
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო. ბრალდებულმა უნდა მითხრას უშუალოდ, რა სახის კომუნიკაცია იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გელა არობელიძის ადვოკატმა თამარ მერლანმა განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კლინიკაში დღეს მოინახულებს. ადვოკატის თქმით, გელა არობელიძეს დაზიანებები აქვს.
„გადაწყდა, რომ მის ინტერესებს მე დავიცავ. ჩემთვის ამ წუთას მხოლოდ ფაქტებია ცნობილი, რომ გარდაცვლილია ვახტანგ ჩიქოვანი, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია, ამ წუთას ვადგენ, თუ რომელშია. ბუნებრივია, მასთან კომუნიკაცია მინდა. მას შემდეგ, რაც მასალებს ვნახავ და ბრალდებულთანაც მექნება კომუნიკაცია, იმედია, მეტის თქმა შემეძლება.
როგორც იციან, ხელის მტევანი - მყესი აქვს დაზიანებული, არ ვიცი - რით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ნახეთქი ჭრილობაა.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო. ბრალდებულმა უნდა მითხრას უშუალოდ, რა სახის კომუნიკაცია იყო მათ შორის“, - განაცხადა მერლანმა.
გელა არობელიძეს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს, ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. მას ცივი იარაღით, დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 67 წლის გელა არობელიძე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.