საჭიროა ხიდების, პანუსების, ესტაკადების მშენებლობა, შუქნიშნების შემცირება და გზებზე გამტარუნარიანობის გაზრდა
ირმა ჩიტაია
16.11.2026

დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად მერის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ - „კენტი და ლუწის ნომრების“ სისტემის ან ფასიანი ზონების შემოღების შესახებ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პრაქტიკა მსგავს მიდგომებს იცნობს, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თბილისში ეს მეთოდი მოსახლეობისთვის დიდი თავისტკივილი იქნება, მით უმეტეს, რომ მრავალი ოჯახისთვის ავტომობილი შემოსავლის ძირითადი წყაროა. 

კრიზისის განსამუხტად შეზღუდვების ნაცვლად ინფრასტრუქტურული ზომებია საჭირო: ქუჩების გამტარუნარიანობის გაზრდა, შუქნიშნების ოპტიმიზაცია, სამოძრაო ზოლების შენარჩუნება და ახალი ხიდებისა თუ პანდუსების დამატება.

ურბანისტი და ინჟინერ-მშენბელი გიორგი შვანგირაძე მიიჩნევს, რომ აკრძალვა რეალურად პრობლემას ვერ გადაჭრის, სანამ საგზაო ინფრასტრუქტურა ფუნდამენტურად არ შეიცვლება.

„რეალურად სულ სხვა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. მაგალითად, ვისაც საშუალება აქვს და გადაადგილება სჭირდება, აუცილებლად შეიძენს მეორე მანქანას სხვა ნომრით და მაინც იმოძრავებს. თუ ახლა მოძრაობა ასპროცენტიანია, ამ კანონის შემოტანის შემდეგ მაჩვენებელი, ვთქვათ, 80–85%-მდე დაიკლებს, მაგრამ სამაგიეროდ, კატასტროფულად გამწვავდება პარკინგის პრობლემა.

რაც შეეხება უბნებში შესვლაზე ფასის კვოტის დაწესებას, ეს საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს გამოიწვევს. საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად მისაღებია მოსახლეობისთვის და მსგავსი შეზღუდვების დაწესება სრულ არეულობას გამოიწვევს. ამიტომაც არც უბნებში ფასიან შესვლას და არც კენტ-ლუწი ნომრების სისტემას აზრი არ აქვს“, - განაცხადა გიორგი შვნაგირაძემ.

მისი შეფასებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. კომუნისტების დროს აგებული გზები ფართო ზოლებით გამოირჩეოდა, ახალი პროექტები კი ვიწროა, თუმცა ზოგჯერ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებს - იმ პირობით, თუ ზოლების რაოდენობა არ მცირდება. პრობლემა სწორედ მაშინ იქმნება, როცა გზები ვიწროვდება. გარდა ამისა, მოქალაქეებს ერთი სანაპიროდან მეორეზე გადასასვლელად დიდი დროის დახარჯვა უწევთ.

„ხიდები, რაც ახლა გვაქვს, ერთმანეთისგან ძალიან არის დაშორებული, რაც არაკომფორტულია. შესაძლებელია, ამ გზებს მოკლე ესტაკადური სახე მიეცეს, რაც ქალაქს საგრძნობლად განტვირთავს. არის ისეთი ადგილებიც, რომლებიც დიდ გზას ან სანაპიროს უერთდება - იქ ზედმეტი შუქნიშნები არ უნდა იყოს, რადგან ისინი თავისთავად ქმნის საცობებს და ტრაფიკს ამცირებს. ასეთ ადგილებში პანდუსები უნდა მოეწყოს ან შუქნიშნები გაუქმდეს და გზები ალტერნატიულად გადაგეგმოს, როგორც ეს კოსტავასა და პეკინის ქუჩების შემთხვევაშია. იქ მოძრაობა შედარებით განტვირთულია, ვიდრე სხვა უბნებში“, - აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ.

სპეციალისტის შეფასებით, ინფრასტრუქტურის მოწყობა დიდ ფინანსურ რესურსსა და დროს მოითხოვს. ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ეტაპობრივად აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

„ეს ყველაფერი ფინანსურად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამხელა პროექტის ერთბაშად განხორციელება ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერი ნაწილ-ნაწილ უნდა გაკეთდეს. ამიტომ შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც გამოიყოს სახსრები და მოეწყოს. მართალია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქალაქი განიტვირთება.

ამ ეტაპზე ჩვენი შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ქალაქის ესტაკადებით დატვირთვა, შუქნიშნების მაქსიმალურად შემცირება და გამტარუნარიანობის გაზრდა. აუცილებელია, რომ სანაპიროზე შუქნიშნები არ იყოს, სადაც ამის აუცილებლობაა, ესტაკადა უნდა მოეწყოს. ამ ყველაფრის არარსებობა მანქანების გამტარუნარიანობას ამცირებს და საცობებს ქმნის, რაც შემდგომში ჯაჭვურად გადაეცემა მთელ ქალაქს,“- განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი შვანგირაძემ.

