
76 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
გოჩა მაჩაიძე 1950 წლის 21 ივნისს ამბროლაურში დაიბადა. თამაშობდა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიის“, მოსკოვის „სპარტაკისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. ასევე იყო საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980).
გარდა ამისა, გოჩა მაჩაიძემ ევროტურნირებზე „დინამოს“ ღირსება 13 შეხვედრაში დაიცვა. აქედან ერთი მატჩი თასების მფლობელთა თასზე ჩაატარა, ათი – უეფა-ს თასზე, ხოლო ორი – ევროპის ჩემპიონთა თასზე.
მაჩაიძემ 1981-1982 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში 39 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ის გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
გოჩა მაჩაიძემ საფეხბურთო კარიერა 1982 წელს სწორედ ქუთაისის „ტორპედოში“ დაასრულა.