თეონა ვეშაგური
26.06.2022

კიდევ ერთი ოკუპირებული ქალაქი უკრაინაში - სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქი სრულად რუსების კონტროლის ქვეშაა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამას წმინდა სამხედრო მნიშვნელობის გარდა, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლის დასამყარებლად რუსებს მხოლოდ ერთი ქალაქის, ლისიჩანსკის აღება დარჩათ.

თუმცა, ზოგადად, უკრაინელთა მდგომარეობა უიმედო არ არის. ანალიტიკოსთა შეფასებით, ფრონტის ზოგ უბანზე უკრაინელებს აქვთ უპირატესობა. ამასთან, უკრაინაში ჩავიდა ლენდ-ლიზის აქტით გათვალისწინებული მნიშნელოვანი დახმარება - მაღალი მობილობის ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსები", რომლებიც უკრაინელებმა უკვე ჩართეს საბრძოლო მოქმედებებში და საკმაოდ წარმატებითაც.

ყველაზე ცხელ მიმართულებად კი კვლავ სევეროდონეცკი-ლისიჩანსკი რჩება. სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინულმა ნაწილებმა სრულად დატოვეს ქალაქი და მათ შორის ქარხანა „აზოტის" ტერიტორია. თუმცა, ქარხანაშ კვლავ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა მათი ევაკუაცია მხოლოდ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისკენ არის შესაძლებელი.

„რუსი ოკუპანტები განაგრძობენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ხარკივის მიმართულებით მტერი ახორციელებს სარაკეტო იერიშებს.

„დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები თავდაცვის ძალების ნაწილების ალყაში მოქცევას ცდილობენ. სამხრეთ ბაგის მიმართულებით ჩვენმა სამხედროებმა მტრის პოზიციებზე იერიშები მიიტანეს.

„შავ და აზოვის ზღვებში მტრის გემების ჯგუფის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გემების დაბლოკვაზე. „კალიბრის" ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტების ორი მატარებელი მზად არის შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად. ჩვენი ქვედანაყოფები გარკვეულ რაიონებში სარაკეტო და საარტილერიო იერიშების წარმატებით ახორციელებენ," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტუპუნმა.

სევეროდონეცკის დაცემა და მისი შედეგები

შაბათს, სევეროდონეცკის აღება დაადასტურა ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ. მისი ცნობით, ქალაქში ინფრასტრუქტურის 90% სრულად განადგურებულია და არ არსებობს ქმედითი თავდაცვითი ზღუდეები, რის გამოც გენშტაბმა მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, ქალაქიდან სრულად გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მანამდე სევეროდონეცკის მერმა, ალექსანდრე სტრიუკმაც, განაცხადა.

25 ივნისის საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული შენაერთების გაყვანის შემდეგ რუსული ჯარები პოზიციებს ამაგრებენ სევეროდონეცკის, სიროტინოს, ვორონოვოს და ბოროვსკოეს დასახლებების რაიონებში.

ბოლო ცნობების მიხედვით, საოკუპაციო ძალებმა გაიმყარეს პოზიციები ლუგანსკის ოლქის უდიდეს ნაწილზე. საოკუპაციო ძალა ჯერჯერობით ვერ შედის ლისიჩანსკში. აქ უკრაინელი სამხედროები ყველა სტრატეგიულ წერტილს აკონტროლებენ. თუმცა არაოფიციალური ცნობებით ქალაქი ალყაშია.

თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გამოაცხადა, სრული კონტროლის დაამყარება ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკზე.

როგორც რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა, განაცხადა, სევეროდონეცკის გარდა, ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" მებრძოლებმა, გენერალ სერგეი სუროვკინის მეთაურობით რუსული ჯარების მხარდაჭერით, მთლიანად დაიკავეს ქალაქი ბოროვსკოე, ასევე ვორონოვოსა და სიროტინოს დასახლებები. კონაშენკოვი ასევე ამტკიცებს, რომ „სევეროდნეცკის „აზოტის" საწარმოს სამრეწველო ზონის წინააღმდეგობის ცენტრად გადაქცევის მცდელობა ჩაიშალა".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სევეროდონეცკს ორივე მხარისათვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

„დღეის მდგომარეობით, საკმაოდ რთული ვითარებაა უკრაინაში. მიდის პოზიციური ბრძოლები მთელ ფრონტზე. გარკვეული მიმართულებით უპირატესობა აქვთ უკრაინელებს, ზოგიერთზე კი რუსებს. ასე არათანაბრად ვითარდება საბრძოლო მოქმედებები. ხერსონის მიმართულებით უფრო ძლიერია უკრაინის პოზიციები. სამაგიეროდ ინიციატივა აქვთ რუსებს დონბასში და ფაქტიურად აღებულია ლუგანსკის რეგიონი, ქუჩის ბრძოლები მიდის ლისიჩანსკში და ტაქტიკური უკან დახევაც დაიწყეს უკრაინელებმა სევეროდონეცკიდან.

