რეზონანსი
27.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ მათი ერთობლივი განცხადება ცალმხრივად შეცვალა. დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიაში თეთრი სახლის ხელმძღვანელმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთი გააფრთხილეს, თავი შეეკავებინა „განზრახ ან უნებლიე“ ქმედებებისგან, რომლებსაც შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომის სხვა ქვეყნებზე გავრცელება გამოეწვია.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში ფორმულირება შეცვალა და დაამატა, რომ ომის გაფართოებისკენ მიმართული „ნებისმიერი ქმედებისგან“ თავი უკრაინამაც უნდა შეიკავოს.

აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ნატოს გენერალური მდივნისთვის „მოულოდნელი“ აღმოჩნდა, — წერს Politico. გამოცემის ალიანსში არსებული წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველი ტექსტი ორივე მხარეს ოფიციალურად ჰქონდა შეთანხმებული, ხოლო ტრამპის მიერ შეტანილი ცვლილება რუტესთან განხილული არ ყოფილა.

ამასთან, განცხადების ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ კრემლში მიიჩნიეს, რომ საუბარი კიევის და არა მოსკოვის ქმედებებს ეხებოდა.

„რაც შეეხება უკრაინაში კონფლიქტის გაფართოებას, როგორც ჩანს, იგულისხმება კიევის რეჟიმის მცდელობები, გააფართოოს ამ კონფლიქტის გეოგრაფია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მან ასევე ახსენა უკრაინის აქტიურობა ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში და დასძინა, რომ ეს სანაპირო სახელმწიფოებისა და, სავარაუდოდ, ნატოს წევრი ქვეყნების „შეშფოთებას იწვევს“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×