რეზონანსი
14.11.2026

უნგრეთის ხელისუფლებამ, კორუფციის გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღო. თანხის ნაწილი ტყეებში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმის შენობებში, საწყობებსა და სხვა ობიექტებში დამალული, - იუწყება Reuters-ი.

საქმე ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის მიკლოშ სეშტაკის წინააღმდეგ აღძრულ ქრთამის აღების ბრალდებას უკავშირდება, - წერს სააგენტო.

აპრილის არჩევნებში პეტერ მადიარმა ნაციონალისტი ვიქტორ ორბანი, რომელიც ხელისუფლებაში 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, დაამარცხა. წინასაარჩევნოდ მადიარი ამომრჩევლებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და კორუფციის მასშტაბურ გამოძიებას დაჰპირდა. ორბანის მმართველობის პერიოდში ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში დაპირისპირებით ხასიათდებოდა.

ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი და უნგრეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მატოლჩი კორუფციის ბრალდებებით სხვადასხვა გამოძიების ფარგლებში არიან დაკავებული. სამივე მათგანი ბრალდებებს უარყოფს.

როგორც Reuters-ი წერს, ხელისუფლებამ ასევე დააკავა ორბანის ძმა ადამიანებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ეს ნაბიჯი პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა.

ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მემარჯვენე-ცენტრისტმა მადიარმა „ოპერაცია განსაწმენდელი" უწოდა, სამართალდამცველები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო დანაშაულებს იძიებენ. საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ორგანიზაცია Median-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ამ კვირაში გამოცემა HVG-მ გამოაქვეყნა, გამოკითხულთა 70% ამ კამპანიას „ძალიან მნიშვნელოვნად" მიიჩნევს.

„ჩხრეკისას გამომძიებლებმა აღმოაჩინეს დიდი ოდენობით ნაღდი ფული, რომელიც ტყეებში იყო ჩამარხული, ფერმის შენობებში, საწყობებსა და საცხოვრებელ სახლში დამალული, ასევე განმარტოებულ ადგილას მდებარე მაღალი ღირებულების სეიფში შენახული", - განაცხადეს უნგრეთის სახელმწიფო აქტივების ამოღებისა და დაცვის ეროვნულ სამსახურში.

ფინანსთა მინისტრის ანდრაშ კარმანის ინფორმაციით, ამოღებული თანხას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში ბანკნოტების ხუთი მთვლელი აპარატის გამოყენებით ითვლიდა.

ამოღებული თანხა მოიცავს 5,07 მილიარდ უნგრულ ფორინტს (15,33 მილიონი დოლარი), 2,66 მილიონ ევროს (2,93 მილიონი დოლარი) და 1,26 მილიონ დოლარს.

მიკლოშ სეშტაკი 2014-2018 წლებში ორბანის მთავრობის განვითარების მინისტრი იყო. ის ბრალდებას უარყოფს.

მადიარის განცხადებით, ამოღებული ფული იმ „მაფიოზური" სისტემის დასასრულს მოასწავებს, რომელსაც, მისი შეფასებით, ორბანის მემარჯვენე პარტია „ფიდესი" და მისი ქრისტიან-დემოკრატი მოკავშირეები 16 წლის განმავლობაში მართავდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×