„სევეროდონეცკის ოკუპაცია ნიშნავს, რომ ფაქტიურად რუსები უკვე გავიდნენ ლუგანსკის ტერიტორიაზე. შესაძლოა რუსებმა შეძლონ და სრულად დაიკავონ სოლედარი, სლავიანსკი და კრამატორსკი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სევეროდონეცკის დაკავება ორივე მხარისთვის.

„რაც შეეხება ლისიჩანსკს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური უკანდახევით შეძლეს თავიაანთი ცოცხალი ძალის შენარჩუნება და უფრო ძლიერ თავდაცვით ხაზზე გადაყვანა. მათ არ მისცეს საშუალება მოწინააღმდეგეს მოეშალა ფრონტის ხაზიდან. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, არ არის გამორიცხული უპირატესობა აიღონ უკრაინელებმა", - განაცხადა მაისაიამ.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" კი აცხადებს, რომ სევეროდონეცკში მოქმედებდა ლუგანსკის ოლქის უკრაინული ადმინისტრაცია. ამიტომ მის დაკავებას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა რუსებისთვის. მისივე თქმით, უკრაინელებს გაუჭირდებათ ლისიჩანსკის შენარჩუნებაც.

„სევეროდონეცკის აღებას უფრო მეტად ექნება ფსიქოლოგიური და პოლიტიკური შედეგი. ამასთან, სევეროდონეცკი იყო ერთერთი ყველაზე დიდი ქალაქი დარჩენილი ლუგანსკის ოლქში, სადაც მოქმედებდა ოლქის უკრაინული ადმინისტრაცია.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ლისიჩანსკი ჯერ კიდევ დგას, თუმცა არ არის გამორიცხული ალაყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად იქიდანაც გამოიყვანოს ძალები უკრაინამ და ორგანიზებულად დაიხიონ უკან შემდეგი თავდაცვითი ზღუდის მოსაწყობად. ამ შემთხვევაში რუსები ფაქტიურად გადიან ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

„რუსეთის არმიას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, თუ უკრაინელებმა არ გაიყვანეს დანაყოფები ლისიჩანსკიდან. ამჟამად ის მოწყვლადია რუსების შეტევების მიმართ და უკრაინელებს გაუჭირდებათ ლისიჩანსკის შენარჩუნება", - განაცხადა კაპანაძემ „რეზონანსთან".

რას შეცვლის „ჰაიმარსები"

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ლენდ-ლიზის კანონის ხელმოწერიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, უკრაინაში ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსები" ჩავიდა. სპეციალისტთა შეფასებით, ეს საკმაოდ ეფექტური ეფექტური იარაღია, რომელიც გამოირჩევა დიდი სიზუსტითა და მაღალი მობილობით. მისი მოქმედების სიშორე კი 80 კილომეტრია.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ამ იარაღის გამოყენება მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის არტილერიის ეფექტურობას, რადგანაც უკრაინელები შეძლებენ მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში მისწვდნენ რუსების სამეთაურო პუქტებსა თუ საწყობებს.

„ჰაიმარსების" ჩასვლას უკრაინაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს საშუალებას აძლევს უკრაინულ მხარეს განახორციელოს სიღრმითი მოქმედებები, რაც გულისხმობს, რომ ისინი შეძლებენ მისწვდნენ რუსული არმიის მართვის პუნქტებს. ასევე შეუძლიათ მიწვდნენ საველე და მოძრავ საწყობებს, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა კაპანაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიას კი აცხადებს, უკრაინელებმა უკვე გამოსცადეს „ჰაიმარსები" საბრძოლო მოქმდებებში და საკმაოდ წარმატებითაც.

„ამერიკული საარტილერიო სისტემის „ჰაიმარსების" ჩასვლამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში გარკვეული ეფექტი უკვე მოახდინა. უკრაინელებმა ის გამოიყენეს ხერსონის მიდამოებში და ასევე ხარკოვთანაც, ამით მათ შეძლეს რუსეთის მე-20 არმიის ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის განადგურება. რამაც საკმაოდ სერიოზული გავლენა მოახდინა რუსების შეტევითი ტემპის დაგდებაზე", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×