რეზონანსი
17.07.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ საკანონმდებლო ორგანოში სესია არ ტარდება, არ ნიშნავს იმას, რომ საკომიტეტო მუშაობაც შეჩერებულია.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ არაერთხელ ავხსენით, თუ რატომ არ იყო საჭირო რიგგარეშე სესიის მოწვევა. პირველი არის ის, რომ ვერცერთი საკითხი ვერ გავა სესიაზე, თუ კომიტეტზე არ განიხილება. ჩვენ ვნახეთ, რომ დღის წესრიგში რა საკითხებიცაა, მათგან კომიტეტზე არცერთი არ არის განხილული. რადიკალური ოპოზიციის მეორე არგუმენტი, რომ 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, არც ის საკითხებია დღის წესრიგში, რომლებიც 12 რეკომენდაციაშია ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ დადებული. ამავდროულად, ჩვენ კომიტეტის სხდომებს ვატარებთ, რიგგარეშე სესია კომიტეტების მუშაობასთან კავშირში არაა, კომიტეტები ჩვეულებრივ, ახლაც მუშაობენ და მეტიც, ამ კომიტეტებზე საპარლამენტო ოპოზიცია არ დადის", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ხვალ გაირკვევა, შედგება თუ არა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია​. საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღონ. რიგგარეშე სხდომა გახსნილად რომ გამოცხადდეს, მას 76 დეპუტატი მაინც უნდა ესწრებოდეს. იქამდე, პოლიტიკური განწყობები უკვე ცნობილია. ოპოზიცია კმაყოფილია. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ამ სესიას რეკომენდაციების შესრულებასთან საერთო არაფერი აქვს და რეკომენდაციებზე მუშაობა სამუშაო ჯგუფებში უკვე დაწყებულია, რასაც ოპოზიციის ნაწილი არც კი ესწრება.

პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე განკარგულებას ხელი 15 ივლისს მოაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×