
პოლიციამ თბილისში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად იყვნენ ჩართული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის სქემაში:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად იყვნენ ჩართული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის სქემაში.
სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები – „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.