თამთა ჩაჩანიძე
27.06.2022

„დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები უკრაინაში საოკუპაციო ძალების შეჭრას, სამხედრო თავდასხმებს გმობენ და აცხადებენ, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გვერდში ბოლომდე დაუდგებიან და საჭირო სამხედრო, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ. უკრაინის ხელისუფლებაც იმედოვნებს, რომ ლიდერებს, რომლებიც გერმანიაში სამიტზე შეიკრიბნენ, აქვთ საკმარისი საერთო პოტენციალი, რათა შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინის და მთლიანად ევროპის წინააღმდეგ.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, „დიდი შვიდეულის" ლიდერებს აქვთ ერთიანობის პრინციპი უკრაინის თემასთან დაკავშირებით და მუშაობენ იმ მექანიზმებზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართულებით დამატებითი უფრო მკაცრი ნაბიჯები გადაიდგას. ასევე წამოიჭრა იმ მნიშვნელოვანი სამხედრო თუ ეკონომიკური დახმარების საკითხები, რომელიც დღეს კიევს სჭირდება.

ამასთან, რუსეთისთვის დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნავთობისა და გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი, როგორც ეკონომიკური ისე სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, ექსპერტების შეფასებით, „დიდი შვიდეულის" ქვეყნები ნავთობპროდუქტების ფასის დაწევას ცდილობენ, რათა რუსეთის შემოსავალი მნიშვნელოვნად იკლოს.

გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების გარდა, სამიტს დაესწრნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. გერმანიის „დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობის პროგრამის სლოგანია „პროგრესი სამართლიანი სამყაროსთვის".

ორდღიანი სამიტის ფარგლებში განხილვის მთავარი საკითხებია: უკრაინაში არსებული ვითარება, მსოფლიო სასურსათო კრიზისი, ენერგტიკული უსაფრთხოება, ციფრული კომუნიკაციები. ასევე განხილვაში იყო თემები ჯანდაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სამიტის დაწყებამდე განაცხადეს, გერმანია და შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთობლივად იმოქმედებენ.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეულის" ქვეყნები, ისევე როგორც ნატო და ევროკავშირი თავიდანვე ერთად მოქმედებდნენ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„ჩვენ ერთიანნი ვართ იმის შეფასებაში, რაც ეხება უკრაინას, იმ საკითხზე, რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია, მკაფიოდ განვაცხადო - გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება შემდეგაც - მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით.

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, პუტინი არ ელოდა, რომ უკრაინის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა, ისევე როგორც უკრაინელების გამბედაობა და გამძლეობა თავიანთი სახელმწიფოს და დემოკრატიის დაცვაში მისი მუდმივი თავის ტკივილი გახდებოდა",- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „დიდი შვიდეულის" ლიდერებს, რომლებიც გერმანიაში სამიტზე შეიკრიბნენ, აქვთ საკმარისი საერთო პოტენციალი, რათა შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინის და მთლიანად ევროპის წინააღმდეგ.მისი თქმით, რუსული იარაღის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღით.

ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის გადმოცემის შეფერხება, ნებისმიერი შეზღუდვა რეალურად არის მოწვევა რუსეთისთვის კვლავ დაგვარტყას და დაგვარტყას. ოკუპანტებს - ამ ტერორისტებს - მთელი ძალით უნდა დავარტყათ.

„მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ. დროულად გვჭირდება - იარაღი, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამ ომში სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან სწორედ აქ - კიევის ცაზე, ოდესასთან მახლობლად ზღვაში, ხარკოვის მიწაზე, დონბასში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში - წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში. აქ, უკრაინაში და არსად სხვაგან,"- აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში "სტრატეგიული მიზნების შესრულება" ვერ შეძლო. უკრაინაში "ტაქტიკური, სასტიკი ბრძოლა" მიმდინარეობს, თუმცა, დასძენს, რომ „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა" პუტინზე დიდხანს იარსებებს.

