის? მაგალითად გავრცელდა ვიდეო სახელად „მზადება", სადაც „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტი აზომა.

ზ.ა: ეს ხელისუფლების გამოწვევის მაჩვენებელია. ფსიქიკაზე ზემოწმედებენ, ვითომ წავიდა, გაზომა, რომ მერე ამაზე მედიამ ტელესიუჟეტებში ილაპარაკოს, ეს თემა ასწიონ და შემდეგ ხალხი პანიკაში ჩააგდონ, რომ ესე იგი რევოლუცია იგეგმება და ხელისუფლების ჩამოგდებას მართლა ხომ არ აპირებენო. სურთ, რომ ხელისუფლების მიმართ ნიჰილიზმი დათესონ, ეს ძალიან ნაცადი მეთოდია, აკერმანის და ჯინ შარპის სახელმძღვანელოს თუ წავიკითხავთ, იქ იგივე მეთოდიკაა აღწერილი, ანუ ხელისუფლების დაზაფვრა, წყობილებიდან გამოყვანა, შიშის გაჩენა და ა.შ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს არც პიროვნული თვისებებით და არც ავტორიტეტით, რომ საზოგადოიების ნაწილის მობილიზება არ შეუძლია, ეს ყველამ იცის. პატარა, მდარე ხასიათის გამოხტომები და აზომვები, სწორედ მედიის ყურადღების მიპყრობასა და რამდენიმე დღით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ემსახურება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×