თამარ ოყუჯავა
25.11.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების მიზანმიმართულ ესკალაციაში დაადანაშაულა. ბუნდესტაგში 2027 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მან განაცხადა, რომ მოსკოვის ამბიციები უკრაინის საზღვრებს სცდება და ევროპამ რუსეთს მკაფიო საზღვრები უნდა დაუწესოს.

„რუსეთმა ზუსტად იცის რა სურს. მას უკრაინაზე მეტი რამ სურს. ვინც ამას ვერ ხვდება, სამყაროს ვერ აღიქვამს ისეთად, როგორიც არის, ან სრულიად განსხვავებული მიზანი აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ლიბერალურ ღირებულებებს", - განაცხადა მერცმა.

ბუნდესტაგის ტრიბუნიდან გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა რუსეთის აგრესიული ქმედებების კონკრეტული მიმართულებები დაასახელა და აღნიშნა, რომ ესკალაცია ერთდროულად რამდენიმე რეგიონსა და სფეროს მოიცავს:

„რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი. ის მასშტაბურ ესკალაციას ახდენს ჩვენს საზღვრებშიც, ადამიანების სიცოცხლის ფასადაც კი. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროპელებმა რუსეთისთვის მკაფიო ზღვარი უნდა დავადგინოთ".

კანცლერის თქმით, არსებული ვითარება ევროპისგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს, რათა მოსკოვს „ამ სიტყვის ყველა გაგებით" საკუთარი საზღვრები აჩვენონ.

კოსმოსში არსებულ საფრთხეებზე საუბრისას მერცმა ყურადღება გაამახვილა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მოსკოვი ორბიტაზე ბირთვული ანტისატელიტური იარაღის განთავსებას გეგმავს.

მანამდე, 23 ნოემბერს, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, მერცმა ამ ცნობებს „შოკისმომგვრელი" უწოდა და დასძინა, რომ ეს აჩვენებს, თუ რა დონის ესკალაციისთვის არის მზად რუსეთი.

გერმანიის კანცლერის რიტორიკას წინ უძღოდა უსაფრთხოების კუთხით გამწვავებული ვითარება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, მერცმა მოსკოვს „საშიში პროვოკაციების" დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა და ვარშავას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაც ჩაინიშნა. იმავე, 23 ნოემბრის პრესკონფერეციზე მერცმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ერთობლივად დაგმეს ბოლოდროინდელი ინციდენტები ესტონეთში, ფინეთსა და პოლონეთში. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს არცერთი წევრი არ არის დაინტერესებული ბალტიის ზღვის რეგიონში ესკალაციით.

„ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რაც ასევე გულისხმობს კოსმოსში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სამხედრო სფეროში ჩვენ მუდმივად ვაფასებთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და საჭიროების შემთხვევაში მათ განვაახლებთ", - აღნიშნა რუტემ.

ბუნდესტაგში გამოსვლა მერცმა იმის დასასაბუთებლად გამოიყენა, თუ რატომ სჭირდება გერმანიას თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. პროექტის მიხედვით, 2027 წელს გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი 139.4 მილიარდ ევრომდე იზრდება, რაც 31.2 მილიარდი ევროთი აღემატება 2026 წლის მაჩვენებელს.

ქვეყნის შიგნით ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგება როგორც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის", ასევე, „მემარცხენე პარტია". 22 სექტემბერს პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" ბუნდესტაგს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტას, ასევე, მისი ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.

მოსკოვს მერცის ბოლო განცხადებებზე ოფიციალური კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის მატარებელი თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა: „ჩვენ ეს ცნობები არ გვინახავს, თუმცა ისინი შეიცავს იმდენ დათქმას, რომ, ცხადია, მათ სერიოზულად აღქმა ძნელია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×