„მოდით, ნუ ავურევთ ტაქტიკურს სტრატეგიულთან. რაც შეეხება პუტინის სტრატეგიულ მიზნებს, უკვე მარცხი განიცადა. მისი სტრატეგიული მიზანი იყო უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასრულება, მისი რუკიდან წაშლა, რუსეთისთვის დაქვემდებარება - რაც ჩაიშალა", - განაცხადა ბლინკენმა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, იმარჯვებს თუ არა რუსეთი ომში.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამიტზე უკრაინის დახმარების კუთხით საუბარი შეეხება ისეთ მექანიზმებს, რომელიც რუსეთს მაქციმალურად შეაკავებს, რომელთა შორის განიხილება დამატებითი სანქციები და სამხედრო დახმარება.

„გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგალითად აშშ-მა და კანადამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი შეზღუდეს. ახლა განიხილება ის საკითხები, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უკავშირდება, საუბარია პირველ რიგში საარტილერიო საშუალო და შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებზე, რომ უკრაინას მიეწოდოს, რადგან ამ კუთხით რუსეთს უპირატესობა აქვს.

„მაგალითად კვირას კიევი კასპიის რეგიონიდან შორი მანძილის რაკეტებით დაიბომბა, რომელთა მოქმედების რადიუსი სადღაც 5 ათას კილომეტრს სცდება, ეს კი ბუნებრივია დიდი პრობლემაა. საუბარია სხვა ტიპის შეიარაღების გადაცემაზეც.

„სხვა ზომებს რაც შეეხება, მუშაობენ იმ მექანიზმებზე, რომ დასავლეთი რუსულ ბუნებრივ აირზე მქსიმალურად გათავისუფლდეს, ასევე ნავთობთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები არსებობდეს, მაგალითად, გადადგან ნაბიჯები ფასების დაცემის კუთხით, რომ რუსეთმა დამატებითი შემოსავლები ვეღარ მიიღოს.

„ბლუმბერგის" მონაცემებით, ნავთობის და გაზის რეალიზების შედეგად რუსეთმა წლის ბოლოს შესაძლოა 300 მილიარდი დოლარი მიიღოს. „დიდი შვიდეულის" მცდელობაა, ნავთობზე ფასები დაეცეს, რომ რუსეთის შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლოს. „დიდი შვიდეულის" ფარგლებში უკრაინის კონტექსტში საუბარია სამხედრო და ეკონომიკურ შემადგენელზე, ჩემი აზრით დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან ნაბიჯებს უკვე დგამს.

„რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვან როლს ნავთობი და გაზი თამაშობს. რუსეთს ამის ხარჯზე ჯერ კიდევ აქვს როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური რესურსი, თუმცა ეს თანდათან ეწურება. აქედან გამომდინარე, დამატებითი ზომები მისაღებია, როგორც სანქციების, ისე სამხედრო დახმარების კუთხით, რადგან სარაკეტო სფეროში რუსეთს უკრაინაში გარკვეული უპირატესობა აქვს. დასავლეთმა ეს უპირატესობა რუსეთს უნდა ჩამოართვას",- განაცხადა ჩიტაძემ.

ექსპერტი უსაფრეთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ამ სამიტის ფარგლებში უკრაინის გამარჯვებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

„რამდენადაც ვიცი გადაწყდა, რომ ევროკავშირის ეგიდით უკრაინისთვის 9 მილიარდი ევრო გამოიყოფა. მეორე მომენტი ის იყო, რომ საკმაოდ საინეტერესო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სანქციები რუსულ ოქროზე გავრცელდეს, რაც სერიოზულია, სხვა სახელმწიფოები რამდენად შეუერთდებიან, ეს სხვა საკითხია, თუმცა, ემბარგო ოქროზე და ეკონომიკური საკითხები, რომ წამოაყენეს, ეს უკვე საინტერესოა.

„მესამე, შეთანხმდნენ, რომ „დიდი შვიდეულისა" და განვითარებული ქვეყნები უკრაინასთან ურთიერთობის გაღრმავებას დაიწყებენ. რაც საკმაოდ სერიოზულია.

„გერმანელებმა და უკრაინელებმა საკმაოდ მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომ უკრაინას რაკეტსაწინააღმდგეო თავდაცვის სისტემა „ირის-ტ" გადაეცემა, რომელიც სერიოზული სისტემაა და ძლიერი კომპონენტია, ალბათ სამიტის ფარგლებში ამაზეც იქნებოდა საუბარი" - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×