რეზონანსი
18.07.2022

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, დაკავების მომენტში მის მიერ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და ადგილი ჰქონდა მისი ოჯახის წევრების წამებას.

მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ.

„ჩემ მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა, 4 საათი სასწრაფო არ გამომიძახეს და მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. არ დამარეკინეს ადვოკატთან, ყველა ტელეფონი ჩამომართვეს. ბოლო შეურაცხყოფა რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ რომ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ" და რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ. თქვენ [ბრალდების მხარეს] უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მე მიცავდეთ, ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, არც კი აღნიშნავთ იმ გარემოებებს, რაც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა",- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×