თამთა ჩაჩანიძე
21.11.2026

28 ნოემბრის საპროტესტო აქციამდე ერთი კვირით ადრე, ოპოზიციის მიერ დაანონსებული მობილიზაციის კამპანია მოსალოდნელი აქტიურობით არ გამოირჩევა და როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, ფაქტობრივად ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური ძალა და საზოგადოებრივი ფიგურა უერთდება, წინასაპროტესტო კამპანიის მასშტაბი და საზოგადოების ჩართულობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ანალიტიკოსთა ნაწილი ოპოზიციის წარუმატებელ კამპანიას საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობით ხსნის, მეორე ნაწილი კი ყურადღებას ოპოზიციის შიდა უთანხმოებასა და ლიდერების სხვა პროცესებში ჩართულობაზე ამახვილებს. თუმცა, 28 ნოემბერს ხალხმრავალ აქციასაც პროგნოზირებენ.

28 ნოემბრის აქციას ოპოზიციური ალიანსის რვა პარტიასთან ერთად უერთდება „ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად იმისა, რომ მან ალიანსი დატოვა. პროტესტში მონაწილეობას გეგმავენ ასევე ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვიქტორ ყიფიანის პარტია „ჯერ საქართველო" და „შაბათის მარშის" ორგანიზატორები. ამასთან, თბილისში ორი მსვლელობაა დაგეგმილი.

ვინ უერთდება აქციას

აქციის გამართვის იდეა „ოპოზიციურ ალიანსს" უკავშირდება, აღნიშნულის შესახებ მათ ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს განაცხადეს, რომ 25 ოქტომბრიდან დაიწყებოდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ერთი თვის შემდეგ, 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დაგვირგვინდებოდა. აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს" 25 ოქტომბერს მართლაც ჩატარდა თსუ-სთან, თუმცა მას შემდეგ ოპოზიციის მხრიდან აქტიური კამპანიის ნიშნები არ ყოფილა.

3 ნოემბერს ალიანსი საბოლოოდ დატოვა „ნაცმოძრაობამ", თუმცა მოგვიანებით პარტიაში განაცხადეს, რომ მიუხედავად ამისა, დაგეგმილ აქციას უერთდებიან.

ალიანსში შემავალი რვა პარტიისა და ენმ-ს გარდა აქციას უერთდება ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ვიქტორ ყიფიანის „ჯერ საქართველო".

„28 ნოემბერი ყველასია და ცალცალკე ლოკაციაზე გასვლა ყველას შეუძლია, თუმცა მთავარია ერთიანი ძალა გამოვაჩინოთ იქ, სადაც პროტესტის კერაა - პარლამენტთან; და სადაც ვიზეიმებთ უთუოდ ძალიან მალე გამარჯვებას! 28-ში ყველა ერთად", - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში". 

19 ნოემბერს კი ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ აქცია საქართველოს მოსახლეობის პროევროპული არჩევანისა და ნების საჯარო დემონსტრირება უნდა გახდეს და ევროპული კურსი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება და მასზე პრეტენზიას ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ უნდა აცხადებდეს. ყიფიანი მოქალაქეებს მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ.

„28 ნოემბერი საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის მხრიდან მისი პროევროპული ურყევი ნებისა და მაშასადამე პროქართული მტკიცე ქართული განწყობის დღედ უნდა იქცეს. 28 ნოემბერს ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ევროპაა და რომ ევროპაც მათ შორის საქართველოა, რომ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია", - განაცხადა ყიფიანმა.

„შაბათის მარშის" ორგანიზატორებმა 14 ნოემბერს განაცხადეს, რომ 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებიდან 2 წლის თავზე, ისინი დიდ მარშს გეგმავენ. მათი თქმით, მსვლელობა და შეკრება მეტრო „ავლაბართან" დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

პარალელურად დაგეგმილია ოპოზიციური ალიანსის მსვლელობაც, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება

რატომ არ შედგა „ალიანსის" კამპანია

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას 28 ნოემბრის აქციისთვის დაგეგმილი კამპანია ჩაეშალა, რადგან საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ხალხში გასვლა ვერ შეძლო.

