"აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ზამთარში გაზის იგივე ტარიფი შენარჩუნდეს"
თამარ ვეფხვაძე
18.11.2026

უკვე გადაწყდა, რომ გაზისა და წყლის საფეხურეობრივ ტარიფს სემეკი დაადგენს. მართალია, დავით ნარმანიამ ჯერ არ იცის, გაიზრდება თუ არა გაზის გადასახადი, თუმცა დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს გაზის ტარიფი არ გადაიხედება, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და არა რეალობა.  

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების ტარიფების მეთოდოლოგიაში ცვლილებები შეიტანა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკის სექტორის მსგავსად, კომისია უფლებამოსილი იქნება, რომ მოხმარების მოცულობის მიხედვით მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ მეთოდოლოგიურ ცვლილებაზე. ჟურნალისტის კითხვაზე, შენარჩუნდება თუ არა, მაგალითად, თბილისში ბუნებრივ აირზე არსებული ტარიფი, ნარმანია პასუხობს, რომ ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია.

„როგორც წესი, როცა თავის დროზე ელექტროენერგეტიკის სექტორში დიფერენცირება გავაკეთეთ, ავიღეთ საშუალო და მედიანური მოხმარებები, ანუ ეკონომიკური და სოციალური კატეგორიები და ამ კატეგორიებზე დაყრდნობით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები. ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებშიც, როცა ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად ვიხელმძღვანელებთ შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური კატეგორიებით. წყალმომარაგების სექტორში ტარიფების დადგენას წლის ბოლოს ველოდებით, ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებით კი მოგვიანებით გეტყვით“, - განაცხადა ნარმანიამ.

ნიშნავს თუ არა - „მოგვიანებით გეტყვით“ - იმას, რომ გაზის ტარიფი ზამთრის სეზონზე შენარჩუნდება და სავარაუდოდ, გაზაფხულის სეზონზე, როდესაც ბუნებრივი აირის მოხმარება დაიკლებს, მაშინ გაიზრდება? ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს, თანაც ლოგიკურია ასეთი მსჯელობა, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

„აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ზამთარში გაზის იგივე ტარიფი შენარჩუნდეს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და არა - რეალობა. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ჩვენ ხომ არ გვეუბნება არც მთავრობა და არც სემეკი, რომ გინდა თუ არა, ტარიფი მოიმატებს. როდესაც პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ანუ გაზის და წყლის საფეხურეობრივი ტარიფის მთავარი არსი იყო ის, რომ სოციალური მიმართულება შენარჩუნებულიყო. ეს ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი შეღავათი. არსად არ არის ნათქვამი, რომ ტარიფი აუცილებლად გაიზრდება, მაგრამ ჩვენი ცხოვრების პრაქტიკიდან გამომდინარე, ვმსჯელობთ იმაზე, რაც ხელსაყრელი და სასურველია“, - განუცხადა „რეზონანსს“ არაბიძემ.  

კითხვაზე, რამდენად სამართლიანია გადაწყვეტილება გაზისა და წყლის საფეხურეობრივი, ანუ დიფერენცირებული ტარიფის შესახებ, ენერგეტიკოსმა გვიპასუხა, რომ ტარიფში, ზოგადად, სოციალური ფაქტორი საერთოდ არ უნდა აისახოს. იგი უნდა იყოს ისეთი, რაც საჭიროა დარგის განვითარებისთვის. 

„თუ ადამიანს ამ ტარიფის გამო რაიმე ტიპის პრობლემა აქვს, მას სახელმწიფოს სოციალური დაცვის პროგრამებმა უნდა უშველოს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ტარიფში სოციალური ფაქტორი არ უნდა აისახოს! გაუგებარია მეორე მომენტიც - როდესაც ბაზარში მივდივართ და რაღაც პროდუქტს 2 კგ-ის ნაცვლად, 3 კგ-ს ვყიდულობთ, რასაკვირველია, ფულს მეტს ვიხდით, მაგრამ კილოგრამის ფასი ხომ გვიმცირდება? როდესაც ბევრი გაზი და ბევრი ელექტროენერგია მოვიხმარეთ, ბუნებრივია, ბევრი უნდა გადავიხადოთ, მაგრამ ერთეულის ფასი რატომ გვიძვირდება? ეკონომიკის კანონი ხომ არ არის დარღვეული? 

