იმპორტიორები მდგომარეობის გამოსწორებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან
ქეთო გოგოხია
25.11.2026

ავტომობილების ბაზარზე ვითარება ჯერჯერობით სახარბიელო არ არის. როგორც ადგილზე, ისევე რეექსპორტის მიმართულებით დინამიკა შენელებულია, რაც გლობალურ პროცესებს უკავშირდება. გარკვეული უარყოფითი გავლენა რეგულაციების გამკაცრებამაც იქონია. ავტოიმპორტიორები მდგომარეობის გამოსწორებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. 

რამდენიმე კვირაში ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ზრდა არის მოსალოდნელი, თუმცა ფასები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება, ელექტრომობილებისგან განსხვავებით, რომელთა ღირებულებაც უცხოურ ბაზრებზე, განსაკუთრებით კი ამერიკაში, საგრძნობლად მოიმატა. საფასო ცვლილება ტრამპის პოლიტიკას უკავშირდება, რომელმაც ელექტრომობილების ბაზარს აქამდე არსებული შეღავათები მოუხსნა.

როგორც კომპანია ,,რობანი მოტორსის“ დამფუძნებელმა  ელგუჯა ჯამაგიძემ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, წლის ბოლოს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა გააქტიურდება, თუმცა რეექსპორტის კუთხით არსებული ვითარება ჯერჯერობით არ შეიცვლება. რაც შეეხება ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ელექტრომობილების გარდა, ფასი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.

,,ავტომობილების ადგილობრივ ბაზარზე დადებითი დინამიკაა მოსალოდნელი. წლის ბოლოა და ყველა ცდილობს, მოასწროს ყიდვა. განსაკუთრებით ეს ეხება 2020 წლიან ავტომობილებს. ექსპორტზე თუ არ გავა, ადგილობრივი ბაზარი გაიწოვს. 

რაც შეეხება ამერიკიდან ავტოიმპორტს, ელექტრომობილები გაძვირდა, რაც ტრამპის ორმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია: ჯერ ერთი, გააუქმა სახელმწიფო შეღავათები და ხალხმა პირდაპირ დაკარგა წვდომა როგორც ახალ, ასევე მეორად ავტომობილებზე. პირველ შემთხვევაში, მოქმედებდა 7500 დოლარამდე ფასდაკლება, ხოლო მეორადების შემთხვევაში, 4000 დოლარის  ფარგლებში. ეს შეღავათი ტრამპმა მოხსნა.  გარდა ამისა, იმპორტირებულ ავტომობილებზე, ნაწილებსა და ბატარეებზე 25%-იანი განბაჟება დააწესა, ჩინურებზე კი საერთოდ 100%-იანი. რადგან ამერიკული ბრენდებიც ბევრ იმპორტირებულ ნაწილს იყენებენ, მათი აწყობაც გაძვირდა. ნაწილების გაძვირებამ კი შეკეთის ღირებულება ასწია, რის გამოც სადაზღვევოებმაც ტარიფები 6-9%-ით გაზარდეს. ასეთი მოცემულობაა და გარკვეულ გავლენას მოახდენს ყველა ბაზარზე, სადაც ამერიკული ავტომობილები იყიდება“, - განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ.

მისი თქმით, რეექსპორტზე რეგულაციების გამო პრობლემა შეიძლება მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გართულდეს.

,,საერთაშორისო ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში, რეექსპორტის სექტორის მთავარი იარაღი მისაღები ფასია. თუ ქართველი იმპორტიორები უცხოელ მყიდველებს ხელსაყრელ პირობებს ვერ შესთავაზებენ, კლიენტები ალტერნატიულ ბაზრებზე გადაინაცვლებენ, ქართული კომპანიები კი გლობალური სავაჭრო ჯაჭვიდან სრულად ამოვარდებიან. რერგულაციების გავლენა ნამდვილად იქნება ნეგატიური, ვინაიდან იგი  ბაზარზე ბალანსს დაარღვევს. კერძოდ, შემცირდება მოთხოვნა და გაიზრდება მიწოდება, რაც ფასწარმოქმნაზეც ორმაგად იმოქმედებს. სეგმენტების მიხედვით განსხვავებულ სურათს მივიღებთ: ამიტომ  თითოეულ ნაბიჯს ზუსტი გათვლა სჭირდება. როდესაც სექტორს მილიარდამდე დოლარის მასშტაბურ ზარალზე უწევს საუბარი, არასწორი გადაწყვეტილებებით მიყენებული ზიანის შემდეგ ბიზნესს ძალების აღდგენა უკიდურესად გაუჭირდება“,  - აღნიშნა ელგუჯა ჯამაგიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

თუმცა ავტომობილების ბაზრის მსხვილი მონაწილეები მდგომარეობას დადებითად აფასებენ.  ნაწილი ამბობს, რომ რეგულაციების გამო გარკვეული კლება ამ სეგმენტშიც განიცადეს, თუმცა მალევე აღიდგინეს ძალები და დადებით დინამიკას ინარჩუნებენ.

,,კავკასუს აუტოს“ დირექტორი გიორგი სურგულაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბაზარი გაჯერდა, რადგან საქართველოში ავტომობილებზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, რეექსპორტზეც მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

,,ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, რომ ბაზარი გაჯერდა და ავტომობილები არ ეყიდებათ. ვფიქრობ, გადაჭარბებული ნათქვამია ან კონკრეტულ ბიზნესს აქვს პრობლემა, რასაც მერე სხვა გარემოებებს აბრალებენ. რაც შეეხება რეექსპორტში შექმნილ სიტუაციას, რეგულაციის გამო კლება ნამდვილად დაფიქსირდა. მაგალითად, მიმდინარე სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, 20%-ით იკლო რეალიზაციამ და ამ მაჩვენებელზე გაჩერდა. 

ბოლო დროს ნელ-ნელა დაიწყო მდგომარეობის გამოსწორება და დინამიკაც დადებითისკენ შემობრუნდა. ვფიქრობ, აქტიურობას  შევინარჩუნებთ და წლის ბოლოს კარგ შედეგს დავდებთ“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ გიორგი სურგულაძემ.

რაც შეეხება რეექსპორტის სტატისტიკას, არსებული მდგომარეობით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კლებად ტენდენციას აჩვენებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63 141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, ავტომობილების განბაჟების გაძვირებიდან, ანუ 2026 წლის 1-ლი აპრილიდან 6 თვის განმავლობაში ავტოინდუსტრიის ჯამურმა დანაკარგმა, იმპორტისა და ექსპორტის კლების გათვალისწინებით, თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×