
„ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ზოგჯერ თავადვე აძლევენ ბრალდებას ხელსაყრელ არგუმენტებს. ამის მაგალითად უმრავლესობის წევრს, არჩილ გორდულაძეს, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ანა წითლიძის, 13 ნოემბრის გამოსვლა მოჰყავს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ განცხადებებში ზედმეტად ფრთხილი უნდა იყოს.
თავის მხრივ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ შეიძლება ერთიან ორგანიზმად განიხილებოდეს სხვადასხვა იდენტობის, წარსულისა და მომავლის ხედვის პარტია და რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს პირველივე დღიდან ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილება აქვს მიღებული".
უმრავლესობის დეპუტატის არჩილ გორდულაძის შეფასებით, ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის პარასკევის გამოსვლა და მოსამართლეების შეკითხვებზე გაცემული პასუხები საკმარისი იქნებოდა იმის დასასაბუთებლად, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აკრძალვას იმსახურებს. კერძოდ, როდესაც მოსამართლემ წითლიძეს ჰკითხა, რას უჭერდა მხარს 4 ოქტომბერს, მან განაცხადა, რომ „ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია და ხელისუფლება არალეგიტიმურია, მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისა და ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობის დაკავების უფლება აქვთ". წითლიძემ 20 ივნისის აქციაზეც განაცხადა, რომ „ანტისაოკუპაციო აქციებს არ ემიჯნებიან". სწორედ ამ და სხვა განცხადებებში ხედავს „ქართული ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ არგუმენტებს. თუმცა, ჩნდება საპირისპირო კითხვაც - ხომ არ აძლიერებს თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები და პოზიციები ოპოზიციის არგუმენტებს?
რას ამბობენ მმართველ პარტიაში
საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნების" პოზიციების დამცველმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში სასამართლო სხდომებზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ფაქტების წინააღმდეგ წასვლა და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ისმოდა.
„კვირის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა და დარბაზმა აიტანა ფაქტების წინააღმდეგ წასვლა, აბსოლუტური ტყუილი, სამართლებრივი ნონსენსი, მიხეილ სააკაშვილთან „ნაცმოძრაობის" გამიჯვნა, „გახარიელებისა" და „ლელოელების" მიერ „ნაცების" დაცვა - ამ ყველაფრის ატანა თუ შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ადამიანი. მაგრამ რა ვქნათ, როდესაც შენ შეგიძლია კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელო და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარი თქვა და ამავდროულად იყო უცხო ძალის აგენტი, მათ შორის ამ ყველაფერს კი შეძლებ. ეს არის ერთი შეჯამება, მათ შორის, იმ „ტოპ ტვინებითა" და „განსაკუთრებული ინტელექტითა" და „გამორჩეული ადამიანებითა და პროფესიონალიზმით" - ქალბატონი ანა წითლიძე, როგორც ამბობდა დღეს, გუშინ და ამ კვირის განმავლობაში, ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" 2004-2012 წლებში არ ყოფილა ხელისუფლებაში.
- არჩილ გორდულაძე: „ანა წითლიძის მხოლოდ დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა" ასაკრძალი".
„მომავალი კვირიდან გაგრძელდება მოსამართლეების შეკითხვებით სხვა „ნაცპარტიებთან", მაგრამ, დარწმუნებული ვართ, რომ იმავეს ვიხილავთ, რასაც ვუყურებდით „ნაციონალური მოძრაობის" პასუხების შედეგად, მათ შორის, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენელს ეწინააღმდეგებოდა. ანა წითლიძის მხოლოდ დღევანდელი გამოსვლა და პასუხები რომ ყოფილიყო, მარტო ამ გამოსვლის გამო არის „ნაციონალური მოძრაობა" ასაკრძალი, იმიტომ, რომ ყოველ ნათქვამზე ამტკიცებდა, რომ მისი და მისი პარტიის ნამოქმედარი არ არის ანტიკონსტიტუციური, სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს თავი რომ დავანებოთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ამდაგვარი განცხადებისგან ზედმეტად ფრთხილი უნდა იყოს, რათა ხელისუფლებას არ მისცეს სალაპარაკო.
„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ასეთ განცხადებებში ზედმეტად ფრთხილი უნდა იყოს, რათა არ მისცეს პროპაგანდას საშუალება, რომ მათი განცხადება გამოიყენოს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ. აქ ერთი ფაქტორია - როგორც ჩანს, ოპოზიცია უკვე შეგებულია და ისედაც საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც „ქართულ ოცნებას" სჭირდება. ამიტომ, რომ გითხრათ, რომ ამ განცხადებებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი წარმოებისთვის, რა თქმა უნდა არა. ოპოზიციამ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პარტიები აკრძალოს. მაგრამ მნიშვნლობა აქვს, რა თქმა უნდა, პროპაგანდისთვის და ამას უნდა გაუფრთხილდეს ოპოზიცია", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ოპოზიცია განცხადებებში ზედმეტად ფრთხილი უნდა იყოს და ხელისუფლებას პროპაგანდის კარგი საშუალება არ უნდა მისცენ. დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა ესაა".
დამატებით კითხვაზე, ზოგ შემთხვევაში პირიქით ხომ არ ხდება და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ოპოზიციის პოზიციებს ხომ არ ამყარებს პროცესზე, ძაბირაძემ გვიპასუხა, რომ ეს პროცესი „თავისთავად აბსურდია".
„ეს, რაც დღეს სასამართლო პროცესზე ხდება, თავისთავად აბსურდია. პროცესი ძალიან მაგონებს თავის დროზე თვითმფრინავის გატაცებაზე ბიჭების პროცესს. იქ სასულიერო პირს, რომელიც იმ თვითმფრინავში საერთოდ არ იმყოფებოდა, დახვრეტა მიუსაჯეს. დაახლოებით ასეთივეა დღეს. გახარია და „ლელო" - არ არსებობდნენ ასეთი პარტიები „ნაციონალური მოძრაობის" დროს და ცდილობენ მათ ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში მონაწილეობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა დააბრალონ. როცა ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე, იქ ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმე რომელიმეს სერიოზულ არგუმენტაციას გაითვალისწინებს, ეს გულუბრყვილობაა.
„მაგრამ, ასეთი სიტუაციის მიუხედავად, ოპოზიცია განცხადებებში ზედმეტად ფრთხილი უნდა იყოს და ხელისუფლებას პროპაგანდის კარგი საშუალება არ უნდა მისცენ. დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა ესაა", - განაცხადა ძაბირაძემ.