
27 ნოემბრის ღამეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვს დაესხნენ თავს. „დაშავებულები არ არიან. წინასწარი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დაზიანება არ დაფიქსირებულა“, — დაწერა რეგიონის ხელმძღვანელმა დმიტრი მილიაევმა Telegram-ის არხზე.
აფეთქებების ხმა ეფრემოვის თბოელექტროცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ისმოდა, რის შემდეგაც ქალაქში გათბობა გაითიშა. თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრების საფუძველზე გამოცემამ დაადგინა, რომ სულ მცირე ერთი დრონი, შესაძლოა, ენერგეტიკულ ობიექტს მოხვდა.
თბოელექტროცენტრალი ქალაქსა და იქ განთავსებულ სამრეწველო საწარმოებს, მათ შორის ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხანას, ელექტროენერგიითა და თბური ენერგიით ამარაგებს.
აღნიშნული საწარმოც დრონების ღამის შეტევის სამიზნე გახდა. გამოქვეყნდა ქარხანაზე დარტყმის ამსახველი ვიდეო, რის შემდეგაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
1933 წელს დაარსებული ქარხანა სხვადასხვა სახის პოლიმერებსა და კაუჩუკს აწარმოებს. მის პროდუქციაში შედის ჰიდროქსილირებული პოლიბუტადიენი - სპეციალური პოლიმერული მასალა, რომელიც, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მყარი სარაკეტო საწვავის წარმოებისთვის გამოიყენება, მათ შორის „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტებისთვის.
მანამდე დრონებმა ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხანას მიმდინარე წლის 25 სექტემბერსა და გასული წლის 24 დეკემბერს შეუტიეს. ადგილობრივი მცხოვრებლებმი აღნიშნავენ, რომ საწარმოზე თავდასხმები უფრო ხშირად ხორციელდება, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.