
„თბილისის განვითარების ფონდმა“, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დაასრულა. აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟის შემდეგ, მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. სრულად გარემონტებული ბინებით სულ 18 ოჯახი დაკმაყოფილდება.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების გასაღებები დღეს პირადად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
„მიხარია, რომ დღეს შეგვიძლია კიდევ 18 ოჯახს მივულოცოთ ახალმოსახლეობა. ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში.
დღეს, აქ მხოლოდ ახალი კორპუსი არ დგას. აქ 18 ოჯახის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. გისურვებთ, ამ სახლებში ყოველთვის ისმოდეს ბავშვების სიცილი, იყოს სითბო, სიყვარული, ბედნიერება და სიმშვიდე. მინდა ამ სახლების კედლებმა მომავალში მხოლოდ ბედნიერი ისტორიები შეინახოს. მთელი გულით გილოცავთ საკუთარ კერაში დაბრუნებას. ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ თქვენს ახალ სახლებში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი განცხადებით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“ მოქალაქეების უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ეტაპობრივი გადაწყვეტაა. კალაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 18 ოჯახს ნდობისთვის და იმისთვის, რომ თავიანთი მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება სწორედ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით გადაწყვიტეს.
„ყველას კარგად ახსოვს, ორი წლის წინ, აქ, გამრეკელის ქუჩაზე ავარიული 4-სართულიანი ნაგებობა იდგა, რომლის კედლებშიც 18 ოჯახს მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში უწევდა ცხოვრება. მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება - გვენდნენ, შემოიტანეს განაცხადი ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და დღეს უკვე შეუძლიათ, საკუთარ სახლებს სრულიად სხვა რეალობაში დაუბრუნდნენ. მთელი გულით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! გილოცავთ ახალ სახლებს, ახალ გარემოს და ახალ, უფრო მშვიდ ცხოვრებას! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის!
ჩვენთვის ეს ნდობა დიდი პასუხისმგებლობა იყო და მიხარია, რომ დღეს მას შესრულებული საქმით ვპასუხობთ.
აქვე მადლობას ვუხდი „თბილისის განვითარების ფონდს“, ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.