
ტურისტულ სექტორში ახალი კანონის შესაბამისად, 2027 წლის იანვრიდან რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების ამოქმედება იგეგმება. რეგისტრაციის გარეშე ტურისტული საქმიანობის განხორციელებაზე სანქცია - 500 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი 1 000 ლარი იქნება. პარალელურად, კანონი, გიდების სავალდებულო რეგისტრაციას და ბიუჯეტში 1%-იან გადასახადს აწესებს. სპეციალისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა რეალური ეფექტი მკაცრ კონტროლსა და არალეგალური კომპანიების აღკვეთაზეა დამოკიდებული.
სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები მიესალმებიან ახალ რეგულაციებს, რომელიც ადგილობრივებს იცავს, თუმცა ერთხმად აცხადებენ, რომ სათანადო აღსრულების გარეშე კანონი მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად დარჩება. გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი მამუკა კელაურაძე კანონს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხებს. რეგისტრაციის გარდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანონის მკაცრი აღსრულება და კონტროლი, განსაკუთრებით არალეგალურად მომუშავე უცხოური კომპანიებისა და გიდების წინააღმდეგ.
„ჩვენმა კომპანიამ უკვე გაიარა რეგისტრაცია, პარალელურად კარგი იქნებოდა, ყოფილიყო ლიცენზირების ფორმატიც, რომ უკონტროლოდ არ იხსნებოდეს ტურისტული კომპანიები. სამწუხაროდ, ვისაც არ ეზარება, ყველა შემოდის და აფუძნებს კომპანიებს. მუშაობენ ისე, რომ არც ბიუჯეტში შედის რამე და ქართველებს სამუშაოს ართმევენ.
რაც შეეხება გიდების ამბავს, რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ან ბინადრობის უფლების მქონე პირს. ეს იმთავითვე გამორიცხავს უცხოელი გიდების უკონტროლო შემოსვლას. ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან, ართმევენ საქმეს და სარჩოს ქართველ სპეციალისტებს და რაც ყველაზე ცუდია, დამახინჯებულ ინფორმაციას იძლევიან – ტურისტებიც შეცდომაში შეჰყავთ და მცდარ წარმოდგენებს უქმნიან საქართველოზე. ამიტომაც ეს კანონი ქართველი გიდებისთვის კარგია. სამუშაოც უნდა მოემატოთ, თუ გაკონტროლდება უცხოელი გიდების საქმიანობა და მათთვის ეს სტიმული იქნება. აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ მცირე მეწარმეებად და მხოლოდ 1% იქნება გადასახადი, რაც ყველასთვის კარგია.
ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა, არ დაიკარგება, რადგან მათზე დიდი მოთხოვნაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ ენებში პრობლემა მართლაც გვაქვს. პრობლემაა ჩინური, აღმოსავლეთ ევროპის (მაგალითად, პოლონური, უნგრული) და ბალტიისპირეთის ენების მცოდნე გიდები. მაინც ვფიქრობ როგორღაც განვითარდება სამომავლოდ ბაზარი, ის თავად დაარეგულირებს სიტუაციას. უნდა აღინიშნოს, რომ კარგი გიდი ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: ენა, პიროვნული თვისებები, შინაგანი კულტურა, ისტორიისა ცოდნა – ამიტომ ბევრი წელი სჭირდება, რომ უმაღლეს კატეგორიას მიაღწიო. მთლიანობაში, მიმდინარე პროცესს ძალიან დადებითად ვუყურებ და იმედი მაქვს, ეს კანონი სფეროში წინგადადგმული ნაბიჯი მაინც იქნება," - განუცხადა ,,რეზონანსს" კელაურიძემ.
მისი აზრით, კარგი იქნება, თუ კანონი შეეხება უცხოურ კომპანიებსაც, რომლებიც ძალიან მომრავლდნენ. დღეს, ფაქტობრივად, ვინც ჩამოდის, ყველას აქვს საკუთარი კომპანია და ადგილობრივების გარეშე ახერხებენ ბაზარზე ოპერირებას, რაც ძალიან ცუდია შიდა ბაზრისთვის.
,,ტუროპერატორებთან მიმართებით სხვანაირი სპეციფიკაა. უცხოური კომპანიები უპრობლემოდ ოპერირებენ ბაზარზე და ეს ხარვეზიც გამოსასწორებელია. მათ ჩვენგან არაფერი სჭირდებათ. ჰყავთ თავიანთი ტრანსპორტი და მძღოლიც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია გიდებს ეკრძალებათ მუშაობა რეგისტრაციის გარეშე, ისინი მაინც ახერხებენ ამას. მაგალითისთვის, ჩინელი გიდები უპრობლემოდ მუშაობენ ჩვენს ბაზარზე. თუ ასე ყველას მივცეთ იმის საშუალება, რომ იმუშაონ, მაშინ ამ კანონის ამოქმედებას რა მნიშვნელობა აქვს?