„ეს კამპანია ჩაეშალათ. მათაც ჰყავთ რეალურად მოაზროვნეები, რომლებმაც სინამდვილეში დაინახეს, რომ ამ კამპანიის შედეგად ისინი აბსოლუტურად ვერაფერს მიაღწევდნენ. ხალხში ვერ გავიდნენ, შეეშინდათ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი საქართველოს მტრები არიან ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე", - განაცხადა გვენეტაძემ.

  • ედიშერ გვენეტაძე: „მათაც ჰყავთ რეალურად მოაზროვნეები, რომლებმაც სინამდვილეში დაინახეს, რომ ამ კამპანიის შედეგად ისინი აბსოლუტურად ვერაფერს მიაღწევდნენ. ხალხში ვერ გავიდნენ, შეეშინდათ."

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, აქციისთვის მზადების პროცესი შესაძლოა იმან შეაფერხა, რომ ოპოზიციური ლიდერების ნაწილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ესწრებოდა პარტიების აკრძალვაზე სარჩელის სასამართლო სხდომებს. მისი თქმით, განსხვავებით 26 მაისის აქციისთვის მზადებისგან, როდესაც ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ, ამჯერად უცნობია, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ხალხთან მუშაობა.

„შეიძლება იმიტომაც ჩაიშალა, რომ ლიდერების ნაწილი ახლა ბათუმშია. არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ დააჩქარა პროცესი საკონსტიტუციო სასამართლომ დაახლოებით ერთი თვით, სანამ 28 ნოემბრის აქციაა დაგეგმილი. ყოველ შემთხვევაში, 26 მაისის აქციისთვის რომ იყო მზადება, ლიდერებს მოსახლეობასთან ჰქონდათ შეხვედრები.

„არ ვიცი ახლა დადიან თუ არა ხალხში. ალბათ საზოგადოებრივი აქტივისტები მაინც მუშაობენ და შეიძლება ორიენტაციაა აღებული, ვთქვათ, სოციალური ქსელებით ხალხის მობილიზებაზე. წესით, აქციაზე ბევრი ხალხი უნდა იყოს. მართალია, ფინანსურ რესურსებში შეზღუდული არიან ეს პარტიები, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შეეცდებიან, რეგიონებიდან ხალხის მობილიზაციაც მოახდინონ", - განაცხადა ჩიტაძემ.

რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე

ედიშერ გვენეტაძის აზრით, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობის კლების მიზეზი ისაა, რომ ხალხი რეალობაში გაერკვა.

„ეს ნიჰილიზმი კი არაა, ხალხი გაერკვა რეალურ სიტუაციაში. ხალხმა ერთის მხრივ დაინახა ევროკავშირში ვინ არიან - ევრობიუროკრატებს ვგულისხმობ და ვინ არის მათი მხარდამჭერი ოპოზიცია საქართველოში. ხალხმა მშვენივრად გააცნობიერა, რომ სწორედ ევრობიუროკრატიას და იმ ძალებს, რომლებსაც არ უნდათ უკრაინის ომის დამთავრება, უნდათ საქართველო ჩააბან ომში. ქართველი კაცი კი მოაზროვნეა, ბოლოს და ბოლოს, ოჯახის, ქვეყნის გადარჩენა უნდა.

„28 ნოემბერს არაფერს არ ველოდები, ისევ ისინი გამოვლენ, რომლებიც აგერ უკვე ორი წელია დაბოდიალობენ აღმა-დაღმა რუსთაველზე. რაღაც აბსურდს იტყვიან, კრება დარჩება მხიარული, დაიშლებიან და დამთავრდება ამით", - აცხადებს გვენეტაძე.

  • ნიკა ჩიტაძე: „რაღაც ნაწილი რეალობას შეეგუა, რაღაც ნაწილს შეიძლება გული დაწყდა, რომ ოპოზიციამ ერთობა ვერ აჩვენა. მაგრამ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობა საკმაოდაა და ეს შეიმჩნევა."

ნიკა ჩიტაძის შეფასებით, საზოგადოებაში ნიჰილიზმი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით აიხსნას.

„ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ხალხი შესაძლოა ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ერთ თვეში დასრულდებოდა. რაღაც ნაწილი რეალობას შეეგუა, რაღაც ნაწილს შეიძლება გული დაწყდა, რომ ოპოზიციამ ერთობა ვერ აჩვენა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობა საკმაოდაა და ეს შეიმჩნევა.

ალბათ 28-ში ხალხმრავალი აქცია იქნება. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესაც ხალხმრავალი იყო", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×