სატრანსპორტო რეგულაციების მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრისას, ურბანისტი ირაკლი იზორია ყურადღებას ამახვილებს იმ რისკებსა და ალტერნატივებზე, რომლებიც თბილისის რეალობაში უნდა გავითვალისწინოთ.

„კენტ და ლუწ სანომრე ნიშნების შემოღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიდგომა არსებობს, თუმცა გლობალური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზგან ამან გაამართლა, ზოგან - არა. შესაძლოა, შეზღუდვა დაწესდეს კონკრეტული საათების მიხედვით, გააჩნია, რამდენად რთული და ინტენსიური მოძრაობაა ამა თუ იმ ლოკაციაზე. ასე, ერთი ხელის მოსმით განცხადება, რომ ამის შემოღებით საცობები განტვირთება, მცდარია. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს შეზღუდვა შემოიღეს, სოციალური უთანასწორობის პრობლემა გაჩნდა. 

ეს მიდგომა ტოკიომ ოლიმპიადის დროს გამოიყენა, მან კარგად იმუშაა, თუმცა ხანგრძლივმა გამოყენებამ აჩვენა, რომ ეს პრაქტიკა არაეფექტურია. შედეგად, ქალაქები ფასიანი ქუჩების სისტემაზე გადავიდნენ, როგორც ეს ლონდონში, შვედეთსა და იტალიაშია - ე.წ. დაბინძურების გადასახადზე. 

აქვე უნდა ითქვას, რომ თუ კონკრეტული ქუჩების კვლევა და მანქანების ნაკადის დათვლა არ მოხდება, ასეთი მეთოდის ერთი ხელის მოსმით დანერგვა შესაძლოა, სხვა პრობლემის წყარო გახდეს და გვერდითა, ქუჩების გადატვირთვა გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არც ერთი ინიციატივაა ასე სასწრაფოდ მისაღები არ არის," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" იზორიამ.

სანომრე ნიშნების შეზღუდვასაც თავისი რისკები აქვს. ამიტომ ეს ძალზე დასაფიქრებელი ინიციატივაა, რომელიც უამრავ ნიუანსსა და სირთულეს შეიცავს. ამიტომაც, ერთადერთ რეალურ ალტერნატივად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განითარებას მიიჩნევს. 

,,მაგალითად, შესაძლოა ოჯახი განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყოს და მანქანის გადაადგილების გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნდეს. ასევე, პრობლემები შეექმნათ შშმ პირებსაც. ამიტომ ეს ძალზე დასაფიქრებელი ინიციატივაა.

ჩვენი ქუჩები უკვე დაპროექტებულია და ამას ძირითადად ვეღარ შევცვლით, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური განვითარება მიმაჩნია. აუცილებელია, მოქალაქეებს  კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შევთავაზოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კერძო ავტომობილებით მასობრივი გადაადგილება,“ - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" იზორიამ. 

ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა ან ახალი რეგულაცია ნაჩქარევად, საფუძვლიანი წინასწარი კვლევების გარეშე, მოსალოდნელ შედეგს ვერ მოიტანს და შესაძლოა, არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაააღრმავოს. „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებლის გიორგი ჯაფარიძის, აზრით სანამ ქალაქში სამშენებლო პროცესები არ გაკონტროლდება და ინფრასტრუქტურა არ განვითარდება, ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ სოციალურ უთანასწორობას გაზრდის.

„არ იშლება ქალაქი, არ ემატება ესტაკადები და მეტროსადგურები. ეს ყველაფერი თუ არ გაკეთდება და თუ ასეთი ქაოსური განაშენიანება გაგრძელდება, შედეგი იქნება ნული. იმ შემთხვევაში, თუ თბილისში მსგავს შეზღუდვებს შემოიღებენ, საბოლოოდ გამოვა ის, რომ ვისაც საშუალება აქვს იყიდის მეორე ავტომობილს. მივიღებთ უფრო მეტ ტრანსპორტს და მუდმივად დაკავებულ საპარკინგე სივრცეებს“, - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ძველი თბილისისა და სხვა უბნების მაგალითზე, სადაც ინტენსიური განაშენიანება არ წყდება, ფასიანი ზონების ევროპული პრაქტიკის გადმოტანა შედეგს ვერ გამოიღებს - შესაძლოა, მცირე ეფექტი მხოლოდ თავიდან იყოს, საბოლოოდ კი მაინც ქაოსი მივიღოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×