უნდა დაიწყოს მკაცრი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება ის გარემო, რაც ამ კანონმა უნდა შექმნას. ამიტომ მუდმივი კონტროლი უნდა მიმდინარეობდეს. თუ კანონი, უბრალოდ, ფორმალურად ამოქმედდა, მაშინ შედეგი ვერ დადგება და ვერც დარგი განვითარდება. უკვე დიდი ხანია ქაოსია და დღეს ვისაც არ ეზარება, ყველა ტურისტულ კომპანიას ხსნის, რაც ბაზრისთვის სახიფათოა,“ - განუცხადა "რეზონასსს" კელაურაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის ვალდებულება ბაზრის დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სფეროში კვლავ რჩება ფუნდამენტური სისტემური გამოწვევები. როგორც ტურიზმის დარგის ექსპერტმა, პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ აღნიშნა, კანონთან ერთად აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს კადრების გადამზადებაზე, პროფესიულ განათლებაზე, ბაზრის კვლევასა და იშვიათი ენების მიმართულებით არსებული დეფიციტის აღმოფხვრაზე.
„ძალიან ძნელია უშველო იმ საქმეს, რაც თავიდანვე მიუშვეს. მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო გიდის საკითხები: სად ისწავლოს, რა მიმართულებითაა მოთხოვნა, რომ ჩვენმა გიდებმა ბაზრის ათვისება შეძლონ. ეს საკითხი სახელმწიფოს მოგვარებული ახლაც არ აქვს. უნდა იყოს გაწერილი, რა განათლება უნდა მიიღონ გიდებმა და როგორ აითვისონ ბაზარი. ტრენინგებიც შესაბამისად უნდა ტარდებოდეს. ამდენად სფეროში პრობლემები უხვადაა.
არის იშვიათი ენები, რომელზეც მოსაუბრე გიდებიც ჩვენ არ გვყავს ან თითზე ჩამოსათვლელია. ამიტომ აუცილებელია სფეროს განვითარება და ხელშეწყობა. არის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები აქტიურად შემოდიან, თუმცა ქართველ გიდებს არ შეუძლიათ ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე მათი მომსახურება. ეს ცალსახად პრობლემაა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს ასეთი მიმართულებების ათვისება. ეს ხანგრძლივი პროცესია და ტურისტული კომპანიები ამას მარტო ვერ გაუმკლავდებიან. საჭიროა შესაბამისი ა კადრების გადამზადება.
არის ისეთი ტურისტული ორგანიზაციები, რომლებსაც გიდების გადამზადების უფლება აქვთ და სწორედ ასეთი კომპანიების დახმარებით უნდა შევძლოთ პროცესის წარმართვა. ამიტომ, სფეროს განსავითარებლად ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირება გვმართებს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კვარაცხელიამ.
აღნიშნულ რეგულაციას ჰოტელიერი და სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ კანონი ბაზარს თვითნებური უცხოელი გიდებისგან გაასუფთავებს.
„სრულ უმრავლესობას გვაწუხებდა და გვაწუხებს უცხოელების თვითნებური გიდობა, დამახინჯებული ისტორია, წართმეული სამუშაო ადგილები და დემპინგური ფასები. რა არის საჭირო რეგისტრაციისთვის? პირადობის მოწმობა; დასაქმებულთათვის – კომპანიის ცნობა, ხოლო თვითდასაქმებულთათვის – ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან.
ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელს, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობა, მუშაობა აეკრძალება. საქართველოს მოქალაქეებმა კი მცირე მეწარმის სტატუსით შემოსავალი 1%-ით უნდა დაბეგრონ. აქვე უნდა ითქვას, რომ კანონი შეზღუდავს ჩრდილოვან ეკონომიკას – ვეღარ იმუშავებს ვერც გიდი და ვერც დამსაქმებელი. მოკლედ და მარტივად: კანონი გაცხრილავს უცხოელ გიდებს, ადგილობრივებს მეტი საქმე გამოუჩნდებათ", - განაცხადა მურაჩაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ტურისტულ სექტორში 2026 წლის 1-ელი ივნისიდან გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების სავალდებულო რეგისტრაცია ამოქმედდა, რომლის მიზანიც ბაზრის არალეგალური და თვითნებური კადრებისგან გაწმენდაა, ხოლო 2027 წლის იანვრიდან ბაზაში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობაზე 500-ლარიანი (განმეორებისას 1000-ლარიანი) ჯარიმები დაწესდება.