თამარ ოყუჯავა
16.11.2026

უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების ფორმატი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს. აბუ-დაბიში გამართული რაუნდის შემდეგ, სადაც პროცესი აშშ-ის ჩართულობით მიმდინარეობდა, დღის წესრიგში მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის დაბრუნების საკითხი დადგა. ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ კონკრეტულ მექანიზმზე, რომლითაც კონტინენტი საკუთარ და უკრაინის ინტერესებს დაიცავს.

13 ნოემბერს დუბლინში გამართულ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებაში ევროპას წარმოადგენს ე.წ. E5 ჯგუფი (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი) ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკომისია და ევროპული საბჭო) ერთად ამ ფორმატის ამოქმედება დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ევროპა მჭიდროდ ჩაერთვება ამ პროცესში E5 + ევროკავშირის ფორმატის მეშვეობით. ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას", - ვკითხულობთ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტში.

ეს ფორმატი ბოლო თვეების განმავლობაში უკვე იკვეთებოდა, თუმცა, საკითხი მას შემდეგ გახდა უფრო აქტუალური, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, გადაწყვიტონ, ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებაზე. ამას დაემატა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებაც, რომელმაც აბუ-დაბის შეხვედრის შემდეგ დაადასტურა მხარეთა მზაობა შემდეგ რაუნდში ევროპის ჩართვაზე, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ევროპას ერთიანი წარმომადგენელი არ ჰყავდა.

„ევროპამ ერთიანი და მკაფიო ხმით უნდა ისაუბროს ყველა იმ განხილვისას, რომლებიც უკრაინის მომავალსა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს. საბოლოო ჯამში, ეს გუნდური მუშაობაა", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასწორზე დევს არა მხოლოდ უკრაინის მშვიდობა, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოება: „ეს ჩვენი მომენტია. პოლონეთი საკვანძო როლს შეასრულებს".

ოფიციალური მოსკოვი ამ ინიციატივას სკეპტიციზმითა და ირონიით პასუხობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ევროკავშირის სურვილს, შეუერთდეს მოლაპარაკებებს, დაგვიანებული მცდელობა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორმატის შესაძლო ცვლილების მიუხედავად, კრემლის პოზიცია უცვლელი რჩება.

„ისინი ალბათ ხვდებიან, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა", - აღნიშნა ლავროვმა და დასძინა: „მოლაპარაკებების ხაზი ისე იქნება აგებული, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა იყოს შესაძლებელი. ეს მიზნები პრეზიდენტმა 2024 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და მას შემდეგ არასოდეს შეცვლილა".

აბუ-დაბიში რუსეთის მთავარი მომლაპარაკებლის, ვლადიმერ მედინსკის, თქმით „გაურკვეველია, რაზე შეიძლება იყოს საუბარი" ევროპასთან. კრემლში აცხადებენ, რომ გაფართოებულ ფორმატზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროპის „რეალურ განზრახვებში" დარწმუნდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×