
„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა საქმის არსებით გადაწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს განჩინება ან გასცეს წერილობითი განმარტება, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში განსაზღვრავს მტკიცების საგანს, მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, მტკიცების სტანდარტს და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტებს.
ბიბილაშვილის თქმით, შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით უნდა დადგინდეს ის სტანდარტები, რომლითაც მოპასუხე მხარემ დარჩენილ საპროცესო ეტაპებზე თავი უნდა დაუცვას.
„საქმის არსებით გადაწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს განჩინება ან გასცეს წერილობითი განმარტება, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში განსაზღვრავს: პირველი, მტკიცების საგანს თითოეულ მოპასუხესთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ წინაპირობასთან მიმართებაში. მეორე, მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის გათვალისწინებით. მესამე, მტკიცების სტანდარტს, რაზეც უკვე მოგახსენეთ და ბოლო, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტებს. დადგინდეს შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით აი ის სტანდარტები, რომლითაც ჩვენ ახლა დარჩენილ საპროცესო ეტაპებზე უნდა დავიცვათ თავი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.