
საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად იმედგაცრუებულია მინსკში გალუზინი-ზურაბაშვილის პირველი შეხვედრით, თუმცა ამ ფორმატში მოლაპარაკების გაგრძელებას აუცილებლად მიიჩნევს. ამ თემაზე საუბრისას პრემიერმა კობახიძე კიდევ ერთხელ, ამეჯრად რუსეთთან დაკავშირებით ახსენა „დიფ სთეითი" და რუსეთის ხელისუფლებას მოწოდებითაც მიმართა. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამ ახალი ფორმატიდან საქართველომ რეალურად მიიღო „ნული შედეგი და მეტი ზეწოლა" რუსეთის მხრიდან.
რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სპეცწარმომადგენლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში შედგა. ამ ფორმატის წინა შეხვედრები, რომელშიც ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი მონაწილეობდნენ, პრაღაში იმართებოდა და ხელისუფლების ოპონენტები თავიდანვე აპროტესტებდნენ შეხვედრების ადგილის შეცლას.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ამ ფორმატის მომდევნო შეხვედრა შესაძლოა მოსკოვში ან თბილისში გაიმართოს. თუ ასე მოხდა, პრაქტიკულად ეს იქნება პირველი მსგავსი თითქმის 20 წლის განმავლობაში, რადგანაც ამ ხანგრძლივ პერიოდში რუსეთში ასეთი მაღალი რანგის ქართველი დიპლომატი არ ჩასულა და არც თბილისს სწვევია ამ რანგის რუსი დიპლომატი.
ქართული მხარის იმდეგაცრუება კი გამოიწვია იმან, რომ 7 ქართული კომპანიისთვის დაწესებული აკრძალვების უკან გაწვევის ნაცვლად, რისი მოლოდინიც ქართულ მხარეს ჰქონდა, რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა კიდევ ორი ქართულ კომპანიის სანქცირების განზრახვა. გარდა ამისა, როგორც ზურაბაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე რუსული მხარის ზოგიერთი შეთავაზება ქართულ საზოგადოებაში მოქმედი ხელისუფლების პოზიციების შესუსტებაზე იყო მიმართული.
„ქართული ოცნების" მხარდამჭერთა შეფასებით, მინსკის შეხვედრის შედეგები და გახმაურებული დეტალები მთლიანად ანგრევს ოპოზიციის მცდელობას, რომ „ოცნება" პრორუსულ ძალად წარმოაჩინოს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რადგან საქართველო და რუსეთი მეზობელი ქვეყნები არიან და მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ხალხებს შორის ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა, მისივე თქმით, მოლაპარაკება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ობიექტურ რეალობას უნდა ეფუძნებოდეს და არა „დიფ სთეითის" გავლენას.
„შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც და ეს არავითარ რისკს არ ქმნის - მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა", - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი შიშობენ, რომ შეხვედრის თბილისში გადმოტანა რუსეთთან დათმობაზე წასვლას მიანიშნებს და შესაძლოა, დღის წესრიგში ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხიც დადგეს.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებლობას უსვამს ხაზს, რადგან კონფლიქტისა და არსებული პრობლემების პირობებში კომუნიკაციის არხის არსებობა მნიშვნელოვანია. მათი აზრით, მოლაპარაკება თავისთავად არ ნიშნავს პოზიციების დათმობას და ქართულ მხარეს საკუთარი ინტერესების პირდაპირ დაცვის შესაძლებლობას აძლევს.
ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ზურაბაშვილმა მინსკის შეხვედრაზე „ცივი შხაპი" მიიღო, რადგან რუსეთის მხარემ პირველივე რაუნდზე არანაირი დათმობის მზაობა არ გამოავლინა. მათი შეფასებით, შეხვედრამ ქართული მხარის მოლოდინები ვერ გაამართლა და ზურაბაშვილის დიპლომატიური მისიის შედეგიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ზურაბაშვილის ორი მთავარი აქცენტი
გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, მინსკში გამართულ შეხვედრაზე მთავარი საკითხი რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებული სანქციები იყო. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის მოლოდინის მიუხედავად, გალუზინმა მას კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის შესაძლო დასანქცირების შესახებ აცნობა.
ზურაბაშვილის თქმით, რუსული მხარე შეზღუდვებს ღვინის ხარისხით, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსებითა და ანტირუსული ნარატივით ხსნის, თუმცა ზურაბაშვილმა სამივე ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
„რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქცირებასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია", - თქვა ზურაბაშვილმა.
- გიორგი ზურაბაშვილი: „საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ".
მეორე მთავარი აქცენტი ზურაბაშვილმა რუსეთის მხარის მიერ წამოჭრილ, „ერთი შეხედვით უვნებელ" საკითხებზე გააკეთა. მისი განცხადებით, ეს ინიციატივები რეალურად „ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის მიმართული და აძლიერებს ყალბ ნარატივს, თითქოს ხელისუფლება პრორუსულია.
„მაგალითისთვის გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება" არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.
„რაც შეეხება ქართულ ღვინოს, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით, გნებავთ უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს, ანტირუსულ ნარატივს, ანდაც რაც შეეხება იმ ჰუმანიტარულ და თითქოსდა უვნებელ საკითხებს, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას.
„დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არა მხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები აგრეთვე მნიშვნელოვანია და ავნებს რუსეთის მოსახლეობას", - აღნიშნა ზურაბაშვილმა.
