რეზონანსი
17.11.2026

ნანიკო ხაზარაძე გამომწერებს "გამოუტყდა" იმაში, რომ კვებისადმი მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ აუტისტური სპექტრის მქონეა. მსახიობი და ტელეწამყვანი ვიდეოში ამბობს;

"რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირი ვარ და ახლახან აღმოვაჩინე, რომ ასეთ ადამიანებს, საკვებთან მათი კონკრეტული დამოკიდებულება აქვთ.

ჩემმა ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან, როგორი რთულია ჩემი გამოკვება. რთულია ჩემი სადმე წაყვანა, კაფეში დაპატიჟება, რადგან მე მიჭირს საკვების არჩევა.

მძულს პომიდორი. მაპატიეთ, საკვებზე ამას რომ ვამბობ. იყო დრო, რომ პომიდორს ხელშიც ვერ ვიჭერდი. ხელზე რომ დაგედო, შემეძლო ეს ხელი მომეჭრა და გადამეგდო. თუმცა რომ გავთხოვდი და ბავშვი გავაჩინე, მომიწია პომიდორზე ხელი მომეკიდებინა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის გავსინჯე; თეფშზე რომ პატარა ჩერი პომიდორი დამიდო, არ შევჭამ.

ასეთი დამოკიდებულება მაქვს სხვა პროდუქტების მიმართაც - ბადრიჯნის, სალათების, ხილის, რძის პროდუქტების მიმართ. მოკლედ, ბევრ რამეს არ ვჭამ იმის გამო, რომ არ მომწონს მისი ტექსტურა, ფერი, ფორმა, სუნი და შესაძლებელია, ტემპერატურა.

ასევე ამოვიკითხე, ასეთ პირებს - აუტისტური აშლილობის მქონე პირებს, არაფრით არ შეუძლიათ ერთ თეფშზე სხვადასხვა საკვების დადება. მე არ შემიძლია კარტოფილი, სოუსი და კიდევ სხვა რამ ერთად ვჭამო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი გემო და ისიც, ჩემთვის მისაღები.

ასევე ამოვიკითხე, რომ ჩემნაირ ადამიანებს შერჩევითი რაციონი აქვთ და მათ ძალიან უყვართ ღია ფერის ნახშირწყლები - მაკარონი, პური, კარტოფილი. კითხეთ ჩემს ახლობლებს, რითი ვიკვებები ყოველდღიურად? ჩემი ძირითადი რაციონი კარტოფილი და პურია. იშვიათი გამონაკლისია, რომ მაკარონი ვჭამო და კიდევ უფრო იშვიათი გამონაკლისია, ეს ყველაფერი ჩავანაცვლო ან მათ რაიმე დავამატო.

ფაქტია, რომ საკვებს ჩემი სენსორები თავისებურად კითხულობენ და თავისებურად უკეთებენ ანალიზს, რაღაცები მოსწონთ, რაღაცები - არა", - აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ.

zmna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×