რაც შეეხება დაკეტილ ბინებს, 6 თვის ან 1 წლის შემდეგ, იქ გაზის შემავალი სისტემა უნდა დაილუქოს და ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდეს
ქეთო გოგოხია
23.11.2026

გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც მწვავე პრობლემად რჩება. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მსხვერპლი უკვე არის და ფონიჭალის მძიმე ტრაგედიის ფონზე სიტუაციის დამძიმების რისკი მაღალია. მართალია, კონტროლის გაძლიერება პრევენციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, რადგან რეალობა საპირისპიროს ადასტურებს. დაზარალებული და დაღუპული ადამიანების  სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. 2019-2025 წლებში საქართველოში გაზის გაჟონვას 56 აფეთქება მოჰყვა, ხოლო აფეთქებებსა და მხუთავ აირს ჯამში 129 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა ან მოიწამლა.

ეს მონაცემი აჩენს ეჭვს, რომ შიდა ქსელებისა და უსაფრთხოების სისტემების შემოწმება ხშირად ფორმალური და არასაკმარისია, რასაც რიგ შემთხვევებში ემატება საყოფაცხოვრებო დაუდევრობა და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აფეთქებებისა და მოწამვლების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მკაცრი ტექნიკური კონტროლი, სათანადო ექსპერტიზა, მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა და რეალური პრევენციული მექანიზმების, მათ შორის, გაზის დეტექტორების  დროული და სავალდებულო დანერგვა.

ენერგოომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი ტრაგიკული შემთხვევა 2019 (15 აფეთქება, 33 დაღუპული) და 2025 წლებში (14 აფეთქება, 17 დაღუპული) მოხდა, თუმცა მსხვერპლი მაღალი იყო შუალედურ პერიოდშიც - 2020 წელს 5 აფეთქებასა და გაზის გაჟონვას 15, 2021-ში 4 აფეთქებას - 22, 2022-ში 4 აფეთქებას - 18, 2023-ში 7 აფეთქებას - 14, ხოლო 2024 წელს ასევე 7 აფეთქებას 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა მორიგმა ტრაგიკულმა აფეთქებამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის უსაფრთხოება წლების განმავლობაში მოუგვარებელ სისტემურ პრობლემად რჩება და განსაკუთრებით მწვავდება შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, როცა გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების აქტიური გამოყენება იწყება. 

ვოლო წლების სტატისტიკა და მძიმე შემთხვევები ცხადყოფს, რომ რისკები მარტო მოძველებულ ინფრასტრუქტურასა თუ უყურადღებობას კი არ უკავშირდება, არამედ კანონმდებლობის ხარვეზებს, კონტროლის შეზღუდულ ბერკეტებსა და უმოქმედო ბინების მონიტორინგის სირთულეებსაც.  

ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გაზის უსაფრთხოების პრევენციულ ზომებზე, ძველი ბინების დეტექტორებით აღჭურვასა და უმოქმედო ბინების კონტროლის გამკაცრებაზე გაამახვილა ყურადღება.

,,გამკაცრდა მიდგომა და ახალ კორპუსებში მოწყობილობის გარეშე გაზი არ ირთვება,  ამ მძიმე შემთხვევის შემდეგ, რა ტრაგედიაც ფონიჭალაში დატრიალდა, ძველი საცხოვრებელი ფონდისთვისაც უნდა შეიცვალოს მიდგომა: მოქალაქეებს უნდა დაავალდებულონ დეტექტორების  დამონტაჟება, ხოლო თუ საქმე სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხება, სახელმწიფომ ან შესაბამისმა მხარემ უნდა უზრუნველყოს. ყველაზე ეფექტიანი კი ისეთი სისტემაა, რომელიც განგაშისას ცენტრალურ შემავალ სარქველს ავტომატურად კეტავს, როგორც ეს „ჭკვიანი მრიცხველების“ შემთხვევაში ხდება. 

განსაკუთრებით დიდი ყურადღება სჭირდებათ თვეების განმავლობაში დაკეტილ და უმოქმედო ბინებს, სადაც, ბოლო მონაცემებით, მსგავსი ინციდენტების 80% მოდის: თუ ბინაში ექვსი თვე ან ერთი წელი გაზს არ მოიხმარენ, შემავალი სარქველი უნდა დაილუქოს და ხელახალი გაშვება მხოლოდ შემოწმებისა და აქტის გაფორმების შემდეგ მოხდეს. ამასთან, კომპანიებს მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, მომხმარებლებმა ყოველ ელექტრონულ ქვითართან ერთად უსაფრთხოების მოკლე წესები მიიღონ, ხოლო თუ დანადგარი პირველი ცდით არ ირთვება, მაშინვე სპეციალისტი უნდა გამოიძახონ,“ - განაცხადა გია არაბიძემ.

გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები სისტემურ და ტექნიკურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. სამოქალაქო ინჟინერიის დოქტორი გიორგი ჭაღიაშვილი მთავარ გამოწვევას ქვეყანაში ტექნიკური რეგლამენტისა და კონტროლის მექანიზმების სისუსტე წარმოადგენს, რის გამოც გამანაწილებელი კომპანიების მიერ შიდა ქსელებისა და გამათბობლების შემოწმება ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მკაფიოდ არ არის გამიჯნული.

,,უსაფრთხოების უგულებელყოფა, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უბედური შემთხვევები ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ხშირია. მნიშვნელოვანია კონტროლის გამკაცრებაც, კანონში არის სერიოზული ხარვეზი ამასთან დაკავშირებით, რომ შიდა ქსელების ექსპერტიზა არ ტარდება. ვინაიდან წითელ ხაზებში არის ესა თუ ის ქსელი, ოპერირებისგან თავს ირიდებენ. 

განსაკუთრებული რისკის ჯგუფია ის  საცხოვრებელი ფართები, რომლებიც თვეების განმავლობაში დაკეტილია და სადაც ბუნებრივ აირს რეგულარულად არ მოიხმარენ. გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ მოქალაქის ზარს არ უნდა ელოდებოდეს. სეზონის დადგომამდე აუცილებელი იყო მასშტაბური კონტროლი და მოსახლეობის ინფორმირება. გათბობის სეზონის დაწყებასთან ერთად, ჩაეტარებინათ ფართომასშტაბიანი აქცია „თბილისი ენერჯის“, ფართომასშტაბიანი კამპანია ეწარმოებინათ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, რომ ყველას მიექცია ყურადღება თავისი ქსელისთვის. ფონიჭალაში ის ქსელი, დავუშვათ, დალუქული რომ ყოფილიყო და შიგნით ჟონვა არ დაეწყო, ხომ ავირიდებდით თავიდან ამ უბედურებას“, – აღნიშნა ჭაღიაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, არ გამოიყენოს თვითნებურად დამონტაჟებული ან კუსტარული გამათბობლები/წყალგამაცხელებლები და კომპანიის სპეციალისტებს საცხოვრებელ ფართებში უსაფრთხოების სისტემატური შემოწმების საშუალება მისცეს.

გაზის სუნის ან გაჟონვის შემჩნევისას, ასევე სხვა საავარიო შემთხვევებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 114, სადაც დარეკვა და მომსახურება სრულიად უფასოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×