რეზონანსი
25.11.2026

აშკარაა, რომ რევაზ ნადარაია ვეღარ უძღვება პროცესს, გარეგნულადაც კი ვეღარ ინარჩუნებს მიუკერძოებელი მსაჯულის პოზას , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბოლო პროცესების შემდეგ სრულიად აშკარა გახდა, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაია იმსახურებს „ზონდერ მოსამართლის“ შეფასებას.

„მქონდა განცდა, რომ მოსამართლე ადგებოდა, ჩამოვიდოდა სკამიდან და დაჯდებოდა ბრალმდებლების მხარეს იმდენად აშკარა იყო მისი მიკერძოება ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიმართ. აშკარაა ის, რომ ის ვეღარ უძღვება პროცესს, გარეგნულადაც კი ვეღარ ინარჩუნებს მიუკერძოებელი მსაჯულის პოზას და ამით არის გამოწვეული თავდასხმები - მოსამართლისათვის სრულიად შეუფერებელი ლექსიკა და ხულიგნური გარჩევისთვის შესაბამისი ტერმინები, რასაც მოსამართლე იყენებს. დაწყების დღიდან ასეთი იყო მოლოდინები და შემდეგ, მოსამართლე ნადარაიამ გაამართლა მოლოდინები, როდესაც სრულიად აშკარად მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს და რეალურად წარმოადგენდა მხარეს. ის, რაც ხდებოდა ბოლო ორი-სამი პროცესის დროს, როდესაც უაპელაციოდ აძევებდა დარბაზიდან, ეჩრებოდა ლაპარაკში იმ ადამიანებს, ვის მიმართაც წაყენებულია ბრალდება, მე მგონი სრულიად აშკარა გახადა, რომ ეს კაცი მართლაც იმსახურებს იმ შეფასებას, რაც გაისმა სასამართლო პროცესზე - ზონდერ მოსამართლის შეფასებას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გარდა ამისა, ნუგზარ წიკლაური გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებულია.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება იმ შემთხვევაში მოხდება თუ უკანა პლანზე გადაიწევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

„ცინიზმი ამაზე შორს ვეღარ წავა. თუ საქართველო აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღარ არის აქტუალური საკითხი და აღიარებს, რომ რუსეთთან ამის გარეშეც შეუძლია ნებისმიერი ურთიერთობების დამყარება, მაშინ ეს ასეც მოხდება და უკანა პლანზე გადაიწევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

თუ შენ თვითონ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, თუ ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ მზად ხარ, რომ რუსეთთან დაიწყო დიალოგი და შესწირო ამას ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაშინ რატომ უნდა მოსთხოვო ან იტალიას, ან გერმანიას, ან აშშ-ს ძალისხმევა გასწიონ ამ მიმართულებით.

კარგად ვნახეთ, რუსეთთან როგორ ორ ფეხზეც დგანან, შეიძლება პოლიტიკური დავლურიც კი დაერქვას იმას, რაც გააკეთეს ახლა, როდესაც ჟენევის ფორმატის პრაქტიკული ტორპედირება მოახდინეს და რუსეთის სურვილს, რომ აქტუალური აღარ იყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი, ამაზე გაჩუმდნენ და ხმას აღარ იღებენ“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×