თამარ ოყუჯავა
16.11.2026

ევროკავშირის გაფართოების პროცესმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დინამიკური ფაზა შეიძინა. ბრიუსელში გამართული „ევროკავშირის გაფართოების ფორუმის" გახსნაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ბლოკი გაფართოების რეალური პერსპექტივის წინაშე დგას.

„მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასკვნით ეტაპს უახლოვდება. ალბანეთი შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს. მოლდოვა და უკრაინაც, უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, წარმატებით მიიწევენ წინ ევროპული გზით. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

„გასული წლის განმავლობაში ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი საშუალებას გვაძლევს, გაფართოების შესახებ დანაპირები რეალობად ვაქციოთ. ჩვენ ახლა წარვადგენთ საორიენტაციო საგზაო რუკებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე მეტი პროგრესი აქვთ",- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებები ეფუძნება ევროკომისიის მიერ 2026 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ „გაფართოების პაკეტს", რომელშიც ბრიუსელმა პირველად წარმოადგინა კონკრეტული საგზაო რუკები ოთხი ყველაზე დაწინაურებული კანდიდატი ქვეყნისთვის.

ევროკომისიის ოფიციალური შეფასებებითა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებებით, გაფართოების პროცესს ოთხი ქვეყანა ლიდერობს, რომელთაგან თითოეულს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების მკაფიო სამიზნე ვადები აქვს განსაზღვრული.

ლიდერი ოთხეული და საქართველო

ევროკომისიის შეფასებით, წლევანდელი პაკეტი აჩვენებს, რომ თანმიმდევრულ რეფორმებს ევროკავშირის წევრობისკენ კონკრეტული პროგრესი მოაქვს, რასაც მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვასა და უკრაინის მაგალითი ადასტურებს. კომისიამ ამ ოთხი ყველაზე დაწინაურებული კანდიდატი ქვეყნისთვის წარადგინა „საორიენტაციო საგზაო რუკები", რომლებიც მომავალი წლის კონკრეტულ სამიზნეებსა და ეტაპებს განსაზღვრავს.

მონტენეგრო

ევროკომისიის „2026 წლის გაფართოების პაკეტის" ოფიციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, მონტენეგრომ გაწევრიანების გზაზე „შესანიშნავ პროგრესს" მიაღწია და დღეისათვის დროებით დახურული აქვს 21 მოსალაპარაკებელი თავი. წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემთხვევაში, ქვეყანას შეუძლია დარჩენილი თავები მიმდინარე წლის ბოლომდე დახუროს. ბრიუსელში უკვე მიმდინარეობს მუშაობა მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულებაზე, ასევე მიღებულია საბჭოს დასკვნები ქვეყნის გაწევრიანების ფინანსურ პაკეტთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ „მონტენეგრო გაწევრიანების პროცესის დასკვნით ეტაპთან ახლოსაა".

ალბანეთი

საანგარიშო პერიოდში ალბანეთმა გახსნა ბოლო დარჩენილი კლასტერი და დააკმაყოფილა შუალედური კრიტერიუმები კანონის უზენაესობის თავებში, რამაც გზა გაუხსნა ოთხი თავის დროებით დახურვას. ევროკომისია აღნიშნავს, რომ რეფორმების ტემპის შენარჩუნება და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რათა ქვეყანამ მიაღწიოს თავის „ამბიციურ, თუმცა მიღწევად მიზანს - დაასრულოს გაწევრიანების მოლაპარაკებები 2027 წლისთვის".

მოლდოვა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოთხი კლასტერის გახსნით მოლდოვა სტაბილურად მიიწევს წინ. კომისიის შეფასებით, კიშინიოვმა უკვე შეასრულა ყველა დარჩენილი კლასტერის გასახსნელად საჭირო პირობები, გაააქტიურა კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სამართალთან და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ფუნდამენტური საკითხების კლასტერში. დოკუმენტის თანახმად, რეფორმების არსებული ტემპის შენარჩუნება ქვეყანას საშუალებას მისცემს, განახორციელოს თავისი „ამბიციური, მაგრამ მიღწევადი მიზანი - დახუროს გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლის დასაწყისისთვის".

უკრაინა

რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, უკრაინა ევროპული გზის ერთგული რჩება. ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანამ ოთხი კლასტერი გახსნა და კომისიის შეფასებით, ასევე აკმაყოფილებს პირობებს ყველა დარჩენილი კლასტერის გასახსნელად. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუციური ჩარჩო კვლავ ეფექტიანია და სპეციალიზებული უწყებები დამოუკიდებლად მუშაობენ. ბრიუსელი კიევს მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და ეროვნული უმცირესობების სამოქმედო გეგმის მიმართულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს თავისი „ამბიციური მიზნის მიღწევა - დახუროს გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე".

მაშინ, როცა ლიდერი ოთხეული წევრობისკენ კონკრეტული საგზაო რუკებით მიიწევს, ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში კრიტიკულადაა შეფასებული სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, თურქეთისა და საქართველოს მდგომარეობა.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და კომისიის მიერ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ სახელით, ძალაში რჩება.

„თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო კვლავ დაკარგავს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესის სარგებელს. ევროკავშირის დიდი ხნის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ", - აღნიშნულია ევროკომისიის „2026 წლის გაფართოების პაკეტის" ოფიციალურ ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×