თამთა ჩაჩანიძე
23.11.2026

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს პოზიციის ფონზე გამოცხადდა, რასაც ოპოზიციაში არაერთგვაროვანი, თუმცა, უმეტესად კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

"ქართული ოცნება" აკრძალვის აუცილებლობას ტრეფიკინგის, ქალთა ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის რისკებით ხსნის, ხოლო პატრიარქი შიო მესამე ინიციატივას ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

ოპოზიციის ნაწილი კომერციული სუროგაციის პრობლემებს აღიარებს, თუმცა, სრულ აკრძალვას არ ეთანხმება და ალტრუისტული სუროგაციის დაშვებას მოითხოვს. მათი მთავარი არგუმენტია, რომ გადაწყვეტილება უშვილო ოჯახებს შვილის ყოლის შესაძლებლობას შეუზღუდავს და ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებს კიდევ უფრო დაამძიმებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

პარტიარქის პოზიცია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას მიესალმება და მას ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, სუროგაციასთან არაერთი მძიმე ცოდვაა დაკავშირებული, გადაწყვეტილება კი ხელისუფლების ქრისტიანულ მსოფლმხედველობასა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის სურვილს უკავშირდება. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ინიციატივას ბოლომდე მიიყვანს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.

დღეს ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა ჩვენი ურთიერთობა, ერთმანეთთან საუბარი ამ პრობლემაზე და სხვა მიმდინარე პრობლემების თაობაზე და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების თვალსაზრისით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - განაცხადა შიო მესამემ.

ხელისუფლების პოზიცია

საქართველოში სუროგაციის აკრძალვას „ქართული ოცნება" ეთიკური და სამართლებრივი რისკებით ასაბუთებს. ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზებია სუროგაციასთან დაკავშირებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხე, ქალების შესაძლო ექსპლუატაცია და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სახელმწიფოს აქვს კონკრეტული ინფორმაცია ამ სფეროში არსებულ რისკებზე, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

ხელისუფლება გადაწყვეტილების ეკონომიკურ შედეგებსაც აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ფინანსური სარგებელი აღნიშნული რისკების საპირწონე ვერ იქნება.

კირცხალიას თქმით, საქართველოში სუროგაციის მომსახურებით მოსარგებლეთა 98% უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქეების წილი კი დაახლოებით 2%-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, უცხოეთში გაშვილებული თუ გაყვანილი ბავშვების შემდგომ ბედზე საქართველოს სახელმწიფოს კონტროლი არ აქვს.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ აკრძალვის მიუხედავად, სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს მშობლობის უფლების რეალიზებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევს.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

"გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე", - განაცხადა კირცხალიამ.

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობით ასაბუთებს.

მისი შეფასებით, სუროგაციის კომერციალიზაცია მძიმე ეთიკურ და სამართლებრივ პრობლემებს წარმოშობს, ხოლო ამ პროცესის შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგები გაცილებით აღემატება იმ შესაძლო სარგებელს, რაზეც სუროგაციის მხარდამჭერები საუბრობენ. ქადაგიშვილი ასევე მიუთითებს გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშებზე, რომლებშიც, მისი თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებით უარყოფითი შეფასებებია წარმოდგენილი. იგი აკრძალვას მორალურად და ეთიკურად მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.

„ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რას აცხადებენ ოპოზიციაში

ენმ-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, კომერციული სუროგაცია ქალთა უფლებების დარღვევისა და ტრეფიკინგის რისკებს ზრდის. მისი თქმით, ამ ბიზნესთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, თუ ვინ მფარველობდა საქართველოში მასობრივი ხასიათის კომერციულ სუროგაციას, რის გამოც საპატრიარქოს პოზიციას ლოგიკურად მიიჩნევს. თუმცა ფავლენიშვილი სრულ აკრძალვას არ ემხრობა და ხელისუფლებას ბერძნული მოდელის შესწავლისკენ მოუწოდებს, რომელიც ალტრუისტულ სუროგაციას ითვალისწინებს.

"ზოგადად ამ ბიზნესთან დაკავშირებით არსებობდა გონივრული ეჭვები და კითხვები, თუ ვინ მფარველობდა საქართველოში მასობრივი ხასიათის კომერციულ სუროგაციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ მიმართულებით იყო ლოგიკური. თუმცა, დემოგრაფიული კატასტროფიდან და იმ ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, რომ უშვილო ოჯახებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იმის, რომ მათ ჰყავდეთ შვილები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევისწავლოთ ბერძნული მაგალითი, რომლის შემთხვევაშიც ხდება ალტრუისტული სუროგაცია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას უშვილო ოჯახების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, სუროგაციის სრულად აკრძალვა განსაკუთრებით მძიმე შედეგებს მოუტანს იმ ქალებსა და ოჯახებს, რომლებსაც შვილის ყოლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სუროგაციის გარეშე არ შეუძლიათ.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სფეროს მკაცრი რეგულირება აუცილებელია, თუმცა მისი აკრძალვა გაუმართლებელია. იგი ასევე გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებს უკავშირებს და აცხადებს, რომ სუროგაციის აკრძალვამ შესაძლოა ემიგრაციაში წასული ქალების რიცხვიც გაზარდოს.

"ქართული ოჯახები, რომლებიც ბიოლოგიური შვილის გაჩენის შანსებს კარგავენ სუროგაციის აკრძალვის შედეგად, ასევე არ ადარდებს ხელისუფლებას. [...] სუროგაცია მკაცრ რეგულირებას მოითხოვს, მაგრამ მის სრულ აკრძალვას - არანაირი გამართლება არა აქვს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აკრძალვის შედეგი უშვილოდ დარჩენილი ოჯახების რაოდენობის ზრდა და მეტი ემიგრაცია იქნება. იგი გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის თავისუფლებაში ჩარევად აფასებს და აცხადებს, რომ აკრძალვა პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ჯაფარიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას საპატრიარქოს გავლენასაც უკავშირებს.

"სუროგაციის აკრძალვის შედეგი იქნება მხოლოდ უშვილოდ დარჩენილი მეტი ოჯახი, მეტი უცხოეთში გადახვეწილი ქართველი, მეტი ტრაგედია", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

სუროგაციის აკრძალვას მწვავედ აკრიტიკებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამიაც. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება ათასობით ქალს ართმევს დედობის შესაძლებლობას და უშვილო ოჯახებს შვილის ყოლის შანსს უზღუდავს. გვარამია მიიჩნევს, რომ ეს განსაკუთრებით მძიმე გადაწყვეტილებაა ქვეყანაში, სადაც, მისი თქმით, დემოგრაფიული კრიზისია.

"სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება! საპატრიარქოსთან „დალაგების" მიზნით ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას! იმ ქალებს, ვისაც კი არ ეზარება ბავშვის გაჩენა, არამედ არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო! რამდენ ქართულ ოჯახს ართმევენ ბედნიერებას! რამდენი ბავშვი აღარ დაიბადება! და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სრული დემოგრაფიული კატასტროფაა!" - წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×