მინსკი შეხვედრაში „პროგრესს" ხედავს
ზურაბაშვილის ამ განცხადებებს წინ უსწრებდა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ რიჟენკოვის განცხადება, რომ მხარეებმა მინსკში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც მისივე შეფასებით, დიალოგის თბილისში ან მოსკოვში გადატანის წინაპირობა გახდა.
„ძალიან მოხარული ვართ, რომ ძალიან ხანგრძლივი და საკმაოდ შინაარსიანი მოლაპარაკებების დროს - ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან - მხარეებმა საკმაო პროგრესს მიაღწიეს ორმხრივი ნდობის გაძლიერებაში, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა. რადგან არაფერი არ არის უფრო კარგი და, სიმართლე გითხრათ, სანდო, ვიდრე დედაქალაქებში მოლაპარაკებები, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების იმ დონემდე მიდიან, რომ შეუძლიათ ერთმანეთთან სტუმრად მისვლა და პრობლემების განხილვა, რომლებიც აღელვებთ", - განაცხადა რიჟენკოვმა.
ოპოზიციის შეფასებები
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას.
„კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული „გაოგნებული" ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა. ფაქტია, რუსების მოთხოვნები სწრაფად მოდის და გზავნილებიც სწრაფად სწორდება.
„ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
„ლელოს" ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მინსკის შეხვედრის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს „სისულელეების საუბარი უწევთ". მისივე შეფასებით, რეჟიმს ერთადერთ შემაკავებელ ძალად ხალხი დარჩა, რომლის წითელი ხაზების გადაკვეთასაც ხელისუფლება ჯერ ვერ ბედავს.
„რეჟიმის მიერ დიპლომატებად დაქირავებულების დღევანდელი სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ.
„რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია მის დაკარგვას - ასე თვლიან. რეჟიმს ერთადერთი შემაკავებელი ძალა დარჩა - ხალხი. პარტიები შეიძლება აკრძალო, ხალხს ვერ აკრძალავ. ხალხს კი აქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც ვერ ბედავენ ჯერ", - წერს სამადაშვილი.
ენმ-ის მმართველი საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას შეფასებით, რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატების ცვლილებას საქართველოსთვის შედეგი არ მოაქვს, ხოლო ოკუპანტის მიმართ ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან ზეწოლას აძლიერებს. მისი თქმით, „ოცნებამ" „საგარეო ვექტორი და ტრაექტორია დიდი ხანია შეიცვალა", რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება.
„ისტორია აჩვენებს, რომ ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ უფრო აძლევს მტერს, რუსეთს, საშუალებას, რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს და შესაბამისად, კონკრეტულად „ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელია იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა, თუმცა ჩვენთან მოქალაქეებს არანაირი ბენეფიტი არ მიღიათ. ახლა ახალი ფორმატი შექმნეს, უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერ მოაქვთ, პირიქით გრძელდება ზეწოლა და ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა, რომელმაც დასავლეთი მტრად გამოაცხადა, ურთიერთობები კრემლთან, ოკუპანტთან, რუსეთთან დაიწყო, თუმცა ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ნული შედეგი და მეტი ზეწოლა", - აღნიშნა ფარულავამ.
ისევ „დიფ სთეითი"
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რადგან რუსი ხალხი „ჩვენთვის ძვირფასია".
„დიალოგი უნდა გაგრძელდეს (რუსეთთან), ერთი მარტივი მიზეზის გამო - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება მაგრამ ხალხი რჩება ხალხად და ბუნებრივია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მაინც მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, უნდა შევინარჩუნოთ და ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი", არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის და ინტერესების შესაბამისად", - აცხადებს კობახიძე.
- ირაკლი კობახიძე ქართული კომპანიების სანქცირებაზე: „ამ ყველაფერში „დიფ სთეითის" ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა, ძალიან მალე გაირკვევა. მე მინდა მოვუწოდო რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით".
საქართველოს პრემიერი რუსეთის ხელისუფლებისადმი მოწოდებითაც გამოდის:
„იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უფრო ღრმად ჩაიხედებიან ამ საკითხში და ისინი სწორად შეაფასებენ იმ ყველაფერს, რაც ხდება. ფაქტებზე დაფუძნების გარეშე წაგვიყენეს ჩვენ ეს პოზიცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ასეთი ფაქტი პირდაპირ უპირისპირდება თვითონ რუსეთის ინტერესებსაც. მე არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტების და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიაში ქართული კომპანიების შეყვანა. ეს არ არის რუსეთის ინტერესებში. როდესაც კონკრეტული საშუალო რგოლის ბიუროკრატები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, აქ, რა თქმა უნდა, ეჭვებს აქვს საფუძველი. თუ ეს გაუგებრობაა, ვნახავთ ძალიან მალე, „დიფ სთეითის" საკითხი გვერდით გაიწევა და მოიხსნება (სანქცია), თუ არ მოიხსნება, საკითხს მოვაგვარებთ. ამ ყველაფერში „დიფ სთეითის" ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა, ძალიან მალე გაირკვევა. მე მინდა მოვუწოდო რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და საბოლოო ჯამში მიიღონ ისეთ გადაწყვეტილება, რომელიც შეესატყვისება თვითონ რუსეთის ინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.