რეზონანსი
27.11.2026

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს ჩვეულებრივი საფეხბურთო მოვლენა უწოდა. მისი თქმით, გულშემატკივრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არახალია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქართველმა სამართალდამცავებმა კანონის სრული დაცვით იმოქმედეს და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

პირველად არ გვინახავს ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, სამწუხაროდ, ფეხბურთში ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შსს-ს ცნობით, ბათუმში, 26 ნოემბერს, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად, პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×