თამარ ოყუჯავა
17.11.2026

17 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე ბოლო 24 საათის განმავლობაში რიგით მეორე, მასშტაბური იერიში მიიტანეს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, თავდასხმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი დაზიანდა. ასევე, გზის საფარის ნაწილიც ჩამოინგრა, რამაც სრულად გააჩერა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა.

სამშაბათს შუადღის შემდეგ ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლა აღსდგა, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია საავტომობილო მიმოსვლის საკითხი.

თუკი 16 ნოემბრის პირველი იერიშის შემდეგ ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთ-ერთმა თაღმა დეფორმაცია განიცადა და დაიხარა, მეორე დარტყმა (რომლის დროსაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინული ფრთოსანი რაკეტები „ფლამინგო" და დრონები გამოიყენეს) გადამწყვეტი აღმოჩნდა: ხიდის საავტომობილო ნაწილის ფოლადის მონაკვეთი და სავალი ნაწილი მთლიანად ჩაინგრა და ქერჩის სრუტეში ჩავარდა; დაზიანდა სარკინიგზო ლიანდაგი და სარკინიგზო მიმოსვლა მთლიანად შეწყდა; წყალში ჩავარდნილმა კონსტრუქციებმა ჩახერგა ხიდის ქვეშ გამავალი მთავარი სანაოსნო არხი. სრუტის სიღრმე გემებს ჩაძირული ნამსხვრევების გვერდის ავლის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც შავ და აზოვის ზღვებს (მათ შორის მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებს) შორის ნაოსნობა ფაქტობრივად პარალიზებულია.

მომხდარიდან მალევე ხიდზე ყოველგვარი მოძრაობა აიკრძალა. კომპანია „გრანდ სერვის ექსპრესის" პრესსამსახურის ცნობით, სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის გამო მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და ადლერის მიმართულებით მოძრავი „ტავრიას" სამგზავრო მატარებლები 2.5-დან 4 საათამდე დაგვიანებით მოძრაობენ, ხოლო ხიდის ორივე მხარეს ათასობით ავტომობილის რიგი დადგა.

აღსანიშნავია, რომ ყირიმის ხიდი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ობიექტია. 2018 წელს ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რუსებმა მის დასაცავად განათავსეს საჰაერო თავდაცვის სისტემები - „ეს-400", „პანცირი", „ტორი" და „ბუკი", ასევე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, მობილური საცეცხლე ჯგუფები და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საპატრულო გემები.

შეფასებები და აღდგენის პერსპექტივები

ხიდის დაზიანების მასშტაბებსა და აღდგენითი სამუშაოების სირთულეზე ღიად წერენ თავად რუსი სამხედრო მიმომხილველები. მათი შეფასებით, მიყენებული ზარალი მძიმეა და პრობლემის სწრაფად აღმოფხვრა ვერ მოხერხდება. ერთ-ერთი მათგანი, ბორის როჟინი თავის „ტელეგრამ" არხზე აღნიშნავს, რომ წინ „რამდენიმეთვიანი რემონტია".

რუსულ ავიაციასთან დაკავშირებული არხი „ფაიტერ ბომერი" ხაზს უსვამს, რომ ორი მასირებული იერიშის განმავლობაში უკრაინელებმა ხიდს 100-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც საბოლოოდ მიაღწიეს მთავარ მიზანს - ჩამოანგრიეს თაღოვანი მონაკვეთი, ხოლო უკრაინის საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების ფონზე ობიექტის ფუნქციონირების შენარჩუნება კრიტიკულად გართულდა.

მიუხედავად გავრცელებული კადრებისა, რუსეთის ოფიციალური პირები ზიანის მასშტაბების დაკნინებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უკვე იწყება.

„ყირიმის ხიდთან ჩავედი, დავათვალიერე მისი მდგომარეობა და შევაფასე მიყენებული ზიანი. ასევე, გავმართე კომისიის სხდომა, სადაც დეტალურად განვიხილეთ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ყველა ნაბიჯი. აღდგენითი სამუშაოებისთვის უკვე მობილიზებულია რესურსები, პროექტის ავტორები და სამშენებლო ჯგუფები", - ვკითხულობთ რუსეთის ვიცე-პრემიერის, მარატ ხუსნულინის „ტელეგრამ" არხზე.

ყირიმის ოკუპაციური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დაზიანებების სიმძიმეზე საუბარს თავი აარიდა, მოსახლეობას მხოლოდ ოფიციალური წყაროების ნდობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „სამოქმედო გეგმა ნათელია, საჭირო რესურსები - ხელმისაწვდომი. ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ - ამაში ეჭვი არავის ეპარება".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მადლიერება გამოხატა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ჩართული ქვედანაყოფის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და გენერალური შტაბის მიმართ „უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების საპასუხოდ განხორციელებული უპრეცედენტო ოპერაციისთვის".

„დღეს ყველას შეუძლია დაინახოს შედეგები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენი უკრაინული ყირიმისკენ მიმავალ მთავარ სამხედრო მომარაგების მარშრუტს შეეხო... სისტემა „ფლამინგოს" გამოყენებით, ჩვენმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს; ამასთან, კავშირი უნაკლოდ მუშაობდა დარტყმის ბოლო წამებამდე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×