
ევროკავშირი სირიასთან ასოცირების შეთანხმების განახლებისას ერთ-ერთ პირობად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას დააყენებს. მმართველ გუნდში ამას სერიოზულად არ აღიქვამენ, ოპოზიცია კი ინიციატივას მიესალმება. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების პასიურობისა, გამორიცხული არაა სირიამ ევროკავშირს ანგარიში გაუწიოს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის თქმით, გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა სირიასთან ასოცირების შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით ბევრი წინადადება წარმოადგინეს და ახლა სამუშაო ჯგუფები ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ.
„საბჭოსთან ერთად ვიმუშავებთ განახლებული შეთანხმების შემუშავებისთვის. წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის, ის, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს. ასევე, უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც ასადის რეჟიმის დროს აღიარეს.
- პაატა ზაქარეიშვილი: „სირიამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია - ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა, თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება".
„წევრმა სახელმწიფოებმა ბევრი წინადადება წარმოადგინეს. ასე რომ, ახლა სამუშაო ჯგუფები ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ, თუმცა ჩვენ წინ წავიწიეთ", - განაცხადა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეფასებები
პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ კალაისის წინადადებას მიესალმება.
„მაშინ, როცა „ქართული ოცნების" რეჟიმი აქტიურად ანგრევს საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, საკუთარი ხელით ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას, 2008 წლის ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს და მე, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, სასამართლოს წინაშე მაყენებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გამო, რომლის მიზანიც მცოცავი ანექსიის შეჩერება იყო, საქართველოს ნამდვილი პარტნიორები აგრძელებენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცედ დაცვას", - წერს გახარია.
ამავე საკითხზე განცხადებას ავრცელებს „კოალიცია ცვლილებისთვის", სადაც ნათქვამია, რომ მათი პარტია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გასაუქმებლად.
„გუშინ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება - სამუშაო ჯგუფები დეტალებზე მუშაობენ".
„აღნიშნულით დასტურდება, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საკითხი ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და სამუშაო პროცესიც უკვე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენად შესაძლებელია სირიამ მოთხოვნა დააკმაყოფილოს
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კოფლიქტლოგი, პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ სირიამ ევროკავშირს ანგარიში გაუწიოს.
„გამორიცხული არაა სიარიამ უკან გაწვიოს აღიარება. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ არაღიარებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე მუშაობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც გავლენა აქვთ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც მათ ანგარიშს უწევენ.
„მაგალითად, ამერიკა მუშაობს არა მხოლოდ იმაზე, რომ თვითონ არ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, არამედ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ანგარიშს უწევენ ამერიკას. ევროკავშირიც ასეა. ასევე, ავსტრალია, რომელსაც, მაგალითად, წყნარი ოკეანის სახელმწიფოებზე აქვს გავლენა და ა.შ. ანუ ევროკავშირი მუშაობს ბევრ სახელმწიფოსთან, ვისაც მასთან თანამშრომლობა სურს და უყენებს რაღაც გარკვეულ პირობებს, როგორც ჩვენ გვიყენებენ. ახლა რომ „ქართული ოცნება" ჩივის - პირობებს გვიყენებენო, სირიასაც ასე დაუყენა პირობა.
„ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომ თუ ევროკავშირი ამბობს, მე ვმუშაობ არაღიარებაზე, მაშინ ამ პაკეტში ჩამოწერილ უამრავი საკითხებიდან, შესთავაზოს სირიას და უთხრას - უკაცრავად, თქვენ აღიარებული გაქვთ საქართველოს ტერიტორიის ერთი ნაწილის დამოუკიდებლობა და კარგი იქნება, თუ ამას უარყოფთ. სირიამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია - ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა, თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.