
თურქი მსახიობი ბუშრა დეველი, რომელსაც მაყურებელი სხვადასხვა სატელევიზიო პროექტიდან იცნობს (ბოლოს კი სერიალ "ეშრეფ რუიაში“ კომისარ ჩიღდემის როლს ასრულებდა), საკუთარი გენეტიკური წარმომავლობის ტესტის მოულოდნელ შედეგებზე საუბრობს. მსახიობმა ამ თემაზე ჟურნალისტ ფათიჰ ალთაილის გადაცემაში ისაუბრა.
რა აჩვენა დნმ-ის ტესტმა?
ბუშრა დეველის თქმით, დნმ-ის ტესტი უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო გაიკეთა, თუმცა პასუხებმა თავადაც გააოცა, რადგან საკუთარი ოჯახური ისტორიის შესახებ მანამდე სხვა წარმოდგენა ჰქონდა.
"ცნობისმოყვარეობის გამო დნმ-ის ტესტი გავიკეთე. გასაკვირია, მაგრამ შედეგების მიხედვით, 74%-ით ქართველი ვარ, 15%-ით კი - სომეხი“, - აღნიშნა მსახიობმა. მისი თქმით, დედა ტრაპიზონიდანაა, მამა კი – ბაიბურთიდან. თავად კი თურქეთის ქალაქ იზმითში დაიბადა და გაიზარდა.
წარმომავლობის თემა გადაცემაში მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ფათიჰ ალთაილიმ ცნობილი თურქი გეოლოგისა და მეცნიერის, ჯელალ შენგორის მოსაზრება გაიხსენა. ჟურნალისტის თქმით, შენგორი წლებია ბუშრა დეველს თურქეთის ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევს და შეფასებას არ ცვლის, თანაც ხშირად ამბობს, რომ მსახიობი უფრო ფრანგს ჰგავს, ვიდრე თურქს.
გადაცემის წამყვანმა დეველი ჰოლივუდის ვარსკვლავს, შარლიზ ტერონსაც შეადარა და სიმაღლე ჰკითხა:
"შარლიზ ტერონის აღნაგობა გაქვთ. რამდენი ხართ სიმაღლეში?“ - მიმართა ალთაილიმ მსახიობს.
მას შემდეგ, რაც ბუშრა დეველმა უპასუხა, რომ მისი სიმაღლე 1,82 მეტრია, ჟურნალისტმა დასძინა:
"ზუსტად შარლიზ ტერონის სიმაღლის ყოფილხართ. თუმცა, მას უფრო მასიური აღნაგობა აქვს, თქვენ კი ძალიან დახვეწილი ხართ. თქვენი ელეგანტურობა სულ სხვა რამეა. ჯელალი მართალი ყოფილა. ის სილამაზეშიც ისე კარგად ერკვევა, როგორც გეოლოგიაში“.
ბუშრა დეველის გენეტიკური ტესტის შედეგები თურქულ მედიაში მალევე გავრცელდა და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მის ქართულ წარმომავლობას დაეთმო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე