თეონა ვეშაგური
27.06.2022

8 წელი გავიდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან, რის შესახებაც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი 3 ძირითად შედეგზე გააკეთა: თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მინიჭება.

მანვე აღნიშნა, რომ სამი ძირითადი მიღწევის გარდა, საქართველოს ყველა მიმართულებით - ევრორეგულაციებისა და ევროდირექტივების მხრივ, დაახლოებით 45%-ია შესრულებული აქვს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალ ნატოს სამიტი იწყება, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა, საქართველომ შეძლო, რომ 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, რაც მე ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს. მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ მონაცემებს. გამოდის, რომ ამ წელს, 5 თვეში, გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში.

„იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი წელს, პირველ კვარტალში.

„ამასთან, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ამას რა თქმა უნდა, ჩვენ შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა ახლა და რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამი ძირითადი მიღწევის გარდა, საქართველოს ყველა მიმართულებით, იქნება ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული.

"რამდენიმე ძირითადი შედეგი მინდა გამოვყო, ამ სამი ძირითადი მიღწევის გარდა ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრორეგულაციებისა და ევროდირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული. "DCFTA-ს" ნაწილში უკვე შესრულებული გვაქვს 50%-ზე მეტი.

„განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორი არის ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის ეს არის "ერასმუსი+", "ჰორიზონტი 2020", "შემოქმედებითი ევროპა", "ფრონტექს", "ევროჯასტი", ეს ყველაფერი არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში შეძლო, მოახერხა და მიიღო. "ერასმუსის" პროგრამაში მონაწილეობის მხრივ, საქართველო იკავებს მეექვსე ადგის, პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის. ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა.

"ეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, როდესაც ქვეყანა გახდა ასოცირებული წევრი ევროკავშირის და რეალურად, მას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 8 წლის წინ მე მქონდა პატივი ჩვენი ქვეყნის სახელით ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე და მას შემდეგ, მინდა გამოვყო რამდენიმე ძირითადი ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო.

„პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც გვაქვს ჩვენ, ქვეყანას, ევროკავშირთან და მას შემდეგ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს, ვაჭრობა იზრდება ევროკავშირში და ჩვენს მეწარმეებს გააქვთ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, ნულოვანი ბარიერის გარეშე. მეორე მთავარი მიღწევა, ეს არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით გადაადგილდება უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც, რა თქმა უნდა, ასევე, ძალიან ხელშესახები შედეგია და მესამე, ახლა უკვე ჩვენი ევროპელი ლიდერების მიერ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ მათი გაცხადებული დაპირება, რომ ქვეყანა გახდება ევროკაშირის წევრი სახელმწიფო. ეს სამი ძირითადი მონაპოვარი, სულ რაღაც 8 წლის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში, მოახერხა "ქართულმა ოცნებამ"", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს.

"მინდა ასევე შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ მოლაპარაკების პროცესი. აღარაფერს ვსაუბრობ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერით და მიღებით, მოპოვებით, უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე შეგახსენებთ, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას მიენიჭა.

„მჯერა, რომ ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ კანდიდატის სტატუსსაც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. ეს არის რეალური, რაც ქვეყანამ შეძლო ჩვენი მმართველობის ქვეშ.

„კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო კონსტიტუციაში ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრება. ეს განისაზღვრა კონსტიტუციის დონეზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ორიენტაცია არის სწორედ ევროატლანტიკური. ეს, რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენი გუნდის დამსახურებაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ხვალ ნატოს სამიტი იწყებვა, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

"პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას ექნება მაღალი დონის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან.

„მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ერთდროულად გავხსენით ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში და ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა ჩვენი ჯარის. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმის პროცესი, ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×