
საქართველოს ავტოიმპორტიორებისთვის ბიზნესგარემო კიდევ უფრო რთულდება. 16 ნოემბრიდან რეექსპორტის ღირებულება გაიზარდა. დაწესებულმა ახალმა გადასახადმა კომპანიებს მთლიანი ხარჯი თითქმის ორჯერ გაუზარდა. შედეგად, იმპორტიორები უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ ბაზარზე უკვე პრობლემა გაჩნდა. გადატვირთული ტერმინალები და რეალიზაციის მკვეთრი ვარდნა აჩენს რისკს, რომ თუკი მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა, ბაზრის გადაჯერდეს და ფასის მორიგი ვარდნაც დაიწყოს.
16 ნოემბრიდან ავტოიმპორტიორებს ყოველ რეექსპორტირებულ ავტომობილზე დამატებით 450 ლარის გადახდა მოუწევთ. აქამდე რეექსპორტის პროცედურისთვის თანხა, დაახლოებით 600 ლარი, მხოლოდ მომსახურების სააგენტოში ირიცხებოდა, ახალი დადგენილებით კი ამ ხარჯს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურიც ემატება.
კომპანია „ქარლოუდის“ დამფუძნებელი ლევან ლუხავა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და არსებული ვითარება უაროფითად შეაფასა.
,,არავინ იცოდა, რომ აპირებდნენ გადასახადის კიდევ ერთხელ გაზრდას. რვა თუ ცხრა თვის წინ ფინანსთა სამინისტრომ გაძვირებასთან დაკავშირებით უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ისედაც გაიზარდა რეექსპორტის გადასახადი და 16 ნოემბრიდან უკვე გაგვიორმაგეს”, - განაცხადა ლუხავამ.
მისი ინფორმაციით, აპრილის რეგულაციების შემდეგ (როდესაც განბაჟების ტარიფი გაიზარდა) ავტომობილებზე მოთხოვნა და რეალიზაცია, საშუალოდ, 50-60%-ით შემცირდა, ზოგიერთ თვეში კი ვარდნა 80%-საც აღწევს. შედეგად, ავტობაზრობები და ტერმინალები გაჩერებული მანქანებითაა სავსე, დილერებს კი დგომის საფასურის გადახდა უჭირთ.
„რეალიზაცია ნულია, მანქანები ტერმინალზე დგას, დილერები კი დგომის საფასურს ვეღარ იხდიან... საქართველოში ამ ბიზნესის წარმოება უკვე მოგებიანი აღარ არის“, - განაცხადა ლუხავამ "ბიზნეს მედიასთან".
არსებული გამოწვევებისა და არასწორი ნაბიჯების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა, რომ დარგში რეალური განუკითხაობაა, რაც, პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესებზე აზარალებს. როგორც კომპანია ,,რობანი მოტორსის“ დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, რეექსპორტი მკაცრ საერთაშორისო კონკურენციაზეა დამყარებული - თუ ქართული მხარე უცხოელ მყიდველებს კონკურენტულ ფასს ვერ შესთავაზებს, ისინი სხვა ბაზრებზე გადაერთვებიან და ქართველი დილერები ერთიან ჯაჭვიდან სრულად ამოვარდებიან.
,,მსუბუქი ავტომობილების ბიზნესში მთავარი მოგება სწორედ შესყიდვის ეტაპზე იწყება, თუ ეს უპირატესობაც დაიკარგა, პრობლემა გარდაუვალია. მიმდინარე მოვლენები საბოლოოდ ბალანსის დარღვევას - მოთხოვნის შემცირებას და მიწოდების ზრდას გამოიწვევს, რაც ფასწარმო ქნაზეც იმოქმედებს. სექტორების მიხედვით ვითარება განსხვავებული იქნება. კერძოდ, ჩინური ავტომობილების მიმართულება შიდა კონკურენციისა და ზოგადი ტენდენციების ფონზე შესაძლოა, შედარებით გაიაფდეს, ხოლო მაღალბიუჯეტური ავტომობილები, პირიქით, შეიძლება მკვეთრად გაძვირდეს. ცხადია, ყველაფერს სწორი გათვლა სჭირდება. როცა ბიზნესი ასეთ მასშტაბურ ზარალს განიცდის, მერე უკვე ძალების აღდგენა ძალიან გაჭირდება“, - განუცხადა,,რეზონანსს“ ელგუჯა ჯამაგიძემ.
შემოსავლების სამსახურის ახალ გადაწყვეტილებას და გაზრდილ ხარჯებს სექტორის სხვა წარმომადგენლებიც კრიტიკულად აფასებენ. „საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ლაშა დარბაისელი მიიჩნევს, რომ რეექსპორტის გაფორმებაზე დაწესებული 450-ლარიანი მოსაკრებელი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი დარგისთვის დამატებითი წნეხია.
,,რეალურად, პროცედურის ღირებულება თითქმის გაორმაგდა, თუ აქამდე რეექსპორტის სრული ხარჯი დაახლოებით 600 ლარს შეადგენდა და მხოლოდ მომსახურების სააგენტოში ირიცხებოდა, ახლა ამას შემოსავლების სამსახურის ახალი საფასურიც დაემატა. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება იმპორტიორებზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია ისედაც გამძაფრებულია.
გაზრდილი ხარჯების გამო, ქართველი ავტოიმპორტიორები ერთიანი ჯაჭვიდან ამოვარდებიან, რადგან უცხოელ მყიდველებს ჩვენი ფასი აღარ დააინტერესებთ. შედეგად, რეექსპორტზე გასაყვანი ავტომობილების დიდი ნაწილი ქვეყანაში დარჩება, შიდა ბაზარი გაჯერდება და შესაძლოა, ამ პროცესს ადგილობრივ ბაზარზე ფასების ვარდნაც მოჰყვეს.
მსგავსი გაუმართლებელი და დაუგეგმავი რეგულაციები საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას სრულად უკარგავს. თუ სახელმწიფომ დროულად არ გადახედა ამ ტარიფებს, პროცესები ისეთი მიმართულებით წავა, რომ საბოლოოდ ავტობიზნესს საერთოდ დავკარგავთ“, — აღნიშნა ლაშა დარბაისელმა ,,რეზონანსთან“.
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი იკლებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, ავტომობილების განბაჟების გაძვირებიდან, ანუ 2026 წლის 1-ლი აპრილიდან მოყოლებული ავტოინდუსტრიის ჯამურმა დანაკარგმა, იმპორტისა და ექსპორტის კლების გათვალისწინებით, თითქმის 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.