კიდევ ერთი ფაქტორი მაწუხებს - არსებული ინფორმაციით, გაზის კორპორაციას 100 მილიონი ლარის კრედიტი და 80 მილიონის გრანტი გამოუყვეს. ეს იმიტომ, რომ გაზის კორპორაცია ყიდულობს და ყიდის გაზს. ფასთა სხვაობა ყიდვასა და გაყიდვას შორის იმდენად შემცირებულია, რომ გაზის კორპორაცია გაბანკროტებისკენ  მიდის. შესაძლოა, ეს ჭორია, მაგრამ პრესაში ამ თემაზეც მიდის საუბარი. ეს იმას ნიშნავს, რომ გაზის ბუნებრივი ტარიფი არ არის ისეთი ლოგიკური, რომ კორპორაციას, რომელიც ამ საქმიანობას აწარმოებს, მოგება დარჩეს... 

დავუბრუნდეთ მთავარ თემას, როდესაც სემეკი გაზის ტარიფს დაადგენს, ჩვენ რომ 55 თეთრს ვიხდით ახლა, თუ პირველი საფეხურის გაზის ტარიფი ამაზე ნაკლები იქნება, ესე იგი, ტარიფი შემცირებულია, ხოლო თუ 55 თეთრზე მეტი იქნება, ესე იგი, გაზის ფასი მომატებულია ყველასთვის. ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა მას შემდეგ, რაც სემეკი დაადგენს გაზის ტარიფს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გია არაბიძემ.  

განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ რამაზ გერლიანს, რომელიც აცხადებს, რომ გაზისა და წყლის საფეხურეობრივი ტარიფი სამართლიანობის ნაწილში - ნაკლებად, თუმცა ეფექტიანობის მხრივ, ნამდვილად ხარჯეფექტიანია. 

„საერთოდ, როდესაც გაზზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რომ მისი მოხმარება ყაირათიანი იყოს. არ ვიცი, რამდენად მოქნილი და ეფექტური იქნება სეზონური ზღვარი. მოგეხსენებათ, გაზზე, ელექტროენერგიისგან განსხვავებით, პიკური მოხმარებაა ზამთარში. თუ, დავუშვათ, ზაფხულში ოჯახი 10 ლარს იხდის გაზში, ყოველთვიურად, ზამთარში 120-150 ლარს იხდის. ჩემი აზრით, თუ ზღვარი დადგინდება და პირობითად, 40-50 კუბურ მეტრ გაზზე დადგინდება დაბალტარიფიანი შეღავათი და ოჯახმა 10 კბ. მეტრი დახარჯა მაისში, დარჩენილი მოცულობის გადანახვა უნდა შეეძლოს ცივი თვეებისთივს. ამ შემთხვევაში, მივიღებთ ყაირათიანობას, თანაც სამართლიანობაც შენარჩუნდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ გერლიანმა. 

კითხვაზე, შენარჩუნდება თუ არა გაზის ტარიფი მიმდინარე წელს, გერლიანმა გვიპასუხა, რომ სავარაუდოდ, წელს არაფერი შეიცვლება, თუმცა ტარიფის გადახედვის აუცილებლობა დღის წესრიგში მაინც დადგება, ინფლაციური პროცესიდან გამომდინარე.   

„ყველაფერზე იზრდება ფასი. გაზიც იგივე საქონელია და გაძვირება დგება დღის წესრიგში. მიუხედავად ამისა, ამ კონკრეტულ ვითარებაში, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაზის ტარიფის გაზრდის აუცილებლობა მწვავედ არ დგას, რადგან მადლობა ღმერთს, ლარის კურსი სტაბილურია გარეგანი ფაქტორების გამო - ირანსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბევრი ვალუტა შემოდის და ეროვნული ვალუტა მყარდება“, - დასძინა „რეზონანსთან“ რამაზ გერლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×